... (Q-1369), 1823 წ.

818. თქუა ჩემო შენი შორს მყოფი კრულია ვინცა დადუმდეს რათგან შენ დაგრჩა გონება გული შენკენვე დაბრუნდეს თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს სჯობს საყვარელსა მოყვარე რაზომცა დაუზაბუნდეს

819. მე რა ვქნა შენად შეყრამდის ანუ რას ვეჭვდე ლხენასა თავსა მოვიკლავ მე თუცა შენგან არ ვეჭვდი წყენასა მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არსიცოცოხლისა სმენასა მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა

820. ტირს იტყვის დადვა კეშნი ლახვარმან ჩემთვის ათმანო ჰინდოთა რაზმან ჩემად კლვად თქუა ესე ტევრი ვთხზა თმანო თვალთა გიშერი აშვენებს სათმან რად მომკლა სათმანო ბაგე კბილო და თვალწარბო მომცემდი პატიჟთა თმანო

821. იტყვის ჰე მზეო ვინ ხატად გთქვის მზიანისა ღამისად ერთარსებისა ერთისა მის უჟამოსა ჟამისად ვის გმორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად ბედსა ნუ მიქცევ მიაჯე შეყრამდის ჩემად და მისად

822. ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილოსოფოსნი წინანი შენ მიშველე რა ტყვექმნილსა ჯაჭვნი მაბიან რკინანი ბროლბადახშისა მძებნელმან სათნი დავჰკარგე მინანი მაშინ ვერ გავძელ სიახლე აწ სიშორესა ვინანი

823. ამას მოთსქმიდა იწვოდის ვითა სანთელი დნებოდის დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის იარებოდის რა შეუღამდის ვარსკულავთა ამოსლვა ეამებოდის მას ამსგავსებდის ილხენდის უჭვრეტდის ეუბნებოდის

824. მთუარესა ეტყვის იფიცე სახელი ღმრთისა შენისა შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა მიაჯე შეყრა პირისა შენგამო შენებრ მშვენისა

825. ღამე ალხენდის დღე სჯიდის ელის ჩასლვასა მზისასა რა წყალი ნახის გარდიხდის უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა მას თანართვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა კულავ გაემართის ისწრაფდის წასლვასა მისვე გზისასა

826. მარტო მოსთქმიდის ტიროდის ტანად ალვისა ხიანი მინდორს თხა მოკლის სადაცა ადგილი დახვდის კლდიანი შეწვის ჭამის და წავიდის პირ მზე გულმარიხიანი იტყვის დავჰყარენ ვარდნი და აჰა მე ვაგლახ იანი

827. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა მიუბნობდის რას მოთქმიდის რას ტურფასა რაზომ გვარსა ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა ბრჭლითა ნახოკარსა ქვაბნი ნახნა გაეხარნეს ზე გავიდა ქვაბთა კარსა

828. რა ასმათმან დაინახა მოეგება ცრემლი სწვთების ვით იამა სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიხვდების ყმა გარდახდა მოეხვია აკოცებს და ეუბნების კაცი კაცსა მოელოდეს მოსლვა დია ეამების

829. ყმა ქალსა ეტყვის პატრონი ნეტარ სად არის და ვითა ქალი ატირდა ცრემლითა ზღვათაცა შესართავითა ეტყვის რა წახველ გაიჭრა ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა აწ მისი არა არ ვიცი არ ნახვით არ ამბავითა

830. ყმა დაჭმუნდა ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა ქალსა ეტყვის აჰა დაო ეგეთიმცა კაცი ნუა იგი ფიცი ვით გატეხა არ ვეცრუე ვით მეცრუა ვერ იქმოდა რად მიქადა თუ მიქადა რად მიტყუა

831. თუ უმისოდ სოფელს ყოფა რათგან ჩირად არ მიღირდა რად დავვიწყდი რად მივსცილდი რად ვერ გაძლო რა მისჭირდა მან გატეხა ზენარისა რად შემართა ვით გაპირდა მაგრა ავის ბედისაგან ჩემი რამცა გამიკვირდა

832. კულავ ქალი ეტყვის მართლაც ხარ მაგისსა დამძიმებასა მაგრა რა გავბრჭო მართალი ნუ მეჭვ რასაცა თნებასა არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა

833. გული ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან რა გული წავა იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან უგულო კაცი ვერ კაცობს კაცთაგან განაკიდიან შენ არ გინახავნ არ იცი მას რომე ცეცხლნი წვიდიან

834. შენ უმართლე ხარ ემდურვი შენ გაეყარე ძმობილსა მაგრა ვით ითქმის ვით გახდა ვითა გიამბობ ცნობილსა ენა დაშვრების გაცვდების გულსა შეელმის ლმობილსა ამას მით ვაზრობ მინახავს მე უბედურსა შობილსა

835. ჯერეთ მისი მსგავსი სასჯელი არცა ვის ამბად სმენია თუ არა კაცთა სასჯელი ქვათაცა შესაძრწენია დიჯლადცა კმარის მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია თვით რაცა ბრძანოთ მართალ ხართ სხუა სხვისა ომსა ბრძენია

836. მას წამავალსა ვჰკითხევდი დამწვარსა ცეცხლმოდებულსა მოვიდეს რა ქმნას ავთანდილ მისსა დამვედრე დებულსა მიბრძანა მოღამნახვიდეს მე მისთვის გაცუდებულსა ამათ არ დავჰყრი არეთა არ გავსტეხ მისს ქადებულსა

837. მას ზენაარსა არ გავჰტეხ მას ფიცსა არ ვერცუები მას პაემნამდის მოვიცდი რაზომცა გამდის რუები თუ მკვდარი მნახოს დამმარხოს თქუას ვაგლახი და უები ცოცხალი დავხვდე უკვირდეს სიცოცხლე არს სათუები