ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

1012. ,,ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე; ვუშველეთ, ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე; ვკითხეთ თუ ,,ვინ ხარ, ღარიბო, რასა საქმისა მძებარე,,, გვითხრა: ,,თუ შეხვალთ, დაგხოცენ; კიდე ცოცხალვარ მე ბარე.,,

1013. ,,სთქვა: ,,ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა, ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალ-ფერითა, მუნ მეკობრეთა დაგვხოცეს ძელის სახნისის წვერითა, ყველაი წახდა, არ ვიცი, აქა მოვსრულვარ მე რითა.,,

1014. ,,ლომო და მზეო, ესეა მიზეზი აქა დგომისა, დაბრუნებითა გვეცემის ზიანი ას საზომისა; შევიდეთ, ვაჲ თუ დაგვხოცნენ, ძალი არა გვაქვს ომისა, ვერ ვდგავართ, ვერცა წასრულვართ, ღონე წაგვსლვია რჩომისა,,.

1015. ყმამან უთხრა: ,,ვინცა მჭმუნავს, ცუდია და ცუდად ცდების, რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცდების; მე მივინდობ სისხლთა თქვენთა, შემოვისხამ, დაცაგვწვდების, ვინცა გებრძვის, ხრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვდების,,.

1016. მოქარავნენი აივსნეს სიხარულითა დიდითა; სთქვეს: ,,ყმა ვინმეა ჭაბუკი, არ ჩვენებრივე რიდითა; აქვს თავისაგან იმედი, ვიყვნეთ გულითა მშვიდითა,,. შევიდეს, ჩასხდეს ხომალდსა, გაჰმართეს ზღვისა კიდითა.

1017. სიამოვნისა დარითა იარეს, არ სიძნელითა. მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა. გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა, მას ნავსა ნავსა სალეწლად სახნისი ჰგია ძელითა.

1018. ჰკიოდეს და მოდიოდეს, იზახდეს და ბუკსა ჰკრესა; შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა; ყმამან უთხრა: ,,ნუ იშიშვით თქვენ იმათსა სიალფესა, ანუ დავხოც იმ ყველასა, ან სიკვდილი ჩემი დღესა!

1019. ,,უგანგებოდ ვერას მიზმენ, შეცამებნენ ხმელთა სპანი; განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი, ვერ მიხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ძმანი,– ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.

1020. ,,თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი, შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი; მარტო მნახეთ, ვით შეველბა, ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი, მეკობრისა ნავისანი, სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი,,.

1021. ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხვებრ მკრჩხალითა, მას ხელთა კეტი რკინისა ჰქონდა ხელითა ცალითა: ნავისა თავსა გულითა წადგა შიშთ-შეუვალითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დაჰხოცნა ხრმალითა.

1022. ჰკიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გაწყდებოდა, აძგერეს ძელი, რომელსა ზედან სახნისი ჰგებოდა; ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა, არ თურე ჰკრთებოდა, კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა, ლომს მკლავი არ უდრკებოდა.

1023. მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ჰხოცდა, ვითა თხასა; ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა. ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა. ვინც რჩენილან მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა.

1024. გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა მისსა გულსა; ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: ,,ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა!,, არ დაჰხოცნა, დაიმონნა, დარჩომოდა რაცა წყლულსა. მართლად იტყვის მოციქული :,,შიში შეიქმს სიყვარულსა,,.

1025. კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი, არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღვთისა ძალი! დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი, ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხმალი.

1026. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ჰნახნა, ნავი ნავსა შეატყუბნა, ქარავანსა დაუზახნა. უსამ ჰნახა მხიარული, გაეხარნეს, არ იახნა, ჰკადრეს ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი ჰსახნა.

1027. ავთანდილის მაქებელთა ათასიმცა ენა უნდა ვერცა მათ სთქვეს, ნაომრობა, როგორ ტურფად დაუშვენდა; ქარავანმან იზრიალა, სთქვეს: ,,უფალო, მადლი შენდა! მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა,,.

1028. მოეგებნეს, აკოცებდეს თავსა, პირსა, ფერხთა, ხელსა; ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა, – მისი ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა, ვითა ხელსა– ,,შენგან დავრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა,,.

1029. ყმამან უთხრა: ,,მადლი ღმერთსა შემოქმედსა, არსთა მხადსა, ვისგან ძალნი ზეციერნი განაგებენ აქა ქმნადსა, იგი იქმან ყველაკასა, იდუმალსა, ზოგსა ცხადსა,– ჰხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა.

1030. ,,ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნივა სისხლი თქვენი. მე, გლახ, რა ვარ, მიწა ცუდი, თავით ჩემით რამცა ვქმენი! აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი, გავასრულე, რაცა ვთქვენი; ნავი სავსე საქონლითა მომიღია, ვითა ძღვენი,,.

1031. ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გამარჯვებოდეს; ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანა ჰხლებოდეს; მიულოცვიდენ, აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს; ჰშვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ვნებოდეს.