ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

1032. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა, ნავი ნავსა შეატყუბა, ქარავანსა დაუზახნა. უსამ ჰნახა მხიარული, გაეხარნეს, არ იახნა, ჰკადრა ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა.

1033. ავთანდილის მაქებელად ათასიმცა ენა უნდა, – ვერცა მათ სთქვეს, ნაომრობა, როგორ ტურფად დაუშვენდა; ქარავანმან იზრიალა, სთქვეს: “უფალო, მადლი შენდა! მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა”.

1034. მოეგებნეს, აკოცებდეს თავსა, პირსა, ფერხთა, ხელსა; ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა:– მისი ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა, ვითა ხელსა, — “შენგან დავრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა”.

1035. ყმამან უთხრა: “მადლი ღმერთსა, შემოქმედსა, არსთა მხადსა, ვისცა ძალნი ზეციერნი განაგებენ აქა ქმნადსა, იგი იქმან ყველაკასა, იდუმალსა, ზოგსა ცხადსა, ჰხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა.

1036. “ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნივა სისხლი თქვენი. მე, გლახ, რა ვარ, მიწა ცუდი, თავით ჩემით რამცა ვქმენი? აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი, გავასრულე, რაცა ვთქვენი; ნავი სავსე საქონლითა მიმიღია, ვითა ძღვენი”.

1037. ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გაჰმარჯვებოდეს; ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანა ჰხლებოდეს; მიულოცვიდენ, აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს; ჰშვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ვნებოდეს.

1038. იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ჰნახეს, არ ახვალეს, მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს! მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოცალეს; დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს.

1039. ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა: “შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩვენ ვიცით ჩვენი ცვილობა: რაცა გვაქვს, იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა, რასაცა მოგვცემ, გვიბოძე; გვიქნია აქა ყრილობა”.

1040. ყმამან შესთვალა: “ჰე, ძმანო, წეღანცა მოგისმენია, ღმერთსა შეესმა, ნაკადი, რაცა თქვენ თვალთა გდენია, მან დაგარჩინნა, მე რა ვარ, მე, გლახ, რა მომილხენია! რა გინდა მომცეთ, რას ვაქნევ? მე ვარ და ჩემი ცხენია!

1041. “მე თუმცა რამცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი, ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარ-საგებელი; რას ვაქნევ თქვენსა, რად მინდა? ოდენ ვარ თქვენი მხლებელი; სხვაგან რამე მიც სხვა საქმე თავისა წასაგებელი.

1042. “აწ რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი, რაცა ვის გინდა, წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი, ერთსა ვიაჯი, მიაჯეთ სააჯო არ-საკრძალავი; საქმე რამე მიც თქვენშიგა თავისა დასამალავი.

1043. “ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქვენსა პატრონობასა; “თვით თავადია ჩვენი”, თქვით, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა. მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჩუბაჩობასა; თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა”.

1044. ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს, მეტად დია; მოვიდეს და თაყვანის სცეს, ჰკადრეს: “ჩვენი იმედია; რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯდია; მას ვმსახუროთ, ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია”.

1045. მუნით წავიდეს, იარეს, არ თურე ხანსა ზმიდიან. მიხვდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან; შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან, მას მარგალიტსა, მას ყმასა კბილთავე ფერსა, სძღვნიდიან.

ამბავი ავთანდილისა გულანშაროს მისლვისა ზღვის პირს რომ გავიდა.

1046. ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა. ჰნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა, გვარად უცხონი ყვავილნი, ფერითა ბევრის-ბევრითა, მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონო შენ რითა!

1047. მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა; ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვნა, დასჯდა სკამითა; მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამიზდებულნი დრამითა; იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს და თავსა მალავს ამითა.

1048. მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა ეახლნეს რომელსა. მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა, ელვათა მკრთომელსა, ავთანდილ უხმო, ეუბნა კაცსა არ სიტყვა მცთომელსა: “ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა?

1049. “წვრილად მითხარ ყველაკაი”, ყმა მას კაცსა ეუბნების, “რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების?” ჰკადრა: “ვხედავ პირსა თქვენსა, მზისა პირად მემეცნების; რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების.

1050. “ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა, თვით გულანშაროს ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა; აქ მოდის ტურფა ყველაი ნავითა ზღვა-ზღვა მავლითა; მელიქ სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა.