... (Q-1369), 1823 წ.

895. ლომსა დაუგმე ნაქმარი ვარქვი არა ხარ ცნობასა შენ საყვარელსა რად აწყენ ფუ მაგა მამაცობასა ხრმალგამოწვდილი გაუხე მივეც ლახვართა სობასა თავსა გარდავჰკარ მოცავჰკალ დავხსენ სოფლისა თმობასა

896. ჴმალი გავჰტყორცე გარდვიჭერ ვეფხი შევიპყარ ხელითა მის გამო კოცნა მომინდა ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა ვეღარ გავუძელ იგიცა მოვკალ გულითა ხელითა

897. რაზომსაცა ვამშვიდებდი ვეფხი ვერა დავამშვიდე გავგულისდი მოვიქნივე ვჰკარ მიწასა დავაწყვიდე მამეგონა ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე სული სრულად არ ამომხდეს რას გიკვირს რომ ცრემლსა ვღვრიდე

898. აჰა ძმაო მითხრობია ჭირი ჩემი რაცა მჭირდა სულთა დგმაცა არა მმართებს ასრე გასლვა რად გიკვირდა სიცოცხლესა გავეყარე სიკვდილიცა დამიძვირდა ესე სიტყუა დაასრულა ყმამან სულთქნა აცატირდა

აქა ტარიელისა და ავთანდილისაგან ქვაბს მისვლა და ასმათის ნახვა

899. ავთანდილცა მასთანავე ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა უთხრა დათმე ნუ მოჰკვდები გულსა სრულად ნუ დასჭრი და ღმერთი მაგას მოწყალეობს თუცა ჭირმან არ გაგრიდა თუმც უნდოდით გასაყრელად პირველ ერთად არ შეგყრიდა

900. სდევს მიჯნურსა ფათერაკი საწუთროსა დაანაღვლებს მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს მიჯნურობა საჭიროა მით სიკვდილსა მიგვაახლებს გასწავლულსა გააშმაგებს უსწავლელსა გაასწავლებს

901. იტირეს და გაემართნეს ქვაბისაკენ თავნი არნეს რა ასმათმან დაინახა განაღამცა გაეხარნეს მოეგება მოტიროდა ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს აკოცეს და აცატირდეს კულავ ცნობანი ააჩქარნეს

902. ასმათ თქუა ღმერთო რომელი არ ითქმი კაცთა ენითა შენ ხარ სავსება ყოველთა აღგვავსებ მზეებრ ფენითა გაქო ვით გაქო რა გაქო არსაქებელო სმენითა დიდება შენდა არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა

903. ტარიელ იტყვის აჰ დაო მით ცრემლი აქა მდენია საწურთო ნაცვლად გვატირებს რაც ოდენ გაგვიცინია ძველი წესია სოფლისა არ ახლად მოსასმინია ვა შენი ბრალი თვარა და სიკვდილი ჩემი ლხინია

904. სწყუროდეს წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო ცნობილი მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს რად ვარ ცრემლითა ლტობილი უწყლოობა ჰკლავს და წყალი სდის არ ოდეს არ გახმობილი ვა წარხდა ვარდი ჰპობილი ვა მარგალიტი წყობილი

905. ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი იტყვის ჩემო ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი შენ არ გახლავ ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი გითხრამცა ვინ რა მჭირს ანუ რა ცეცხლი მწვავს რაგვარ ცხელი

906. ვარდი ამას ვით იაზრებს მზე მომშორდეს არ დავძრეო ანუ ჩვენ გლახ რა გვერგების რა ჩასვენდეს გორსა მზეო გულო გიჯობს გაუმაგრდე თავი სრულად გაიკლდეო ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი სულთა სრულად ნუ დალეო

907. სული დაიღეს დადუმდეს ორთავე ცეცხლი სდებოდა ასმათი შეჰყვა შევიდა მათებრ სახმილი გზებოდა დაუგო ტყავი ვეფხისა რომელ კულავ მიწყივ ჰგებოდა ორნივე დასხდეს უბნობდეს რაცა მათ ეამებოდა

908. მწუადი შეიწვეს შეიქმნა პურობა მსგავსი ჟამისა მუნ უპურობა პურობა არსიდიადე ჯამისა მას შეეხვეწნეს ჭამეო ძალი არ ჰქონდა ჭამისა გაცოხნის ლუკმა გატყორცის წონა ძლივ ჩანთქის დრამისა

909. ამოა რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს მან გაუგონოს რაცა თქუას არ ცუდად წაუხდებოდეს ცოტად ეგრეცა დაუვსებს ცეცხლი რაზომცა სდებოდეს დიდი ლხინია ჭირთა თქმა თუ კაცსა მოუხდებოდეს

910. მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი იგი გმირნი იუბნეს და გააცხადნეს თავთავისად მათნი ჭირნი რა გათენდა კულავ დაიწყეს საუბარნი სიტყუახშირნი ერთმანეთსა გაუგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი

911. ტარიელ ეტყვის რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა რაცა შენ ჩემთვის გიქნია ღმერთი მზღველია ვალისა კმა ზენაარი ზენარად არ ნაქმარია მთრვალისა არ დავიწყება მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა

912. აწ შემიხვეწე ნუ დამწვავ კულავ წვითა უცხელესითა მე რომე ცეცხლი მედების არ ნაგზებია კვესითა ვერ დაშრეტ შენცა დაიწვი სოფლისა ქნისა წესითა წადი დაბრუნდი შეიქეც მუნითვე შენი მზე სით ა

913. ვინ დამბადა განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად ვისცა გესმის გაიგონეთ მით გაჭრილვარ ხელი ველად რაცა ჰმართებს გონიერთა ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია მით ვარ ხელად