ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

750. “მეფე ანუ მისნი სპანი, ნეტარ, ხელსა რასა მხდიან! აწ ვითაცა უცნობოსა გაუწყვედლად ცრემლნი მდიან. სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან; ჭირნი, მისგან უნახავნი, დია, ვის-მე გარდუხდიან?

751. “აწ, ვაზირო, მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს? რკინა, ჩემი მონაცვალე, ხამს გაცვილდეს, არ გატინდეს; ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თვალთა მდინდეს, მომეხმარე, ნუთუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს.

752. “არ გამიშვებს, გავიპარვი, წავალ მათგან შეუგებლად; ვითა მნუკევს, ეგრე დავჰრთო გული ცეცხლთა მოსადებლად. ვიცი, ჩემთვის არას გიზამს, თუ არ უნდი გასაძებლად; თქვი, რა გინდა წაგეკიდოს, თავი დადევ საწამებლად!”

753. ვაზირმან თქვა: “შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების, ვეღარ ვუჭვრეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა გაქარდების! ზოგი თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგი თქმითაც დაშავდების. ვიტყვი, მოვკვდე, არა მგამა, ჩემი მზეცა თქვენ მოგხვდების!”

754. რა ვაზირმან ესე უთხრა, ადგა, დარბაზს გაემართა. მეფე დაჰხვდა შეკაზმული, პირი მზეებრ ეწაღმართა. შეუშინდა, საწყენლისა მოხსენება ვერ შეჰმართა, დაყრით დადგა, იგონებდა არ საქმეთა საომართა.

755. მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით დაყმუნვებული, უბრძანა: “რა გჭირს, რა იცი, რად მოხვე შეჭირვებული?” მან ჰკადრა: “არა ვიციო, მართ ვარ თავისა ვებული, მართალ ხართ, მომკლათ, რა გესმას ამბავი გაკვირვებული.

756. “ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა ჰმატს და არცა სდიდობს; მეშინიან, თუცა შიშსა მოციქული არ დაჰრიდობს. აწ ავთანდილ გეთხოვების, მოაჯეობს, არ წამკიდობს, უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს”.

757. რაცა იცოდა, ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა, კვლა მოახსენა: “რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა, თუ რაგვარ მყოფი მინახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა! მართალ ხართ, თუ-მცა რისხვანი ჩემთვის იანაზდენითა”.

758. რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა, გაავცნობდა, ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა; შეუზახნა: “რასთვის, შჰმაგო, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა? ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა!

759. “ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ადრად! მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მომკლას მუხთლად, ღადრად? შმაგო, ენა ვით იხმარე აწ მაგისა ჩემად კადრად? აგრე შმაგი არ ვაზირად, არად ვარგ ხარ არცა სხვად რად!

760. “ხამსა, კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დახედნეს, ოდენ სიტყვა უმეცარი უმეცრულად დაიყბედნეს?! მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს? შენ თუ მოგკლა, სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს!”

761. კვლა უბრძანა: “თუ-მცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი, თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთდ, არა უნდა ამას ცილი! წა, უკუდეგ! ავი, შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი! შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!”

762. დადრკა, სკამნი შემოსტყორცნა, ჰკრნა კედელსა, შეალეწნა; დააცთუნნა, მაგრა მისთვის აალმასნა, არ აძეწნა: “ვით მიამბე წასვლა მისი, ვინ ალვისა მორჩი ხე წნა!” ვაზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა.

763. ვაზირმან, გლახ, გამოჰრიდნა, მართ ვეღარას ვერ იძრწივნებს; გამოძრწა და გამომელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს; შეის ხასობს, გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს, მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომელ კაცი თავსა ივნებს.

764. თქვა: ”ცოდვათა ჩემთა მსგავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს? რად მოვღორდი, რად დავბნელდი, ნეტარ ვინღა გამითენოს! ვინცა კაცმან კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს, ჩემნი დღენი მასმცა ადგან, რაძი ვითა გაისვენოს!”

765. ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა; ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა; “მადლი რა გკადრო, აწ თქვენგან, გავხასდი მე მაშა ვითა, ვაჲ, კარგი თავი უებრო დავკარგე, დავაშავითა!”

766. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს, თუცა ცრემლსა ვერ იწურვებს: — მიკვირს, რად სცალს წყლიანობად, რად არ გულსა შეიურვებს! — “ვინ არ მისცემს ქადებულსა მოურავსა მოიმდურვებს, თქმულა: “ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს”.

767. “ვით გამხადა, რა მიბრძანა, არ ეგების ჩემგან თხრობა: რა სიავე, რა სირეგვნე, რა შლუობა, რა შმაგობა! მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ, აღარა მიც თავსა ცნობა; ესე მიკვირს, რად არ მომკლა, მისცა თურე ღმერთმან თმობა.

768. “მეცა ვიცოდი, რაცა ვქმენ, ცთომით არ წამკიდებია; ვიაზრე, გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით გამდიდებია; განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დაჰრიდებია! შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩს, ჭირი არ გამცუდებია “.

769. ყმამან უთხრა: ”აღარ-წასვლა არ ეგების ჩემგან აროს. იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს. ხამს, უძებნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგან აროს, ვერ უპოვოს, რა ქმნას, ანუ გული რითა დაიწყნაროს!