ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

797. ,,თუ რად მახსოვს, რად უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე, მართლად უსთქვამს მეცნიერთა: ,,წყენააო ჭირთა ბადე,,; ესე გვარსა ნუოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე, აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, სთქვი და სიტყვა გააკვლადე,,.

798. კვლავ მოახსენა ვეზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი, რა გაიგონა, შესთვალა პასუხი არ ნაგრძელევი: ,,შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი, კვლავ ამის მეტად ნუ მასმენ, თვარა მე სრულად გელევი!,,

799. რა გამოვიდა ვეზირმან ძებნა, ვერ ჰპოვა მინანი, მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი ცრემლთა მდინანი. მან სთქვა: ,,მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი, ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს; რაცა ვთქვი, მასცა ვინანი,,.

800. რა ვეზირი არ შევიდა, კვლავ მეფემან კაცი ჰგზავნის; კაცმან სცნის და გარეთ დადგის, წასლვა ვერვინ გაამჟღავნის; როსტანს ეჭვი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის; სთქვა: ,,უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის,,.

801. თავ-დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი, უში ჰქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას: ,,მიდი, მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!,, რა ვეზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი.

802. კვლავ შევა დარბაზს ვეზირი დაღრეჯით, არ მხიარულად. მეფემან ჰკითხა: ,,წასულა მზე დაუდგრომლად, მთვარულად?,, მან მოახსენა ყველაი, ვით წასრულ იყო ფარულად: ,,მზე აღარ მზეობს ჩვეთანა, დარი არ დარობს დარულად!,,

803. რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის-მეტნი; მოსთქვამს, იტყვის: ,,ვაჲ, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი!– პირსა ხოკით, წვერსა გლეჯით გააკვირნა მისნი მჭვრეტნი:– ,,სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი?

804. ,,თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები; მაგრა მე რა ვქმნა, გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები: გამაღარიბე, დამაგდე, გულსა, გლახ, ვისთვის ენები, – შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები,

805. ,,ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა, ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარ სრულსა, ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, სასმენელად მე მახულსა, – აწ უშენოდ რა გლახ ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა!

806. ,,ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, რაზომცა დია ირები, – შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები. ნუთუ კვლავ ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები, მაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?,,

807. ზარი გაისმა, შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა, დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა, იგლეჯს და იცემს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა; სთქვეს: ,,ბნელი გვმართებს დღე-კრულთა, რადგან მზე მიგვიდრკა ცისა!,,

808. რა მეფემან დიდებულნი ნახნა, სულ-თქმით შემოსტირნა; უთხრა: ,,ჰხედავთ, მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა; რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ, რად გაგვყარნა, რად გაგვწირნა? სპანი, მისგან დაჭირულნი, ვინცაღა ვით დაგვიჭირნა!,,

809. ყოვლნი ტიროდეს, მოთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს გვიანად. მეფემან ჰბრძანა: ,,იკითხეთ, მარტოა, ანუ ყმიანად?,, მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად, სირცხვილიანად; ანდერძი ჰკადრა, ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად.

810. მოახსენა: ,,საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი, დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი, იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს, არცა ბერი,– მე თუ მომკლავთ, მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი!,,

811. რა ანდერძი წაიკითხეს, კვლავ იტირეს დიდი ხანი; მერმე ჰბრძანა: ,,მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი, ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი, შეველწივნეთ, მშვიდობისა ნუ-თუ ღმერთმან მისცეს გზანი.,,

წასლვა ავთანდილისაგან მეორეთ გაპარვით და ტარიელის შეყრა

812. მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორება განანათლებს, რა იახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს, მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს, – ჩვენ ვერჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს.

813. აწღა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა: მივა და, მისტირს გულმდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა, წამ-წამ მობრუნდის, იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა, უჭვრეტდის, თვალნი ვერ მოხსნის, თუ მოხსნის, მიხდის ცნობასა.

814. რა მიეახლის დაბნედად, ვერ ხელ-ჰყვის დაძრვად ენისად, მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან, მსგავსად დიჯლისა დენისად; ზოგჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად, რა გაემართის, არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად.

815. სთქვა: ,,ჩემო, შენი შორს მყოფი კრულია, ვინცა დადუმდეს, რადგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს, თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს, ს ჯობს საყვარელსა მოყვარე რაზომცა დაუძაბუნდეს.