ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

953. მოახსენეს: ,,ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი, მუნ დაგვხვდების მეფე ჩვენი მშვილდ-ფიცხელი, მასხვილ-ხრმალი; აქადამე ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო, ფერად ლალი. ვაჲ, რად დაგვწვენ, უცხო უცხომ, რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი!,,

954. ყმამან უთხრა: ,,მიკვირს, ძმანო, რად ხართჩემთვისგულ-მოკლულნი, ანუ ეგრე ვით გეკეთნესთ ზამთრის ვარდნი ფერ-ნაკლულნი? თქვენმცა მაშინ ვენახენით, ლაღნი ვსხედით, არ საპყრულნი ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით, ჩვენგან სხდიან მხიარულნი,,.

955. იგი წავიდა, დაბრუნდა ყმა გზასა თავის წინასა, ვისი ჰგავს ტანი საროსა და ვისი გული რკინასა; მიაცორვებს და მიუბნობს, მოსთქვამს მისავე ლხინასა, ნარგისნი ჰქუხან, ცრემლსა სწვიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა.

956. ვინც გზას ჰნახნის უცხონი, მსახურებდიან, ყმობდიან, მოვიდოდიან საჭვრეტლად, მას ზედა სტრფიალობდიან, ეძნელებოდის გაშვება, გაყრასა ძლივ დასთმობდიან, გზის ყოლაუზი მისციან, ჰკითხის რა, უამბობდიან.

957. მულღაზანზარს მიეახლა, ადრე დალევს გზასა გრძელსა; მინდორს ჰნახა სპა ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა, ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა, ისვრიან და იზახიან, მხეცთა სჭრიან ვითა მჭელსა.

958. კაცი ემთხვია; მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა, უჰბრძანა: ,,ისი ვისია ხმა ზათქისა და ზარისა?,, მან უთხრა: ,,ფრიდონ ხელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა; იგი ნადირობს, შეუკრავს ნაპირი ველ-შამბნარისა,,.

959. მათ ლაშქართაკენ წავიდა მით უსახოთა ქცევითა; გამხიარულდა, შვენება მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა! მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე ვითა, ჰნახვა მჭვრეტელთა აახლებს, ტანი ლერწამობს ხე ვითა.

960. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა; ყმამან ცხენი შეუტია, გაამაყდა, არ შეშინდა; შესტყორცნა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა; გარდაჰხდა და ფრთენი დასჭრნა, წყნარად შესჯდა, არ აქშინდა,

961. იგი რა ჰნახეს, მესროლთნი სროლასა მოეშლებოდეს, ალყა დაჰშალეს, მოვიდეს, მოეხვეოდეს, ბნდებოდეს, იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყვებოდეს, ვერცა ჰკადრებდეს: ,,ვინ ხარო?,,, ვერცა რას ეუბნებოდეს.

962. მინდორსა შიგან გორი დგა, ფრიდონ მას ზედა დგებოდა; ღირსნი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ჰხლებოდა; მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყვებოდა. ფრიდონს უკვირდა, – ,,რა ქმნესო,,, მისთა სპათათვის წყრებოდა.

963. ფრიდონ მონა გამოჰგზავნა: ,,წა, ნახენო ისი სპანი, რა ჰქმნეს, ალყა რად დაშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი?,, მონა ფიცხლავ მოეგება, ჰნახა სარო, მორჩი ტანი, დადგა, თვალნი გაურეტდეს, დაავიწყდეს სიტყვის თქმანი.

964. ავთანდილ სცნა, თუ: ,,ისია მოამბედ ჩემად რებული. ,,უთხრა:ჰრქვი შენსა პატრონსა ეს ჩემი დავედრებული,– ვარ უცხო ვინმე ღარიბი, სამყოფთა მოშორვებული, ძმად ფიცი ტარიელისი, თქვენს წინა მოგზავნებული,,.

965. მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბისა მისისად, უთხრა: ,,მზე ვნახე მოსული, ჩანს მანათობლად დღისისად; ვაზრობ, იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ჰნახონ ისი სად,– ,,ვარ ძმაო ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად,,.

966. რა ,,ტარიელ,, მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა, თვალთათ ცრემლნი გარდმოსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა, მონაქროლმან ვარდი დაჰზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა; შეიყვარნეს, ერთმანერთი მათგან იქო, არ გაუქდა.

967. ფიცხლავ იგი ქედი ჩავლო , ჩაეგება ფრიდონს წინა, რა შეჰხედა, მან ესე სთქვა: ,,თუ არ მზეო, ისი ვინა?,, მას მეტობდა, რაცა ქება მონისაგან მოესმინა; ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი აფრქევევინა.

968. მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დაჰრიდონ; თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ; რა მჭვრეტელთა იგი ჰნახონ, მზე მათთანა გააფლიდონ, – მომკლად, ბაზარს სხვა მათებრი ივაჭრონ რა ანუ ჰყიდონ.

969. ფრიდონისებრნი მოყმენი ვინმცა ვინა ვინ ეგებიან! მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტი არ მიჰხვდებიან. მზე უჩინო იქმს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან, დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი ჰკრთებიან.

970. ცხენთა შესხდეს, გაემართნეს, ფრიდონისას მივლენ სრასა; დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სრვასა; ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქი-აქათ იქმან ჯრასა, სთქვეს: ,,ასეთი ხორიცელი შეუქმნია, ნეტარ, რასა!,,

971. ყმა ფრიდონს ეტყვის: ,,ისწრაფვი, ვიცი, ამბისა თხრობასა, გიამბო, ვინ ვარ, სით მოვალ, ვინათგან ჰლამი ცნობასა, ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა, – იგი ძმად მიხმობს, ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა.

972. ,,მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით, დიდი სპასპეტი, სახელად მიხმობენ ავთანდილობით, ძე დიდებულთა დიდ-გვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით, საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით.