ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

895. ავთანდილცა მასთანავე ტიროდა და ცრემლსა ჰღვრიდა; უთხრა: ,,დათმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი და! ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა; თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა.

896. ,,სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანაღვლებს, მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს; მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს, გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს,,.

897. იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკენ თავნი არნეს; რა ასმათმან დაიჰნახა, გაღანამცა გაეხარნეს; მოეგება, მოსტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ჰღარნეს, აკოცეს და აცატირდეს, კვლავ ცნობანი ააჩქარნეს.

898. ასმათ სთქვა: ,,ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა, შენ ხარ სავსება ყოველთა, აგვავსებ მზეებრ ფენითა; გაქო, ვით გაქო, რა გაქო, რა საქებელო სმენითა! დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!,,

899. ტარიელ ეტყვის: ,,ჰე დაო, მით ცრემლი აქა მდენია, საწურთო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია. ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია. ვაჲ, შენი ბრალი, თვარა და სიკვდილი ჩემი ლხინია!

900. ,,სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი, მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი! უწყლოობა ჰკლავს და წყალი სდის, არ ოდეს არ გახმობილი, ვაჲ, წარხდა ვარდი ჰპობილი, ვა, მარგალიტი წყობილი!,,

901. ,,ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი, იტყვის: ,,ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი? შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი; გითხრამცა ვინ, რა მჭირს ანუ რა ცეცხლი მწვავს, როგორ ძნელი!

902. ,,ვარდი ამას ვით იაზრებს,მზე მოჰშორდეს, არ დავჭკნეო! ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო! გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო, ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დალეო.,,

903. სული დაიღეს, დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა; ასმათი შეჰყვა, შევიდა, მათებრ სახმილი გზებოდა, დაუგო ტყავი ვეფხვისა, რომელ კვლავ მიწყივ ჰგებოდა; ორნივე დასხდეს, უბნობდეს, რაცა მათ ეამებოდა.

904. მწვადი შესწვეს, შეიქმნა პურობა მზგავსი ჟამისა, მუნ უპურობა პურობა, არს სიდიადე ჯამისა, მას შეეხვეწნეს, სჭამეო, – ძალი არ ჰქონდა ჭამისა – დასცოხნის, ლუკმა გატყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა.

905. ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს; მან გაუგონოს, რაცა სთქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს, ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს. დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.

906. მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი, იგი გმირნი, იუბნეს და გააცხადნეს თავ-თავისად მათნი ჭირნი. რა გათენდა, კვლავ დაიწყეს საუბარნი სიტყვა-ხშირნი; ერთმანეთსა გაუგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი.

907. ტარიელ ეტყვის: ,,რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა: რაცა შენ ჩემთვის გიქმნია, ღმერთი მზღველია ვალისა; კმა ზენაარი ზენარად, – არ ნაქმარია მთრვალისა– არ დავიწყება, მოყვრობა მოყვრისა წამავალისა.

908. ,,აწ შემიწყალე, ნუ დამწვავ კვლავ წვითა უცხელესითა, – მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა, – ვერ დამშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა, წადი, დაბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სითა!

909. ,,ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად, ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გაჭრილვარ ხელი ველად; რაცა ჰმართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად, აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია, მით ვარ ხელად,,.

910. ავთანდილ ეტყვის: ,,რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა, შენვე სთქვი ეგე სიტყვაო კაცისა ბრძნად სწავლულისა, ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლავ განკურნება წყლულისა? იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!

911. ,,ღმერთსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით, არღა შეგყარნა, გაგყარნა, ხელი გქმნა ცრემლთა დადენით; სდევს ფათერაკი მიჯნურსა,– გაჭვრიტეთ, გაიცადენით,– თქვენ ერთმანერთი არ მიხვდეთ, მე სულნი ამომხადენით.

912. ,,ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს, რაცა ჭირია, ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია! – ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია; რაცა მიწვრთიხარ, იწვართე, –გკადრო, უწვრთელი ვირია.

913. ,,თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმაა სწავლა სწავლად; ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად, მოვახსენე: ,,რადგან ჩემი შეუქმნია გული ავლად, არას გარგებ, არ დავდგები, სხვა ვიუბნო რაღა მრავლად?,,

914. ,,მან მიბრძანა: ,,მადრიელ-ვარ, კარგად ხარ და მამაცურად. შენგან მისა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად,,. მისის კითხვით წამოსრულვარ, არ მთვრალ-ვარ და არ მახმურად, აწ შევიქცე, რა უამბო, რად, მოველო ჯაბან-ხრდლურად?,,