ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

836. ყმამან უთხრა: ,,უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად. მაგრა გაბრჭე, რა მიქმნია სამსახური ტყვესა ტყვისად: გამოჭრილვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად, და მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები ველთა ვლისად.

837. ,,ბროლ-სადაფნი მარგალიტსა ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ, მას მოვშორდი, ვერ ვიახელ, ვერ ვისურვენ, ვერ ვასურვენ, გამოპარვით წამოსლვითა ღრმთისა სწორნი მოვიმდურვენ, ნაცვლად მათთა წყალობათა გულნი მათნი შევაურვენ.

838. ,,პატრონი ჩემი გამზრდელი, ღმერთისგან დიდად ცხოველი, მშობლური, ტკბილი, მოწყალე, ცა, წყალობისა მთოველი,– მას ვუორგულე, წამოვე, მართ დავივიწყე ყოველი,– მისი შემცოდე ღრმთისაგან კარგსა აღარას მოველი.

839. ,,ესე ყველაი ასრე მჭირს, დაო, ბედითა მისითა, არ ვუტყუვე და მოსრულვარ მგზავრი ღამით და დღისითა; აწ იგი სადმე წასულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა, ცუდ-მაშვრალი და მტირალი, ქვე ვზი პირითა მქისითა.

840. ,,დაო, მეტსა საუბარსა აღარ მომცემს ჟამი და დრო, არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყვა გავაადრო: წავალ, ვძებნი, ანუ ვპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო, თვარე ბედი აზომ თურე მიკვეთს, ღმერთსა რაღა ვკადრო,,.

841. ამის მეტი აღარა სთქვა, ატირდა და წამოვიდა, ქვაბი ჩავლო, წყალსა გაჰხდა, შამბი გავლო, ველს გავიდა; ქარი, ველთა მონაქროლი, ლალის ფერსა ვარდსა ჰზრვიდა, ,,რად მიმეცო ამა ჭირსა?,, ბედსა ამას უზრახვიდა.

842. იტყვის: ,,ღმერთო, რა შეგცოდე, შენ, უფალსა, არსთა მხედსა, რად გამყარე მოყვარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა? ერთი ორთა მგონებელი, ვარ საქმესა წარსაწყმედსა, მოვკვდე, თავი არ მეწყალვის, სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა!

843. ,,მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლელა, იგი ფიცი, ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა; მას თუ გამყრი, საწუთროო, ჩემი ლხინი გარდასრულა, სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა, გაბასრულა,,.

844. კვლავ იტყვის: ,,მიკვირს ნაღველი კაცისა ჭკუიანისა, – რა მჭვუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა? სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა, აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამ-ტანისა,,.

845. ყმა გაემართა საძებრად მტირალი, ცრემლთა მფქვეველი, ეძებს, უძახის, უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი; სამ დღემდის მოვლო მრავალი ხევი, შამბნარი, ტყე, ველი; ვერ ჰპოვა, მივა მჭვუნვარე, ვერას ამბისა მცნეველი.

846. იტყვის: ,,ღმერთო, რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე, რად შემასწარ ამა ბედსა, რა სასჯელი მომივლინე! გამკითხველო, გამიკითხე, აჯა ჩემი შეისმინე, დაამოკლენ დღენი ჩემნი, ჭირნი ამით მომილხინე!,,

847. მივიდოდა, მიუბნობდა ყმა მტირალი, ფერ-შეცვლილი, ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან-ჩრდილი, ჰნახა, შავი შამბთა პირსა დგა სადავე უკუყრილი, სთქვა: ,,უცილოდ იგიაო, არად უნდა ამას ცილი,,.

848. რა შეჰხედა, ყმასა გულმან გაუფეთქნა, გაუნათლდა, აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა, არ უათდა, ვარდმან ფერი განანათლა, ბროლი ბროლდა, სათი სათდა, ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა.

849. რა ტარიელ დაინახა, გაღანამცა დაეღრიჯა: ახლოს-მყოფსა სიკვდილისა სჯდა და პირი დაებღნიჯა, საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა, მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა.

850. ერთკენ უძს ლომი მოკლული და ხრმალი სისხლ-მოცხებული, კვლავ სხვაგან ვეფხვი უსულო, მკვდარი, ქვე-დანარცხებული, მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული, მუნ ეგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე ცხებული.

851. თვალთა ახმადცა ზარ-ედვა, სრულად მიჰხდოდა ცნობასა, მიახლებოდა სიკვდილსა, მოშორვებოდა თმობასა. ყმა სახელდებით უყივის, ჰლამის სიტყვითა კრთობასა. ვერა ასმინა, გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა.

852. ხელითა ცრემლსა უწურავს, თვალთა ავლებდა სახელსა, ახლოს უზის და უზახის მართ სახელდებით სახელსა; ეტყვის: ,,ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა?,, მას არა დია შეესმის რეტსა, თვალ-დაუფახელსა.

853. ესე ყველაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა, – ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან, ცოტადრე მოაცნობილა. მაშინღა იცნა, აკოცა, მოეჭდო, მოეძმობილა, ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, მათებრივ არვინ შობილა.

854. უთხრა: ,,ძმაო, არ გიტყუვე, გიყავ, რაცა შემოგფიცე, გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე; აწ დამეხსენ, სიკვდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე, მაგრა გვედრებ დამარხვასა, მხეცთა საჭმლად არ მივიცე,,.

855. ყმამან უთხრა: ,,რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქმ ავსა! ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა, ვის უქმნია შენი მზგავსი სხვათა კაცთა ნათესავსა! რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა?