ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

876. “ნუ გამგზავნი გულ-მოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი, ერთხელ შეჯე, ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მხდელი, ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი; მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქმნას შენი საქადელი”.

877. ეხვეწებოდა: “შეჯეო”, აჯას ხვეწნითა არ ვებდა, იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა, ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა; დაიმორჩილა, ეამა, არ ივაგლახა, არ ვებდა.

878. ცხადად უთხრა: “შევჯდებიო, მომიყვანე ცხენი წინა”. მან მოჰგვარა, წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა; მინდორთაკე წაიყვანა, ტანი მჭევრი აძრვევინა, ხანი წარვლეს, სიარულმან მოჯობება დააჩინა.

879. შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა, მისთვის სძვრიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწის ფერთა; მისი სმენა გააყრმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა. მოიშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა.

880. რა შეატყო მოჯობება მან, სევდისა მუფარახმან, განანათლა პირი-ვარდი სიხარულმან დაუსახმან, ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრვა-ახმან; ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მძრახმან.

881. შერასმეჰყვეს საუბარსა, სიტყვა ჰკადრა არ მალული: “ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული, – ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული, რაგვარ გიყვარს, რაგვარ გიღირს? თქვი, დავიღო მერმე სული”.

882. მან უთხრა: “სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა! ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მომცემი ახისა, მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა; არ სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა”.

883. ავთანდილ უთხრა: “ვლამოდი მართ მაგისისა თქმევასა; აწ რადგან გისთქვამს, პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა: სჯობს ასმათისა არ ლევა მაგა სამხრისა ლევასა, ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა.

884. “სამხრე გაბია ოქროსა, ოქრომჭედლისა დნობილი, უასაკო და უსულო, არ სიტყვიერი, ცნობილი; აღარად გინდა ასმათი, ნახე მათალი ბრჭობილი, პირველ, გლახ, მისი ნაჭვრეტი, თვით მერმე შენი დობილი.

885. “თქვენ შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნახმობი დობისა, თქვენი შემყრელი მსახური, შენგან ღირს-ქმნილი ხმობისა, მისი გამზრდელი, გაზრდილი, მისთვის მიხდილი ცნობისა, გლახ, დაგიგდია, არ ჰნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა!”

886. მან უბრძანა: “რაცა გისთქვამს, უმართლე ხარ მეტის მეტად; საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად, მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად; რადგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერდცა რეტად”.

887. დაჰმორჩილდა, გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი; ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი, კბილნი – ვითა მარგალიტნი, ბაგე – ვარდი ნაპობარი; – გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

888. ამას ეტყვის: “შენთვის დავსდებ გონებასა, სულსა, გულსა, მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა; არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა: არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?

889. “არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე, რა გერგების! არ თუ იცი, უგანგებოდ არა კაცი არ მოკვდების? მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დასჭკნების. ბედი, ცდა და გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მოცაგხვდების”.

890. მოახსენა: “ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს– გონიერსა მწრთელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდეს, – მაგრა რა ვქმნა, რაგვარ გავსძლო, მეტის-მეტი რა მიმჭირდეს! შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო, არ მიკვირდეს?

891. “ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს, ამად აენთების, მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს, დაცაშრტების; რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ევარგების, თავიდაღმა რად არ იცი, ჩემი გული რაგვარ დნების!”

892. “რა წამეკიდა, ყველაი წვრილად გიამბო ენითა, მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა; შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა, ქვაბს ვეღარ გავძელ, მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა.

893. “იმა ქედსა გარდავადეგ, იგი შამბნი მომეარნეს; ერთი ლომი, ერთი ვეფხი შეჰკრბეს, ერთად შეიყარნეს; ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს, მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს.

894. “ქედსა გარდავდეგ, ლომ-ვეფხი მოვიდეს ერთგან რებულნი, სახედ ვამსგავსე მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსნეს დებულნი, შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი, ლომი სდევს, ვეფხი მიურბის, იყვნეს არ ჩემგან ქებულნი.

895. “პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს: თვითო ტოტი ერთმანეთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დაჰრიდნეს; გამოჰრიდა ვეფხმან გული, დედათამცა გამოჰრიდნეს, ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.