ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

993. მას დღე ჰსვეს, ჭამეს, გარდახდა ნადიმი მსმელთა დასისა. გათენდა, ჰბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა, შესამოსელი შეჰმოსეს დრაჰკნისა ბევრ ათასისა, შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა.

994. ყმამან დაჰყვნა დღენი რამე, თუცა ყოვნას ვერა სთმობდა, ფრიდონს თანა ნადირობას გავიდის და თამაშობდა, სწორად ჰხოცდის შორს და ახლოს, თუ რას ხელსა მიაპყროდა, მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა.

995. ყმა ფრიდონს ეტყვის: ,,გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები: მე შენი გაყრა სიკვდილად მიჩნს და მით თავსა ვევნები, მაგრა არა მცალს დღე-კრულსა, ცეცხლი მე სხვაცა მედები, გზა გრძელი, საქმე სასწრაფო მიძს, დია დავეყენები.

996. ,,მართალ არს შენი გამყრელი,თვალთათ თუ ცრემლსა ღვრიდესა, დღეს წაუვალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა; დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქმს, თავსა სწვრთიდესა, სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა,,.

997. ფრიდონ უთხრა: ,,დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის; ვიცი, რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის. წადი, ღმერთი გიწინამძღვრებს, შენი მტერი დაემხობი. მაგრა სთქვი, თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის?

998. ,,ამას გკადრებ, არ ეგების მარტოსაგან წასლვა შენი; თანა ყმათა წამოგატან, იმსახურენ, იახლენი, აბჯარი და საგებელი, ერთი ჯორი, ერთი ცხენი. არ წაიტან, გაირჯები, ღაწვი-ვარდი, ცრემლთა მდენი,,.

999. მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა, სრული აბჯარი საკაცო ქაფითა, საბარკულითა, სამოცი ლიტრი წითელი აწონით, არ ნაკლულითა, ერთი ტაიჭი უებრო, მით უნაგრითა სრულითა.

1000. ერთსა ჯორსა წვივ-მაგარსა საგებელი აუკიდა; წავიდა და ფრიდონ შესჯდა, მასთანავე გამოვიდა. აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი, სწვიდა, მოსთქვამს: ,,თუმცა მზე გვიახლა, ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა.,,.

1001. ზარი მის ყმისა გაყრისა გაჰხდა, მიეცნეს წუხილსა. მოატყდეს მოქალაქენი, ლარსა ვინ ჰყიდდა, თუ ხილსა; ხმა ძახილისა მათისა ჰგვანდა ჰაერთა ქუხილსა, იტყოდეს: ,,მზესა მოვშორდით, მო, თვალნი მივცეთ წუხილსა!,,

1002. ქალაქი განვლეს, მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა, მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასაჯდომევსა მზისასა, მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა, ფრიდონ უამბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა.

1003. ,,აქა მათ ზანგთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა, კბილ-თეთრი, ბაგე ბადახში, სახედავითა შავითა; ცხენი გავქუსლე, გავაგე წაგვრა ხმლითა და მკლავითა, შორს მჰნახეს, ადრე გამექცეს, ნავი მფრინველე ჩნდა ვითა,,.

1004. მოეხვივნეს ერთმანერთსა, განამრავლნეს ცრემლთა ღვრანი, აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი, გაიყარნეს გაუყრელნი ძმად-ფიცნი და ვითა ძმანი, ფრიდონ დადგა, ყმა წავიდა, შემხედველთა მკვლელი ტანი.

წასლვა ავთანდილისა ფრიდონიდამ ნესტან დარეჯანის საძებრად

1005. ყმა მიმავალი მიუბნობს, მზგავსი მთვარისა სრულისა, – არს თინათინის გონება მისად სალხენად გულისა; იტყვის: ,,მოგშორდი,სიცრუვე, ვაჲ, საწუთროსა კრულისა! შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა.

1006. ,,რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირსა სამსალებისა. რად გული კლდისა ტინისა შემქმნია სამ სალებისა! არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსალებისა, შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა,,.

1007. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა, წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლისა ღონითა, დღისით და ღამით მტირალი იღვრების ცრემლთა ფონითა, ჩალად უჩნს ყოვლი ქვეყანა, მისვე ჩალისა წონითა.

1008. სადაცა ჰნახის, ეუბნის, მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი, ჰკითხის მის მზისა ამბავი, დღენი ვლნა გაასებულნი. ქედსა გარდადგეს, – აქლემნი აუჩნდეს ლარ-კიდებულნი. და მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს დაყმუნებულნი.

1009. მუნ ქარავანი ურიცხვი მიდგომოდა ზღვის კიდესა. შეიჭირვებდეს, ჭმუნვიდეს, ვერცა დგეს, ვერცა ვლიდესა. ყმამან სალამი უბრძანა, — ქებასა შეასხმიდესა, ჰკითხა თუ: ,,ვაჭარნო თუ ვინ ხართ?,, მათ საუბარი ჰკიდესა.

1010. უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი. მოახსენა ხოტბა სრული, დაჰლოცა და უქმნა ზნენი. ჰკადრეს: ,,მზეო, სიცოცხლე და შენა მოხვე ჩვენი მლხენი, ჩამოხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი,,.

1011. გარდაჰხდა. ჰკადრეს: ,,ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი, მაჰმადის სჯულის მჭირავნი, არ-ოდეს გვისვამს მაჭარნი, ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი, საქონელ-სრულნი, მდიდარნი, არ ლარნი გვაქვან ნაჭარნი.