... (Q-1369), 1823 წ.

876. ეხვეწებოდა შეჯეო აჯას ხვეწნითა არვებდა იცოდა რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა ლერწმისა სარსა დასდრეკდა გიშერსა დააკარვებდა დაიმორჩილა ეამა არ ივაგლახა არ ვებდა

877. ცხადად უთხრა შევჯდებიო მომიყვანე ცხენი წინა მან მოგვარა წყნარად შესვა არ სიჩქარით ააქშინა მინდორთაკენ წაიყვანა ტანი მჭევრი აძრვევინა ხანი წავლეს სიარულმან მოჯობება დააჩნინა

878. შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა მისთვის ძვრიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწის ფერთა მისი სმენა გააყრმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა მოიშორვა კაეშანი დათმობავე შეაერთა

879. რა შეატყო მოჯობება მან სევდისა მუფარახმან გაანათლა პირივარდი სიხარულმან დაუსახმან ცნობიერთა დასტაქარმან უცნობოთა ოხრვაახმან ცნობიერი სიტყუა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან

880. შერასმე ჰყვეს საუბარსა სიტყუა ჰკადრა არ მალული ერთსა რასმე მოგახსენებ გამიცხადე დაფარული ეგე სამხრე მისეული შენ გაჩნია ვისგან წყლული რაგვარ გიყვარს რაგვარ გიღირს თქვი დავიღო მერმე სული

881. მან უთხრა სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა ესეა ჩემი სიცოცხლე ჩემი მომცემი ახისა მჯობი ყოვლისა სოფლისა წყლისა მიწისა და ხისა არ სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა

882. ავთანდილ უთხრა ვლამოდი მართ მაგისისა თქმევასა აწ რადგან გითქუამს პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა სჯობს ასმათისა არ ლევა მაგა სამხრისა ლევასა ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა

883. სამხრე გაბია ოქროსა ოქრომჭედლისა დნობილი უასაკო და უსულო არ სიტყვიერი ცნობილი აღარად გინდა ასმათი ნახე მათალი ბრჭობილი პირველ გლახ მისი ნაჭვრეტი თვით მერმე შენი დობილი

884. თქუენს შუა მქმნელი საქმისა შენგან ნახმობი დობისა თქვენი შემყრელი მსახური შენგან ღირსქმნილი ხმობისა მისი გამზრდელი გაზრდილი მისთვის მიხდილი ცნობისა გლახ დაგიგდია არ ნახავ შაბაშ მართლისა ბრჭობისა

885. მან უბრძანა რაცა გითქუამს უმართლე ხარ მეტისმეტად საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად მე სიცოცხლე არ მეგონა შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად რადგან დავრჩი გვალე ვნახოთ თუცავე ვარ ჯერცა რეტად

886. დამორჩილდა გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი ვერ მიგია ქება მათი ვერა ქება საქებარი კბილნი ვითა მარგალიტნი ბაგე ვარდი ნაპობარი გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი

887. ამას ეტყვის შენთვის დავსდებ გონებასა სულსა გულსა მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა არას გარგებს სწავლებული თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა არ იხმარებ რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა

888. არას გარგებს შეჭირვება რომ სჭმუნვიდე რა გერგების არ თუ იცი უგანგებოდ არათ კაცი არ მოკვდების მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების ბედი ცდაა გამარჯვება ღმერთსა უნდეს მოცაგხვდების

889. მოახსენა ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს გონიერსა მწრთელი უყვარს უგუნურსა გულსა ჰგმირდეს მაგრა რა ვქმნა რაგვარ გავსძლო მეტისმეტი რა მიმჭირდეს შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი არ მამართლო არ მიკვირდეს

890. ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს ამად აენთების მაგრა წყალსა არსით ახლავს თუ ჩავარდეს დაცაშრტების რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს სხუათათვისცა ევარგების თავიდაღმა რად არ იცი ჩემი გული რაგვარ დნების

მბობა ტარიელისა და ავთანდილისათვის ლომ ვეფხვის დახოცვა

891. რა წამეკიდა ყველაი წვრილად გიამბო ენითა მერმეღა გაპრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა შენ მოგელოდი მიმჭირდა მოლოდინითა შენითა ქვაბს ვეღარ გავძელ მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა

892. ამა ქედსა გარდავადეგ იგი შამბნი მომეარნეს ერთი ლომი ერთი ვეფხი შეკრბეს ერთად შეიყარნეს ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა მათი ნახვა გამეხარნეს მათ რა უყვეს ერთმანერთსა გამიკვირდეს შემეზარნეს

893. ქედსა გარდავდეგ ლომვეფხი მოვიდეს ერთგან რებულნი სახედ ვამსგავსე მიჯნურთა ცეცხლნი დამევსნეს დებულნი შეიყარნეს და შეიბნეს იბრძოდეს გამწარებულნი ლომი სდევს ვეფხი მიურბის იყვნეს არ ჩემგან ქებულნი

894. პირუელ ამოდ ილაღობეს მერმე მედგრად წაიკიდნეს თვითო ტოტი ერთმანეთსა ჰკრეს სიკვდილსა არ დარიდნეს გამოჰრიდა ვეფხმან გული დედათამცა განა იდნეს ლომი მედგრად გაეკიდა იგი ვერვინ დაამშვიდნეს