ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

856. თვალთა ახმადცა ზარ-ედვა, სრულად მიჰხდოდა ცნობასა, მიახლებოდა სიკვდილსა, მოჰშორვებოდა თმობასა. ყმა სახელდებით უყივის, ჰლამის სიტყვითა კრთობასა. ვეღარ ასმინა, გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა.

857. ხელითა ცრემლსა უწურავს, თვალთა ავლებდა სახელსა, ახლოს უჰზის და უზახის მართ სახელდებით სახელსა; ეტყვის: “ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა?” მას არა დია შეესმის რეტსა, თვალ-დაუფახელსა.

858. ესე ყველაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა, – ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან, ცოტადრე მოაცნობილა. მაშინღა იცნა, აკოცა, მოეჭდო, მოეძმობილა, ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, მათებრივ არვინ შობილა.

859. უთხრა: “ძმაო, არ გიტყუვე, გიყავ, რაცა შემოგფიცე, გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე; აწ დამეხსენ, სიკვდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე, მაგრა გვედრებ დამარხვასა, მხეცთა საჭმლად არ მივიცე”.

860. ყმამან უთხრა: “რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქმ ავსა! ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა, ვის უქმნია შენი მზგავსი სხვათა კაცთა ნათესავსა! რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა?

861. “თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა: ჰხამს მამაცი მამაცური, სჯობს რაზომცა ნელად სტირსა; ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქვიტკირსა. თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.

862. “ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ, მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ, – რას წადილსა აისრულებ? ვისთვის ჰკვდები, ვერ მიხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ, თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ?

863. “ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან, ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან? მითხარ, უსახო რა ჰქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან, – არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან?

864. “ვარდსა ჰკითხეს: “ეგზომ ტურფა რამა შეგქმნა ტანად პირად? მიკვირს, რად ხარ ეკლიანი, პოვნა შენი რად არს ჭირად?” მან სთქვა: “ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად; ოდეს ტურფა გაიეფდეს, არღარა ღირს არცა ჩირად”.

865. “რადგან ვარდი ამას იტყვის უსულო და უასაკო. მაშა ლხინსა ვინ მოიმკის, პირველ ჭირთა უმუშაკო? უბოროტო ვის ასმია, რაც ა საქმე საეშმაკო, – რად ემდურვი საწუთროსა, რა უქმნია უარაკო?!

866. “ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე, წავიდეთ ნებასა, ნუ მიჰყოლიხარ თავისა თათბირსა, გაგონებასა, რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა, ასრე არ სჯობდეს, არ გეტყვი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა”.

867. მან უთხრა: “ძმაო, რა გითხრა, ძვრაცა არ ძალ-მიც ენისა, ძალი არა მაქვს ხელ-ქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა, რა ადვილად გიჩნს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა? აწ მივსწურვილვარ სიკვდილსა, დრო მომეახლა ლხენისა.

868. “ამას მოკვდავი ვილოცავ, არ ოდეს ვითხოვ არ ენით: აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით, მუნ ერთმანერთი კვლავ ვნახნეთ, კვლავ რამე გავიხარენით; მო, მოყვარეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით!

869. “საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს, ვით გაწიროს! მისკენ მივალ მხიარული, მერმე მანცა ჩემ-კერძ იროს, მივეგები, მომეგებოს, ატირდეს და ამატიროს, – ჰკითხე ასთა, ჰქმენ გულისა, რა გინდ რა ვინ გივეზიროს.

870. “მართ გარდაწყვეტით იცოდი, გეტყვი მართალსა პირასა: სიკვდილი მახლავს, დამეხსენ, ხანსაღა დავჰყოფ მცირასა: არ ცოცხალ-ვიყო, რას მაქნევ, რა დავრჩე, ხელსა მხდი რასა! დამშლიან ჩემნი კავშირნი, შევრთვივარ სულთა სირასა.

871. “რა სთქვი, რას იტყვი, არ მესმის, არცა მცალს სმენად მაგისად, სიკვდილი მახლავს ხელ-ქმნილსა, სიცოცხლე არის წამისად; აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად, მუნ მეცა მივალ, ცრემლისა მიწად სად გამდის ლამი სად.

872. “ბრძენი, ვინ ბრძენი, რა ბრძენი, ხელი ვითა იქმს ბრძნობასა! ეგ საუბარი მაშინ ჰხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა; ვარდი ვერ არის უმზეოდ; იყოს, დაიწყებს ჭნობასა; მაწყენ, არა მცალს, დამეხსენ, არცაღა ვახლავ თმობასა”.

873. კვლავ ეუბნების ავთანდილ სიტყვითა მრავალ-ფერითა, ეტყვის: “ თუ მოჰკვდე, რას არგებ ქცევითა მაგ ოხერითა! ნუ იქმ, არა სჯობს საქმითა, ნუ ხარ თავისა მტერითა”. ვერ წაიყვანა, ვერა ქმნა სიტყვითა ვერა ვერითა.

874. მერე უთხრა: “აჰა, რადგან არ მომისმენ არას არა, აღარ გაწყენს ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცთარა; თუ სიკვდილი გიჯობს, მოკვე, ვარდი დაჭნეს, დაცამჭნარა! ერთსა რასმე გეაჯები, მიყავ ცრემლი ამად ჰღვარა.

875. “სადა ინდონი ბროლ-ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა, მას მოვეშორვე, წამოვე სიჩქარით, არ სიწყნარითა; ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა, შენ არ შემიყრი, გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვსთქვა რითა?