ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

779. ,,მეფეო, ესე თათბირი, მომკალ, ვინ დამიწუნოსა! მეფეო, ნუთუ წასვლამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა?! ვერ ვეცრუვები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა, – პირის-პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა.

780. ,,არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა; ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა! ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა, რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასლვა-გვიანსა?!

781. ,,რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის მღმეჭელსა, შედრეკილსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა! კაცი, ჯაბანი რითა ჯობს დიაცსა, ქსლისა მბეჭველსა, – სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!

782. ,,ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი; მისგან ყოველი გასწორდეს სუსტი და ძალ-გულოვანი; ბოლოდ შეჰყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი. სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!

783. ,,მერმე ვიშიშვი, მეფეო, თქვენად კადრებად ამისად: სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად; მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად! – თუ ვერა გნახე ცოცხალმან, ყოფამცა მქონდა ჟამისად.

784. ,,თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან, ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან, ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან, – მუნ შემიწყალოს თქვენმანვე გულმან მოწყალე, მლმობელმან.

785. ,,მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები, – მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არას-მქონები: მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.

786. ,,რაცა თქვენთვის არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად, მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად; ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წარსაგებლად, შენგან კიდევ არვინ მივის ცეცხლთა ჩემთა დამავსებლად.

787. ,,ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის, ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს,არ გეთნევის, არას მარგებს, ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის, – შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის.

788. ,,გვედრებ, მეფეო, შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა, – ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა, – ნუგეშინი-ეც წყალობით ჩემგან წყალობა-ჩვეულსა, ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა.

789. ,,გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა; აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წაველ გულითა ხელითა! ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა. სუფევითმცა ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!,,

790. მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა; უთხრა: ,,ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა, შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა,,. მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.

ლოცვა ავთანდილისა მიზგითას და გაპარვა მისი

791. ილოცავს, იტყვის: ,,მაღალო ღმერთო, ხმელთა და ცათაო, ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო, უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო, მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-თქმათაო!

792. ,,ღმერთო, ღმერთო, გიაჯები, რომელი ჰფლობ ქვენად-ზესა, შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისა წესა, მე სოფელმან მომაშორვა უკეთესა ჩემსა მზესა, ნუ აღმოფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესა!

793. ,,ღმერთო, ღმერთო, მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე, შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვვლიდე: მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, ღამით მავნე განმარიდე! თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევწირვიდე,,.

794. რა ილოცა, ცხენსა შესჯდა, მალვით კარნი გაიარნა, შერმადინცა დააბრუნა, თუცა ვამნი ადიადნა! მონა სტირს და მკერდსა იცემს, სისხლმან მისმან კლდენი ჰღვარნა, – პატრონისა ვერა - მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა!

795. აწ ამბავი სხვა დავიწყო, ყმასა წავყვე წამავალსა. არ შეექმნა დარბაზობა მას დღეს როსტანს გულ-გამწყრალსა; რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს თუ ადენს პირით ალსა, ხმობა ჰბრძანა ვეზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრთალსა.

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვით წასვლისა

796. რა ვეზირი მოწიწებით დარბაზს ჰნახა შემოსრული, როსტან უთხრა: ,,არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული. მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხანს სული, აზომ რომე გაგათრივე შენ, ვეზირი გულის-გული.