ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

711. “მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ჰბრძანე! ვარდსა ქაცვი მოაპოვებს, ეკალთამცა რად ვეფხანე! მაგრა, მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე: სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე!”

712. ყმა ტბილი და ტკბილ-ქართული, სიკეთისა ხელის მხდელი, ამას ზედა ეუბნების, ვით გაზრდილსა ამო მზრდელი; ქალმან მისცა მარგალიტნი, სრულ - ქმნა მისი საწადელი, ღმერთმან ქმნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი!

713. რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს, ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს, მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ-მჭვრეტსა ავაგლახიოს! ვაი მოყვრისა გაყრილსა ახი ოს ეყოს, ახი, ოს!

714. მათ მიჰხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა. ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა; მზე ტირს სისხლისა ცრემლითა, ზღვისაცა მეტის-მეტითა, იტყვის: “ვერ გაძღა სოფელი, ვაი, სისხლთა ჩემთა ხვრეტითა!”

715. ყმა წავიდა სევდიანი, მკერდსა იცემს, ამად ილებს, რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფრდილებს; რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს, მის მოყვრისა მოშორვება კვლა აბინდებს, არ ადილებს.

716. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და ღარად; იტყვის: “მზე ჩემგან თავისად კმა დასადებლად აღარად; მიკვირს, თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად! ვირე ვნახვიდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად!

717. “ვინ გუშინ ედემს ნაზარდი ალვა მრგო, მომრწყო, მახია, დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია, დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა მახია. აწყა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!”.

718. ამას მოსთქვამს, ცრემლსა აბნევს, ათრთოლებს და აწანწარებს. გულ-ამოსკვნით, ოხვრა-სულთქვმით, მიხრის ტანსა, მიაწარებს. საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს, ვაი, საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს, აზეწარებს!

719. ყმა მივიდა, საწოლს დაჯდა, ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების, მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა, არ მოსწყდების; ვით მწვანილსა თრთვილისაგან, პირსა ფერი მოაკლდების. ჰხედავთ, ვარდსა უმზეობა რაგვარ ადრე დააჩნდების!

720. “გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი, გული — ჟამ-ჟამ ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი, გული — ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი, ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი!”

721. რა გულსა უთხრნა გულისა სიტყვანი საგულისონი, თვით მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი, მის მზისა მკლავსა ნაბამნი, მათ კბილთა შესატყვისონი, პირი დადვა და აკოცა, ცრემლი სდის, ვითა ბისონი.

722. რა გათენდა, კაცი მივა მომკითხავი, დარბაზს მხმობი. ყმა წავიდა ლაღი, ნაზი, ნაღვიძები, ძილ-ნაკრთობი. ერთმანერთსა ეჯარვიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი; მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოემზადა დაბდაბ-ნობი.

723. მეფე შეჯდა, მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა! ქოს-დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა, მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა რბოლა მიდამოდა; მას დღე მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა!

724. ინადირეს, შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი, შეიტანნეს დიდებულნი, თავადნი და სპანი სრულნი; დაჯდა, დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი, ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა, მომღერალნი იყვნეს რულნი!

725. ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა, ეუბნებოდა; ბაგეთა გასჭვირს ბროლ-ლალი და კბილთა ელვა ჰკრთებოდა. ახლოს სხდეს ღირსნი, ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა, უტარიელოდ ხსენება არვისგან იკადრებოდა.

726. ყმა მივიდა გულ-მოკლული, ცრემლი ველთა მოედინა. მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა. ზოგჯერ ადგის, ზოგჯერ დაწვის, ხელსა რადმცა დაეძინა! ”რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა!

727. წევს, იტყვის: “გულსა სალხინო რამცაღა დავუსახეო? მოგშორდი ედემს ნაზარდო, ტანო ლერწამო და ხეო, შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერ–მჭვრეტთა სავაგლახეო, ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ, ნეტარმცა სიზმრად გნახეო!”

728. ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა; კვლა გულსა ეტყვის: “დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა. არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოვუგვაროთა? თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა”.

729. კვლა იტყვის: “გულო, რასდენცა გაქვს სიკვდილისა წადება, სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება, მაგრა დამალე, არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლა დება: ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!”

დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი