ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

973. მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდონ; თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ; რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, მზე მათთანა გააფლიდონ, – მომკლად, ბაზარს სხვა მათებრი ივაჭრონ რა ანუ ჰყიდონ.

974. ფრიდონისებრნი მოყმენი ვინმცა ვინა ვინ ეგებიან! მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტი არ მიხვდებიან; მზე უჩინო იქმს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან, დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი ჰკრთებიან.

975. ცხენთა შესხდეს, გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა; დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სრვასა; ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქი-აქათ იქმან ჯრასა, სთქვეს: “ასეთი ხორიცელი შეუქმნია, ნეტარ, რასა!”

976. ყმა ფრიდონს ეტყვის: “ისწრაფვი, ვიცი, ამბისა თხრობასა, გიამბო, ვინ ვარ, სით მოვალ, ვინათგან ჰლამი ცნობასა, ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა, – იგი ძმად მიხმობს, ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა.

977. “მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით, დიდი სპასპეტი, სახელად მიხმობენ ავთანდილობით, ძე დიდებულთა დიდ-გვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით, საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით.

978. “დღესა ერთსა მეფე შესჯდა, ნადირობას გამოვიდა; მინდორს ვნახეთ ტარიელ, ცრემლთა ჰღვრიდა, ველთა რწყვიდა, გაგვიკვირდა, გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა, ჩვენ გვეწყინა, არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა.

979. “მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და წყრებოდა; მან უჭირველად დახოცნა, ომი არ მისჭირდებოდა, ზოგსა მხარ-თეძო დაჰლეწნა და ზოგსა სული ჰხდებოდა; მუნღა ცნეს, ეტლი მთვარისა რომე არ დაბრუნდებოდა.

980. “მათ სპათაგან ვერ-შეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა, თვით შესხდეს და შეუტიეს ამაყთა და არას მკრთალთა. რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ხრმალთა. ცხენსა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა.

981. “ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავსწამეთ ეშმაურობა. მეფე დაჭმუნდა, დაშალა სმა, ნადიმობა, პურობა. მე ვეღარ გავსძელ მისისა ამბისა არ-დასტურობა, გამოვიპარე საძებრად: მწვიდა ცეცხლი და მურობა.

982. “იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი. მათ მასწავლეს, ხატაველნი ვნახენ მისგან დაკოდილი; ვპოვე ვარდი მოყვითანო, შუქ-მკრთალი და ფერ-მიხდილი, შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი.

983. “ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სრულად გამესისხლებია; მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია; მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არ ახად არ ახლებია, – ვაჲ ჰმართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ჰხლებია.

984. “ქალი მარტო ქვაბსა შიგან ჰზის მტირალი, ცრემლ-ნაწთომი; ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი, მიართვამს და იმით არჩენს იგი, ერთგან ვერ-დამდგომი, მისგან კიდე საჰნახავად არა უნდა კაცთა ტომი.

985. “მე უცხოს უცხო მანატრა მოსმენა სანატრელისა; მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა. რა ჭირნი დასთმნა, ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა, ჰკლავს სურვილი და ვერ-ჭვრეტა მისისა დამმარხველისა.

986. “ვითა მთვარე, დაუდგრომლად იარების, არ დადგების; მასვე ცხენსა შენეულსა ჰზის, აროდეს გარდახდების; არას ჰნახავს პირ-მეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების. ვაჲ მე, მისსა მგონებელსა, ვაჲ მას, ვინცა მისთვის კვდების!

987. “მის ყმისა ცეცხლი მედების, ვტირი ცრემლითა ცხელითა, შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე გულითა ხელითა, მომინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ხმელითა, შევიქეც ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა ბნელითა.

988. “დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა. დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იზახიან მუნ ვასა; გამოვეპარე, დავეხსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა, აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქმ იქით-აქათ ბრუნვასა.

989. “შენი მან მითხრა ამაბავი, მისგან ძმობისა შენისა, აწ მიპოვნიხარ უებრო შენ, საქებელი ენისა; გამომირჩიე, სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა, მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერ-მჭვრეტთა ამაზრზენისა”.

990. აწ ფრიდონ იწვის სიტყვითა მის ყმისა ნაუბარითა; ორნივე სწორად მოსთქმიდეს მოთქმითა საქებარითა, გულ-ამოსკვნილნი გულითა ტირან ვერ-დამთმობარითა, მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა ჰრწყვენ ტევრთა საგუბარითა.

991. ლაშქართა შიგან შეიქმნა ხმა ტირილისა დიდისა, ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა რიდისა. ფრიდონ სტირს, მოსთქვამს ხმა მაღლად, გაყრილი წლისა შვიდისა: “უხანობა და სიცრუვე, ვა, საწუთროსა ფლიდისა!”

992. ფრიდონ მოსსთქვამს: “რა შეგასხათ, ვერ საქებო-ვერ-სათქმელო! ხმელთა მზეო, სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამსხმელო, მოახლეთა სალხინოო, სიცოცხლეო, სულთა-მდგმელო, ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო!