ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

1069. დასწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი, მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი, მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი, შემარხეველი, უსტარი შესაჰნახავი, არ ცუდათ დასახეველი.

წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნუროდ მიწერილი.

1070. “ჰე მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად, მით შეგქმნა მოშორვებულთა ჭირთა, არ ლხინთა მწადებლად, ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად, – მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩნს, დასაქადებლად.

1071. “შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან: ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი რად არა შენზედ ჰკრთებიან! შენი შვენება ყვავილთა აჭნობს და ჩემნიც ჰსჭკნებიან, სრულად დამწვარვარ, თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან.

1072. “ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვი თქვენსა ამისსა თხრობასა, მაგრა რა ვირგო, დღე-კრულმან, სრულად გავყრივარ თმობასა, გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა, თუ რას მეწევი, მეწივე, თვარა მივჰხდები ცნობასა!

1073. “მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს, ვცნობდე, გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გგავიდოდეს, მუნამდის გავსძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტჰკიოდეს, სიცოცხლე ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს ნეტარძი, ოდეს!”

1074. ფატმან ხათუნ დასწერა და გაუგზავნა წიგნი მისი; ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა, ანუ თვისი! სთქვა: “არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს ვისსა ვისი, რომე მიმიჩნს სამიჯნურო, რად ვამსგავსო მე მას ისი!”

1075. სთქვა: “ყვავი ვარდსა რას აქნევს, ანუ რა მისი ფერია! მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერდ ტკბილად არ უმღერია. უმზგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია, – რა უსთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!”

1076. ესეგვარი საზრახავი დაუზრახა გულსა შინა; მერმე იტყვის: “ჩემი შემწე ჩემგან კიდე არავინ ა; რასათვისცა გამოჭრილვარ, მისი ძებნა რადგან მინა, რათამცა ვით ვჰპოებ, მას ვიქმ, გულმან სხვამცა რა ისმინა.

1077. “ისი დიაცი აქა ზის, მჰნახავი კაცთა მრავალთა; მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა, ყოველგნით მავალთა; მივჰყვე, მიამბობს ყველასა, რაზომცა ცეცხლი მწვავს ალთა, ნუ თუ რა მარგოს, მე მისი გარდაჰხდა ჩემგან ვცნა ვალთა”.

1078. სთქვა: “დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა, აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა; რაცა იცის, გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა, მიჯობს, მივჰყვე, განღა სადმე ვსცნობ საქმესა დამალულსა”.

1079. კვლავ იტყვის: “ვერვინ ვერას იქმს, თუ ეტლი არ მოსთმინდების, მით რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების; ბინდის გვარია სოფელი, ეს თურე ამად ბინდდების, კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების!”

წიგნი ავთანდილისაგან ფატმანისადმი პასუხად მიწერილი.

1080. „მოგეწერა: “წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება, შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება, შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება, შეყრა არის პირიანი, ორთავეა რადგან ნება”.

1081. ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე; მიუწერა: “კმარის, რაცა უშენომან ცრემლი ვლამე, აწ ვიქმნები თავისწინა, აქა მპოვებ მარტოსა მე, მომისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს, მოდი ღამე”.

1082. მას ღამითვე საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა, შეღამდა და წაცავიდა, სხვა ემთხვია მონა გზასა: “ამას ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთვის მზასა”. მას ეწყინა, არ დაბრუნდა, სთქვა თუ: “ჰგავსო ეგე რასა!”

1083. წვეული აღარ დაბრუნდა, კვლავ ზევე უკუ-წვევითა. ფატმან ჰზის წყენით, შევიდა ავთანდილ მარტო ხე ვითა, დიაცსა წყენა შეატყო, ჰნახა შესლვითა, შევითა, ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა.

1084. ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა, ლაღობა წყლიანი; შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტან-ნაკვთიანი, შემოვლო ახლოს, შემოჰყვა მონა ხრმალ-დარაკიანი, დაჰკრთა, რა ჰნახა ავთანდილ, ჰგავსო თუ გზაა კლდიანი.

1085. ფატმან რა ჰნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა. მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა; უთხრა: “არ გიშლი, დიაცო, ფერთა მი-და-მო კრთოლასა. გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა.

1086. “გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად, მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად: ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად, დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელი-ღა ვრბოდე მე ველად!”