ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

წასლვა ავთანდილისაგან მეორედ გაპარვით და ტარიელის შეყრა.

817. მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება განანათლებს, რა ეახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს, მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს, ჩვენ ვერჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს.

818. აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა: მივა და, მისტირს გულ-მდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა, წამ-წამ მობრუნდის, იასჯდის მისთვის მზისავე მზობასა, უჭვრეტდის, თვალნი ვერ მოჰხსნნის, თუ მოჰხსნნის, მიჰხდის ცნობასა.

819. რა მიეახლის დაბნედად, ვერ ხელჰყვის დაძრვად ენისად, მაგრა ჰსდის ცრემლი თვალთაგან, მსგავსად დიჯლისა დენისად; ზოგჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად, რა გაემართის, არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად.

820. სთქვა: “ჩემო, შენი შორს მყოფი კრულია, ვინცა დადუმდეს, რადგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს, თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს, სჯობს საყვარელსა მოყვარე რაზომცა დაუძაბუნდეს!

821. “მე რა ვქმნა შენად შეყრამდის, ანუ რას ვეჭვდე ლხენასა! თავსა მოვიკლავ მე, თუცა შენგან არ ვეჭვდე წყენასა, მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არსიცოცოხლისა სმენასა, მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა!”

822. იტყვის: “ჰე, მზეო, ვინ ხატად გსთქვეს მზიანისა ღამისად, ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად, ვის გმორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად, ბედსა ნუ მიცვლი, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად!

823. “ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილოსოფოსნი წინანი, შენ მიშველე რა ტყვე-ქმნილსა, ჯაჭვნი მაბიან, რკინანი! ბროლ-ბადახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ, მინანი, მაშინ ვერ გავძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი”.

824. ამას მოთსქმიდის, იწვოდის, ვითა სანთელი დნებოდის, დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის, იარებოდის; რა შეუღამდის, ვარსკვლავთა ამოსლვა ეამებოდის, მას ამსგავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის, ეუბნებოდის.

825. მთვარესა ეტყვის: “იფიცე სახელი ღმრთისა შენისა, შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა, შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა, – მიაჯე შეყრა პირისა, შენგამო შენებრ მშვენისა!”

826. ღამე ალხენდის, დღე სჯიდის, ელის ჩასლვასა მზისასა; რა წყალი ჰნახის, გარდიხდის, უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა, მასთანა ჰრთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა, კვლავ გაემართის, ისწრაფდის წასლვასა მისვე გზისასა.

827. მარტო, მოსთქმიდის, ტიროდის ტანად ალვისა ხიანი, მინდორს თხა მოკლის, სადაცა ადგილი დახვდის კლდიანი, შეწვის, ჭამის და წავიდის პირ მზე, გულ-მარიხიანი, იტყვის: “დავყარენ ვარდნი და, აჰა მე, ვაგლახ, იანი!”

828. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა, რას უბნობდის, რას მოთქმიდის, რას ტურფასა, რაზომ გვარსა; ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა, ბრჭლითა ნახოკარსა; ქვაბნი ნახნა, გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა.

829. რა ასმათმან დაინახა, მოეგება, ცრემლი სწვთების, ვით ეამა, სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიხვდების; ყმა გარდაჰხდა, მოეხვია, აკოცებს და ეუბნების, – კაცი კაცსა მოელოდეს, მოსლვა დია ეამების.

830. ყმა ქალსა ეტყვის: “პატრონი, ნეტარ, სად არის და ვითა?” ქალი ატირდა ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა, ეტყვის: “რა წახვე, გაიჭრა, ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა; აწ მისი არა არ ვიცი არ ნახვით, არ ამბავითა”.

831. ყმა დაჭმუნდა, ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა; ქალსა ეტყვის: “აჰა, დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა, იგი ფიცი ვით გატეხა, არ ვეცრუე, ვით მეცრუა! ვერ იქმოდა, რად მიქადა, თუ მიქადა, რად მიტყუა!?

832. “მე უმისოდ სოფელს ყოფა რადგან ჩირად არ მიღირდა, რად დავიწყდი, რად მივსცილდი, რად ვერ გაძლო, რა მისჭირდა? მან გატეხა ზენარისა რად შემართა, ვით გაპირდა? მაგრა ავის ბედისაგან ჩემი რამცა გამიკვირდა”.

833. კვლავ ქალი ეტყვის: “მართლაც ხარ მაგისსა დამძიმებასა, მაგრა რა გავბრჭო მართალი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა: არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა?– იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა.

834. “გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან: რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან; უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან; შენ არ გინახავს, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან.

835. “შენ უმართლე ხარ, ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა, მაგრა ვით ითქმის, ვით გახდა, ვითა გიამბობ ცნობილსა; ენა დაშვრების, გაცვდების, გულსა შეელმის ლმობილსა, ამას მით ვაზრობ, მიჰნახავს მე უბედურსა შობილსა.