ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

915. ,,მაგ საუბარსა ესე ჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი: – მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი; – ვერას ვერ შეიქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი? შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, – ძმა ძმისა უნდა ძმობილი.

916. ,,სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა, გწადდეს გულითა ბრძენითა, გწადდეს ცნობითა შმაგითა, მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა, ოდენ გამაგრდი,არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა.

917. ,,ამის მეტსა არას გნუკევ წელიწადსა ერთსა მზგეფსა, აქავ ქვაბსა მომნახვიდე მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა; ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ-იეფსა, ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა.

918. ,,ამა დროსა გარდავსცილდე, აქა ქვაბსა არ მოვიდე, სცან, ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკვდე კიდე; ეს ამისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ჰღვრიდე, მაშინ გწადდეს, იხარებდი, გწადდეს, ჭმუნვა გაადიდე.

919. ,,აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი? მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი; არ- უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი, არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბრუნავი,,.

920. მან უბრძანა: ,,აღარ გაწყენ, არცა სიტყვა გამიმეტდეს, არ მომისმენ, რაზომიცა საუბარი მიდიადდეს: თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს– ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს.

921. ,,არ დაიჯერო, მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა; ჩემთვის ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა; შენ რაცა გისთქვამს, მაგას ვიქმ, მრჯის რაზომც გინდა ხელობა, უშენოდ მომხვდეს, რაღა ვქმნა, არ დია დღეთა გრძელობა!,,

922. საუბარი გარდასწყვიდეს, დააპირეს ესე პირი; ცხენსა შესხდეს, მოიარეს, თვითო მოჰკლეს ველს ნადირი; შემოიქცეს, აატირეს გული, კვლაცა ანატირი, – ხვალ გაყრისა გონებამან სხვა უმატა ჭირსა ჭირი.

923. ლექსთა მკითხველო, თქვენიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია! გულმან, გლახ, რა ჰქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია; მოშორება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკვლელია; ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე როგორ ძნელია!

924. დილა გათენდა, შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს, ტარიელ, ასმათ, ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი ალამნეს; სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს, მათ ლომთა, მიწყივ მხეც ქმნილთა, თავნი მხეცთავე ალამნეს.

925. ქვაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი, ასმათ სტირს, მოსთქვამს: ,,ჰე ლომნო, ვისნი ვით მოგთქმენ ენანი! მზემან დაგწვნა და დაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი; ვაჲ ჭირნი ჩემნი ეზომნი, ვა სიცოცხლისა თმენანი!,,

926. მათ ყმათა, მუნით წასულთა, იგი დღე ერთგან იარეს, ზღვის პირს მივიდეს, მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს, არ გაიყარნეს მას ღამეს, კვლავ ცეცხლი გაიზიარეს, ერთმანერთისა შორს ყოფნა იტირეს, იმგლოვიარეს.

927. ტარიელს ეტყვის ავთანდილ: ,,რუ გახმა ცრემლთა დენისა! რად მოიშორვე შენ ფრიდონ, მომცემი მაგა ცხენისა? მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა მშვენისა, აწ მე მუნ მივალ, მასწავლე გზა ძმად ფიცისა შენისა.,,

928. ტარიელ სიტყვით ასწავლის მხარსა ფრიდონის გზისასა, მართ გააგონა, რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა: ,,აღმოსავლისკენ წადიო, პირსა იარე ზღვისასა, თუ ჰნახო, ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა.,,

929. თხა მოჰკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა, ჰსვეს და ჭამეს, რაცა ჭამა შეჰფეროდა მათსა ჭირსა; მას ღამესა ერთად იყვნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა, – ვგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა.

930. ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვივნეს, მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს, ვინცა მოისმინეს; თვალთა, ვითა წყაროს თვალი ცრემლნი ველთა მოადინეს, დიდ-ხანს იდგან შეჭდობილნი, მკერდი მკერდსა შეარკინეს.

931. გაიყარნეს ტირილით პირსა ხოკით, თმათა გლეჯით, ერთი აღმა, ერთი დაღმა, უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით; ვირე უჩნდა ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით; იგი ჰნახოს დაღრეჯილნი; მზე დაიღრეჯს მათის ღრეჯით.

წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისას მულღაზანზარს რომ შეეყარა

932. ვაჲ, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა?! ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ სტირსა; სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა, მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა!

933. ავთანდილ მისი გაყრილი სტირს, მისწვდომია ხმა ცათამდის; იტყვის:,,თუ ღვარი სისხლისა კვლავცა მდენია, კვლავცა მდის; აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა დაცამდის, – კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის,,.