ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

993. “რა მოგეშორვე, მას აქათ სიცოცხლე მომძულვებია; თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთვის მომსურვებია; შენ უჩემობა ლხინად გიჩნს, მე დია მიმჭირვებია, ოხერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია!”

994. ფრიდონ თქვნა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა; სული დაიღეს, დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა. ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ტურფითა აერ-ფერითა, მელნისა ტბათა მიჯარვით ჰბურავს გიშრისა ჭერითა.

995. ქალაქს შევიდეს, მუნ დაჰხვდა სრა მოკაზმული სრულითა, სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა; მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს რულითა! შეჰფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულ-წასრულითა.

996. შევიდეს და დიდი შექმნეს ჯალაბობა, არ ხალვათი, იქით-აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი! თვით ორნივე ერთგან დასხდეს; ვინმცა ვით სთქვა ქება მათი! ბროლ-ბადახშსა აშვენებდა ზოგან მინა, ზოგან სათი.

997. დასხდეს, შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა, უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მზახალი მზახალსა, მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა, ახალ-ახალსა, მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა, გლახ, ალსა.

998. მას დღე ჰსვეს, ჭამეს, გარდაჰხდა ნადიმი მსმელთა დასისა. გათენდა, ჰბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა, შესამოსელი შეჰმოსეს დრაჰკნისა ბევრ ათასისა, შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა.

999. ყმამან დაყვნა დღენი რამე, თუცა ყოვნას ვერა სთმობდა, ფრიდონს თანა ნადირობას გავიდეს და თამაშობდა, სწორად ჰხოცდის შორს და ახლოს, თუ რას ხელსა მიაპყროდა, მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა.

1000. ყმა ფრიდონს ეტყვის: “გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები: მე შენი გაყრა სიკვდილად მიჩს და მით თავსა ვევნები, მაგრა არა მცალს დღე-კრულსა, ცეცხლი მწვავს მოუთმენები, გზა გრძელი, საქმე სასწრაფო მიძს, დია დავეყენები.

1001. “მართალ არს შენი გამყრელი, თვალთათ თუ ცრემლსა ღვრიდესა, დღეს წაუვალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა; დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქმს, თავსა სწვრთიდესა, სადა გიჰნახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა”.

1002. ფრიდონ უთხრა: “დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის; ვიცი, რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის; წადი, ღმერთი გიწინამძღვრებს, შენი მტერი დაემხობის, მაგრა თქვი, თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის?

1003. “ამას გკადრებ, არ ეგების მარტოსაგან წასლვა შენი; თანა ყმათა წამოგატან, იმსახურენ, იახლენი, აბჯარი და საგებელი, ერთი ჯორი, ერთი ცხენი. არ წაიტან, გაირჯები, ღაწვი-ვარდი, ცრემლთა მდენი”.

1004. მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა, სრული აბჯარი საკაცო ქაფითა, საბარკულითა, სამოცი ლიტრი წითელი აწონით, არ ნაკლულითა, ერთი ტაიჭი უებრო, მით უნაგრითა სრულითა.

1005. ერთსა ჯორსა წვივ-მაგარსა საგებელი აუკიდა; წავიდა და ფრიდონ შესჯდა, მასთანავე გამოვიდა. აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი, სწვიდა, მოსსთქვამს: “თუმცა მზე გვეახლა, ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა!”.

1006. ზარი მის ყმისა გაყრისა გახდა, მიეცნეს წუხილსა. მოატყდეს მოქალაქენი, ლარსა ვინ ჰყიდდა, თუ ხილსა; ხმა ზახილისა მათისა ჰგვანდა აერთა ქუხილსა, იტყოდეს: “მზესა მოვშორდით, მო, თვალნი მივსცნეთ წუხილსა!”

1007. ქალაქი გავლეს, მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა, მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასაჯდომევსა მზისასა, მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა, ფრიდონ უამბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა.

1008. “აქა მათ ზანგთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა, კბილ-თეთრი, ბაგე-ბადახში, სახედავითა შავითა; ცხენი გავქუსლე, გავაგე წაგვრა ხრმლითა და მკლავითა, შორს მჰნახეს, ადრე გამექცეს, ნავი მფრინველე ჩნდა ვითა”.

1009. მოეხვივნეს ერთმანერთსა, გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი, აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი, გაიყარნეს გაუყრელნი ძმად-ფიცნი და ვითა ძმანი, ფრიდონ დადგა, ყმა წავიდა, შემხედველთა მკვლელი ტანი.

წასლვა ავთანდილისა ფრიდონიდამ ნესტან დარეჯანის საძებრად.

1010. ყმა მიმავალი მიუბნობს, მზგავსი მთვარისა სრულისა, – არს თინათინის გონება მისად სალხენად გულისა; იტყვის: “მოგშორდი,ჲსიცრუვე, ვა, საწუთროსა კრულისა! შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა.

1011. “რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირსა სამს ალებისა; რად გული კლდისა ტინისა შემქმნია სამ სალებისა! არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსა ლებისა, შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა”.