ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

730. რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე; იტყვის: “ნეტარ, მიჯნურობა არ დამაჩნდეს, და-მცა-ვფარე!” დათმობასა ეაჯების გულსა: ,,შენ რა მოუგვარე!” ცხენსა შეჯდა, წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე.

731. ვაზირმან ცნა, გაეგება: “ჩემსა მზეა ამოსრული, ამას თურმე მახარებდა დღეს ნიშანი სახარული!” მიეგება, თაყვანის-სცა, ჰკადრა სრულსა ქება სრული. ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული.

732. ყმა გარდასვა მასპინძელმან, არ ღაფალმან, ავმან, უქმან; ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან. ყმამან სახლი გაანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან; თქვეს: “ სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენა ბუქმან”.

733. დაჯდა, მისთა შემხედველთა გული მათი მართლ ახელეს, მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს, სულთქვმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს. გაყრა ბრძანეს, გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს.

734. რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვაზირსა ეუბნების, ეტყვის: “შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების; რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქმს და შენ გეთნების, გაიგონენ ჭირი ჩემი, მკურნე, რაცა მეკურნების.

735. “მის ყმისა ცეცხლი მედების, წვა მისისა მჭირს მწველისა; მკლავს სურვილი და ვერ-ნახვა ჩემისა სასურველისა; მას ჩემთვის სულინი არ ჰშურდეს, შეზღვა ხამს შეუზღველისა; ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა.

736. “მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა, მუნვე დარჩა, დათმობაცა მას თანავე დაება და-; რათგან დასწვავს მოახლეთა, ღმერთსა მზედცა დაებადა, მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებადა.

737. “ოდეს წამოვე, შევჰფიცე ფიცითა საშინელითა: “კვლა მოვალ, გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა; შენსა მე ვეძებ ნათელსა, შენ ხარ გულითა ბნელითა”; ჟამია ჩემგან წასვლისა, მით მწვავს ცეცხლითა ნელითა.

738. “ყოველსავე მართლად გითხრობ, არ სიტყვასა საკვეხელსა. მიმელის და ვერ მისრულ ვარ, ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა; ვერ გავუტეხ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა, რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა!

739. “რაცა გითხარ, ჩემ მაგიერ როსტანს ჰკადრე, მიედ სრასა; თავმან მისმან, ფიცით გეტყვი შენ, ვაზირსა, ოსტასრსა: არ შეიპყრობს, არ დავდგებს, თუ შემიპყრობს, მაქმნევს რასა? მიშველე რა, გული ცეცხლმან არ დამიჭრას, არა სრასა!

740. „ჰკადრე: “ვინ გაქოს ყოველმან პირმან არ მეუმზრახემან? ვითა ვიშიშვი, გაცნობოს ღმერთმან, თქვენმანვე სახემან! მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა, და -, ალვისა ხემან, გული წამსავე წამიღო, — ვერათ ვერ შევინახე, —მან.

741. “აწ, მეფეო, უმისობა ჩემგნ ყოლა არ ეგების; გული მას აქვს, უგულოსა აქა ხელი რა მეხდების? თუ რას ვარგებ, პირველ ხოლე თვით სახელი თქვენ მოგხვდების; ვერას ვარგებ, გულსა დავსდებ, ჩემი ფიცი არ გატყდების.

742. “წასვლა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს, არ დაჭმუნდეს; თავსა ჩემსა გაგებული იქმნას, რაცა ღმერთსა უნდეს; მანვე ქმნას და გაგიმარჯვდეს, თქვენი თქვენკე და-ვე-ბრუნდეს. არ მოვბრუნდეს, თქვენმცა ჰსუფევთ, მტერი თქვენი დაძაბუნდეს!”

743. კვლა პირ-მზე ეტყვის ვაზირსა: “მე სიტყვა შევამცირეო, წა, ესე ჰკადრე მეფესა, შე-ვინ-ვიდოდეს ვირეო; მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო, ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო”.

744. ვაზირმან უთხრა სიცილით: “ქრთამი შენ გქონდეს შენია! შენგან კმა ჩემად წყალობად, რომე გზა გაგიჩენია. მაგას რა ვჰკადრებ მეფესა, რაცა აწ თქვენგან მსმენია, ვიცი, უცილოდ ამავსებს, შოება არ - საწყენია.

745. “თავმან მისმან, მუნვე მომკლავს, ვეჭვ, წამიცა არ წამაროს! შენი ოქრო შენვე დაგრჩეს, მე, გლახ, მიწა მესამაროს; მომკალ, კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს! არ ითქმის და ვერცა ვიტყვი, რა გინდა ვინ მისაგმაროს.

746. “გზა არ წავა თავსა წინა, სიცოცხლე, გლახ, ვით გათნიო? ამიკლებს და ანუ მომკლავს: “ეგე სიტყვა ვითა სთქვიო?! რად არ მუნვე გაიგონე, რად ხარ შმაგი აგეთიო”. სჯობს სიკვდილი აკლებასა, ამას თავსა აწვე ვსწვრთიო.

747. “თუ მეფეცა გაგიშვებდეს, თვით ლაშქარნი რად მოღორდენ? რად გაგიშვან, რად დაღონდენ, ანუ მზესა რად მოჰშორდენ? შენ წახვიდე, მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ, გაგვისწორდენ. ეგე ასრე არ იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ”.

748. ყმა ატირდა, ცრემლით უთხრა: “ხამს, თუ დანა გულსა ვიცი; ჰე ვაზირო, შეგეტყვების, სიყვარული არ თურ იცი, ანუ სხვაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფიცი, თუ გინახავს; უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი?!

749. “მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს! აწ ვუშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს, ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს; ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.