ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

1032. იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ჰნახეს, არ ახვალეს, მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დაჰთვალეს! მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოსცალეს; დაჰლეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გასცვალეს.

1033. ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა: ,,შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩვენ ვიცით ჩვენი ცვილობა: რაცა გვაქვს, იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა; რასაცა მოგვცემ, გვიბოძე; გვიქნია აქა ყრილობა,,.

1034. ყმამან შესთვალა: ,,ჰე, ძმანო, წეღანცა მოგისმენია, ღმერთსა შეესმა, ნაკადი, რაცა თქვენ თვალთა გდენია, მან დაგარჩინა მე რა ვარ, მე, გლახ რა მომილხენია! რა გინდა მომცეთ, რას ვაქნევ, მე ვარ და ჩემი ცხენია!

1035. ,,მე თუმცა რამცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი, ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარ-საგებელი; რას ვაქნევ თქვენსა, რად მინდა! ოდენ ვარ თქვენი მხლებელი; სხვაგან რამე მიძს სხვა საქმე თავისა წასაგებელი.

1036. ,,აწე რაცა აქ ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი, რაცა ვის გინდათ, წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი, ერთსა ვიაჯი, მიაჯეთ სააჯო არ საკრძალავი; საქმე რამე მიძს თქვენშიგან თავისა დასამალავი.

1037. ,,ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქვენსა პატრონობასა; ,,თვით თავადია ჩვენი,,, სთქვით, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა. მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჩუბაჩობასა; თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა,,.

1038. ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს, მეტად დია, მოვიდეს და თაყვანი-სცეს, ჰკადრეს: ,,ჩვენი იმედია; რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯდია; მას ვმსახუროთ, ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია,,.

1039. მუნით წავიდეს, იარეს, არ თურე ხანსა ჰზმიდიან. მიჰხვდეს ტაროსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან; შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან, მას მარგალიტსა, მას ყმასა კბილთავე ფერსა, სძღვნიდიან.

ამბავი ავთანდილისა გულანშაროს მისლვისა ზღვის პირს რომ გავიდა

1040. ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა. ჰნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა, გვარად უცხონი ყვავილნი, ფერითა ბევრის- ბევრითა, მის ქვეყანისა სიტურფე რა გაიგონო შენ რითა!

1041. მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა; ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვნა, დასჯდა სკამითა; მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამიზდებულნი დრამითა; იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს და თავსა მალავს ამითა.

1042. მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა იახლნეს რომელსა. მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა, ელვათა მკრთომელსა, ავთანდილ უხმო, ეუბნა კაცსა არ სიტყვა მცდომელსა: ,,ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა?

1043. ,,წვრილად მითხარ ყველაკაი,,, ყმა მას კაცსა ეუბნების, ,,რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების?,, ჰკადრა: ,,ვხედავ პირი შენი მზისა პირად მემეცნების; რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების.

1044. ,,ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა, თვით გულანშაროს ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა; აქ მოდის ტურფა ყველაი ზღვა-ზღვა ნავითა მავლითა; მელიქ - სურხავი ხელმწიფობს, სრულისვითა და დავლითა.

1045. ,,აქა მოსლვითა გაყმდების, კაცი თუც იყო ბერები: სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არს სიმღერები, ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები. ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინა მტერები.

1046. ,,დიდ ვაჭარნი სარგებელსა ამის მეტსა ვერ ჰპოვებენ: იყიდიან, გაჰყიდიან, მოიგებენ, წააგებენ; გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროთა ყოვლგნით ჰკრეფენ; უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ.

1047. ,,მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა, ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა; თვით ესე ბაღი მისია, თქვენი სადგომი დღესისა, პირველ მას ჰმართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა.

1048. ,,რა შემოვლენ დიდ-ვაჭარნი, მას ჰნახვენ და ძღვენსა სძღვნიან, უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს სხვაგან ლარსა ვერ გაჰხსნიან, უტურფესა სეფედ დასხმენ, ფასა მუნვე დაუთვლიან; მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს, დაჰყიდიან.

1049. ,,თქვენებრთა საპატიოთა მას ჰმართებს გამოსვენება; დამყენებელთა უბრძანებს, ჰმართებდეს ვის დაყენება. აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება; გამოგება და წაყვანა მას ჰმართებს, თქვენი ქენება.

1050. ,,ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი, პურად კარგი მასპინძელი, საყვარელი, არ თუ მქისი; მას ვაცნობო მოსლვა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი; წინა კაცსა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი,,.