ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

915. ავთანდილ ეტყვის: “რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა: შენვე სთქვი ეგე სიტყვაო კაცისა ბრძნად სწავლულისა: ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლავ განკურნება წყლულისა? იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!

916. “ღმერთსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით, არღა შეგყარნა, გაგყარნა, ხელი გქმნა ცრემლთა დადენით; სდევს ფათერაკი მიჯნურსა, – გაჭვრიტეთ, გაიცადენით– თქვენ ერთმანერთი არ მიხვდეთ, მე სულნი ამომხადენით!

917. “ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს, რაცა ჭირია, – ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია! – ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია; რაცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო, – უწვრთელი ვირია.

918. “თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმარის სწავლა სწავლად; ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად, მოვახსენე: “რადგან ჩემი შეუქმნია გული ავლად, ვერას ირგებ, არ დავდგები, სხვა ვიუბნო რაღა მრავლად?”

919. “მან მიბრძანა: “მადრიერ-ვარ, კარგად ხარ და მამაცურად, შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად”. მისის კითხვით წამოსულვარ, არ მთვარლ-ვარ და არ მახმურად, აწ შევიქცე, რა უამბო? - “რად, მოველო ჯაბან-ხრდლურად?”

920. “მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი:– მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი; – ვერას ვერ შეიქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი? შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი.

921. “სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა, გწადდეს გულითა ბრძენითა, გწადდეს ცნობითა შმაგითა; მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა, ოდენ გამაგრდი,არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა.

922. “ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მზგეფსა აქა ქვაბსავ მომნახვიდე მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა; ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ-იეფსა, ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა.

923. “ამა დროსა გარდავსცილდე, აქა ქვაბსა არ მოვიდე, ცან, ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკვდე კიდე; ეს ამისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ჰღვრიდე, მაშინ გწადდეს, იხარებდი, გწადდეს, ჭმუნვა გაადიდე.

924. “აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი! მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი; არ, უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი, არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბუნავი”.

925. მან უბრძანა: “აღარ გაწყენ, არცა სიტყვა გამეტადდეს, არ მომისმენ, რაზომიცა საუბარი მიდიადდეს: თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს, – ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს.

926. “რა დაიჯერო, მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა; ჩემთვის ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა; შენ რაცა გისთქვამს, მაგას ვიქმ, მრჯის რაზომც გინდა ხელობა, უშენოდ მომხვდეს, რაღა ვქმნა, არ დია დღეთა გრძელობა!”

927. საუბარი გარდასწყვიდეს, დააპირეს ესე პირი; ცხენსა შესხდეს, მოიარეს, თვითო მოჰკლეს ველს ნადირი; შემოიქცეს, აატირეს გული, კვლავცა ანატირი, ხვალ გაყრისა გონებამან სხვა უმატა ჭირსა ჭირი.

928. ლექსთა მკითხველო, თქვენიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია! გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია; მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკვლელია, ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე როგორ ძნელია.

929. დილა გათენდა, შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს, ტარიელ, ასმათ, ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი ალამნეს; სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს, მათ ლომთა, მიწყივ მხეც-ქმნილთა, თავნი მხეცთავე ალამნეს.

930. ქვაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი, ასმათ სტირს, მოსთქვამს: “ჰე ლომნო, ვისნი ვით მოგთქმენ ენანი! მზემან დაგწვნა და დაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი, ვა ჭირნი ჩემნი ეზომნი, ვა სიცოცხლისა თმენანი!”

931. მათ ყმათა, მუნით წასრულთა, იგი დღე ერთგან იარეს, ზღვის პირს მივიდეს, მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს, არ გაიყარნეს მას ღამეს, კვლავ ცეცხლი გაიზიარეს, ერთმანერთისა შორს ყოფნა იტირეს, იმგლოვიარეს.

932. ტარიელს ეტყვის ავთანდილ: “რუ გახმა ცრემლთა დენისა! რად მოიშორვე შენ ფრიდონ, მომცემი მაგა ცხენისა? მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა ლხენისა, აწ მე მუნ მივალ, მასწავლე გზა ძმად ფიცისა შენისა”.

933. ტარიელ სიტყვით ასწავლის მხარსა ფრიდონის გზისასა, მართ გააგონა, რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა: “აღმოსავლეთით წადიო, პირსა იარე ზღვისასა, თუ ჰნახო, ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა”.

934. თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა, ჰსვეს და ჭამეს, რაცა ჭამა შეჰფეროდა მათსა ჭირსა; მას ღამესა ერთად იყვნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა, – ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა.