ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

896. “ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: “არა ხარ ცნობასა, შენ საყვარელსა რად აწყენ, ფუ მაგა მამაცობასა!” ხრმალ-გამოწვდილი მივუხე, მივეც ლახვართა სობასა, თავსა გარდავჰკარ, მოცავკალ, დავხსენ სოფლისა თმობასა.

897. “ხრმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა; მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა; მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა, ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა.

898. “რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე, გავგულისდი, მოვიქნიე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე; მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე, სული სრულად არ ამომხდეს, რას გიკვირს, რომ ცრემლსა ვღვრიდე!

899. “აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა; სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად გიკვირდა! სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა”. ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულ-თქნა, აცატირდა.

აქა ტარიელისა და ავთანდილისაგან ქვაბს მისვლა და ასმათის ნახვა.

900. ავთანდილცა მასთანავე ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა; უთხრა: “დათმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი და! ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა; თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა.

901. “სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანაღვლებს, მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს; მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს, გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს”.

902. იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკენ თავნი არნეს; რა ასმათმან დაიჰნახა, განაღამცა გაეხარნეს! მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს, აკოცეს და აცატირდეს, კვლავ ცნობანი ააჩქარნეს.

903. ასმათ სთქვა: “ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა, შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა; გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არ-საქებელო სმენითა! დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!”

904. ტარიელ ეტყვის: “ჰე დაო, მით ცრემლი აქა მდინია, საწურთო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია. ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია. ვა, შენი ბრალი, თვარა და სიკვდილი ჩემი ლხინია!

905. “სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი? მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი! უწყლოობა ჰკლავს და წყალი ჰსდის, არ ოდეს არ გახმობილი! ვა, წარხდა ვარდი ჰპობილი, ვა, მარგალიტი წყობილი!”

906. “ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი: იტყვის: “ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა-მდგმელი? შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი; გითხრამცა ვინ, რა მჭირს ანუ რა ცეცხლი მწვავს, როგორ ძნელი!

907. “ვარდი ამას ვით იაზრებს,მზე მომშორდეს, არ დავჭკნეო, ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო? გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო, ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დალეო”.

908. სული დაიღეს, დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა; ასმათი შეჰყვა, შევიდა, მათებრ სახმილი ჰგზებოდა, დაუგო ტყავი ვეფხისა, რომელ კვლავ მიწყივ ჰგებოდა; ორნივე დასხდეს, უბნობდეს, რაცა მათ ეამებოდა.

909. მწვადი შეიწვეს, შეიქმნა პურობა მზგავსი ჟამისა, მუნ უპურობა პურობა, არ-სიდიადე ჯამისა, მას შეეხვეწნეს: “ჭამეო”, ძალი არ ჰქონდა ჭამისა – დაცოხნის, ლუკმა გატყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა.

910. ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს; მან გაუგონოს, რაცა სთქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს, ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს. დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.

911. მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი, იგი გმირნი, იუბნეს და გააცხადნეს თავ-თავისად მათნი ჭირნი. რა გათენდა, კვლავ დაიწყეს საუბარნი სიტყვა-ხშირნი; ერთმანეთსა გაუგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი.

912. ტარიელ ეტყვის: “რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა: რაცა შენ ჩემთვის გიქნია, ღმერთი მზღველია ვალისა; კმა ზენაარი ზენარად, – არ ნაქმარია მთრვალისა– არ დავიწყება, მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა.

913. “აწ შემიწყალე, ნუ დამწვავ კვლავ წვითა უცხელესითა: მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა. ვერ დაშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა, წადი, დაბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სით ა.

914. “ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად, ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გაჭრილვარ ხელი ველად; რაცა ჰმართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად, აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია, მით ვარ ხელად”.