ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

973. ,,დღესა ერთსა მეფე შესჯდა, ნადირობას გამოვიდა; მინდორს ვნახეთ ტარიელ, ცრემლთა ჰღვრიდა, ველთა ჰრწყვიდა, გაგვიკვირდა, გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა, ჩვენ გვეწყინა, არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი როგორ სწვიდა.

974. ,,მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და სწყრებოდა; მან უჭირველად დაჰხოცნა, ომი არ მისჭირდებოდა, ზოგსა მხარ-თეძო დაჰლეწნა და ზოგსა სული ჰხდებოდა; მუნღა სცნეს, ეტლი მთვარისა რომე არ დაბრუნდებოდა.

975. ,,მან სპათაგან ვერ შეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა, თვით შესხდეს და შეუტივეს ამაყთა და არას მკრთალთა. რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ხმალთა. ცხენსა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა.

976. ,,ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავსწამეთ ეშმაურობა. მეფე დაჭმუნდა, დაჰშალა სმა, ნადიმობა, პურობა. მე ვეღარ გავსძელ მისისა ამბისა არ-დასტურობა, გამოვიპარე საძებრად: მწვიდა ცეცხლი და მურობა.

977. ,,იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი. მათ მასწავლეს, ხატაველნი ვნახე მისგან დაკოდილი; ვპოვე ვარდი მოყვითანო, შუქ-მკრთალი და ფერ-მიხდილი, შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი.

978. ,,ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სრულად გამესისხლებია; მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია; მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არ ახად არ ახლებია, ვაჲ მართებს მისა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ხლებია.

979. ,,ქალი მარტო ქვაბსა შიგან სტირს მტირალი, ცრემლ-ნაწთომი; ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი, მიართმევს და აგრე არჩენს იგი, ერთგან ვერ დამდგომი, მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი.

980. ,,მე უცხოს უცხო მანატრა მოსმენა სანატრელისა; მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა. რა ჭირი დასთმნა, ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა, ჰკლავს სურვილი და ვერ-ნახვა მისისა დამმარხველისა.

981. ,,ვითა მთვარე, დაუდგრომლად იარების, არ დადგების; მასვე ცხენსა შენეულსა ჰზის, აროდეს გარდახდების; არას ჰნახავს პირ-მეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების. ვაჲ მე, მისსა მგონებელსა, ვაჲ მას, ვინცა მისთვის ჰკვდების!

982. ,,მის ყმისა ცეცხლი მედების, ვტირი ცრემლითა ცხელითა, შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე გულითა ხელითა, მომინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ხმელითა, შევიქეც ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა ბნელითა.

983. ,,დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა; დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იძახიან მუნ ვასა; გამოვეპარე, დავეხსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა, აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქმ იქით-აქათ ბრუნვასა.

984. ,,შენი მან მითხრა ამაბავი, მისგან ძმობისა შენისა, აწ მიპოვნიხარ უებრო შენ, საქებელი ენისა; გამომირჩივე, სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა, მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერ მჭვრეტთა ამაზრზენისა.,,

985. აწ ფრიდონ იწვის სიტყვითა მის ყმისა ნაუბარითა; ორნივე სწორად მოსთქმიდეს მოთქმითა საქებარითა, გულ-ამოსკვნილნი გულითა სტირან ვერ-დამთმობარითა, მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა ჰრწყვენ ტევრთა საგუბარითა.

986. ლაშქართა შიგან შეიქმნა ხმა ტირილისა დიდისა, ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა მიდისა. ფრიდონ სტირს, მოსთქვამს ხმა მაღლად, გაყრილი წლისა შვიდისა: ,,უხანობა და სიცრუვე, ვა, საწუთროსა ფლიდისა!,,

987. ფრიდონ მოსთქვამს: ,,რა შეგასხათ, ვერ საქებო,ვერ სათქმელო! ხმელთა მზეო, სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამსხმელო, მოახლეთა სალხინოო, სიცოცხლეო, სულთა მდგმელო, ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამამთქმელო!

988. ,,რა მოგეშორვე, მას აქათ სიცოცხლე მომძულვებია; თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთვის მომსურვებია; შენ უჩემობა ლხინად გჩანს, მე დია მიმჭირვებია, ოხერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია!,,

989. ფრიდონ სთქვა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა; სული დაიღეს, დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა. ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ტურფითა ჰაერ-ფერითა, მელნისა ტბათა მიჯარვით ჰბურავს გიშრისა ჭერითა.

990. ქალაქს შევიდეს, მუნ დახვდათ სრა მოკაზმული სრულითა, სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა; მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს რულითა! შეჰფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულ-წასრულითა.

991. შევიდეს და დიდი შეჰქმნეს ჯალაბობა, არ ხალვათი, იქით-აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი; თვით ორნივე ერთგან დასხდეს; ვინმცა ვით სთქვა ქება მათი, ბროლ-ბადახშსა აშვენებდა ზოგან მინა, ზოგან სათი.

992. დასხდეს, შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა, უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მძახალი მძახალსა, მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა, ახალ-ახალსა, მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა გლახ ალსა.