ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

856. ,,თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა: ჰხამს მამაცი მამაცური, ჯობს რაზომცა ნელად სტირსა; ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქვიტკირსა.– თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.

857. ,,ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ, მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ, რას წადილსა აისრულებ! ვისთვის ჰკვდები, ვერ მიხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ, თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ?

858. ,,ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან, ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან?! მითხარ, უსახო რა ჰქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან,– არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან?

859. ,,ვარდსა ჰკითხეს: ,,ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად პირად? მიკვირს, რად ხარ ეკლიანი, პოვნა შენი რად არს ჭირად?,, მან სთქვა: ,,ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად; ოდეს ტურფა გაიეფდეს, არღარა ღირს არცა ჩირად,,.

860. ,,რადგან ვარდი ამას იტყვის უსულო და უასაკო. მაშა ლხინსა ვინ მოიმკის, პირველ ჭირთა უმუშაკო? უბოროტო ვის ასმია, რაც ა საქმე საეშმაკო? რად ემდურვი საწუთროსა, რა უქმნია უარაკო!

861. ,,ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე, წავიდეთ ნებასა, ნუ მიჰყოლიხარ თავისა თათბირსა, გაგონებასა, რაცა არ გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა, ასრე არ სჯობდეს, არ გეტყვი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა,,.

862. მან უთხრა: ,,ძმაო, რა გითხრა, ძვრადცა არ ძალ-მიძს ენისა, ძალი არა მაქვს ხელ-ქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა, რა ადვილად გიჩნს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა? აწ მივწურვილვარ სიკვდილსა, დრო მომეახლა ლხენისა.

863. ,,ამას მოკვდავი ვილოცავ, არ ოდეს ვითხოვ არ ენით: აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით, მუნ ერთმანერთი კვლავ ვნახნეთ, კვლავ რამე გავიხარენით; მო, მოყვარეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით!

864. ,,საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს, ვით გაწიროს! მისკენ მივალ მხიარული, მერმე მანცა ჩემ-კერძ იროს, მივეგები, მომეგებოს, ამიტირდეს, ამატიროს. ჰკითხე ასთა, ჰქმენ გულისა, რა გინდ რა ვინ გივეზიროს.

865. ,,მართ გარდაწყვეტით იცოდი, გეტყვი მართალსა პირასა: სიკვდილი მახლავს, დამეხსენ, ხანსა-ღა დავყოფ მცირასა: არ ცოცხალ-ვიყო, რას მაქნევ, რა დავრჩე, ხელსა მხდი რასა! დამშლიან ჩემნი კავშირნი, შევრთვივარ სულთა სირასა.

866. ,,რა სთქვი, რას იტყვი, არ მესმის, არცა მცალს სმენად მაგისად, სიკვდილი მახლავს ხელ-ქმნილსა, სიცოცხლე არის წამისად; აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად, მუნ მეცა მივალ, ცრემლისა მიწად სად გამდის ლამი სად.

867. ,,ბრძენი, ვინ ბრძენი, რა ბრძენი, ხელი ვითა იქმს ბრძნობასა! ეგ საუბარი მაშინ ჰხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა; ვარდი ვერ არის უმზეოდ; იყოს, დაიწყებს ჭნობასა; მაწყენ, არა მცალს, დამეხსენ, არცაღა ვახლავ თმობასა,,.

868. კვლავ ეუბნების ავთანდილ სიტყვითა მრავალ-ფერითა, ეტყვის: ,,თუ მოკვდე, რას არგებ ქცევითა მაგ ოხერითა! ნუ იქმ, არა ჯობს საქმითა, ნუ ხარ თავისა მტერითა,,. ვერ წაიყვანა, ვერა ჰქმნა სიტყვითა ვერა ვერითა.

869. მერე უთხრა: ,,აჰა, რადგან არ მომისმენ არას არა, არას გაწყენ, ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცდარა; თუ სიკვდილი გიჯობს, მოჰკვე, ვარდი დაჭნეს, დაცამჭნარა. ერთსა რასმე გიაჯები, მიყავ ცრემლი ამად ღვარა.

870. ,,სადა ინდონი ბროლ-ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა, მას მოვეშორვე, წამოვე სიჩქარით, არ სიწყნარითა; ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა, შენ არ შემიყრი, გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა?

871. ,,ნუ გამგზავნი გულ-მოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი, ერთხელ შესჯე, ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მხდელი, ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი; მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქმნას შენი საქადელი,,.

872. ეხვეწებოდა, შეჯეო , აჯას ხვეწნითა არ ვებდა, იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა, ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა; დაიმორჩილა, ეამა, არ ივაგლახა, არ ვებდა.

873. ცხადად უთხრა: ,,შევჯდებიო, მომიყვანე ცხენი წინა,,. მან მოჰგვარა, წყნარად შეჰსვა, არ სიჩქარით ააქშინა; მინდორთაკენ წაიყვანა, ტანი მჭევრი აძრვევინა, ხანი წარვლეს, სიარულმან მოჯობება დააჩინა.

874. შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა, მისთვის ჰძვრიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწის-ფერთა; მისი სმენა გააყმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა. მოიშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა.

875. რა შეატყო მოჯობება მან, სევდისა მუფარახმან, განანათლა პირი ვარდი სიყვარულმან დაუსახმან, ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრვა-ახმან; ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მძრახმან.