... (Q-1369), 1823 წ.

780. არას გარგებს სიმძიმილი უსარგებლო ცრემლთა დენა არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა წესი არის მამაცთაგან მოჭირვება ჭირთა თმენა არვის ძალუცს ხორციელსა განგებისა გარდავლენა

781. რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად გარდამხდეს და შემოვიქცე აღარ დამრჩეს გული ავლად თქვენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლამრავლად მას რა ვარგო ესე ჩემთვის დიდებად და კმარის დავლად

782. მეფეო ესე თათბირი მომკალ ვინ დამიწუნოსა მეფეო ნუთუ წასვლამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა ვერ ვეცრუები ვერ უზამ საქმესა საძაბუნოსა პირისპირ მარცხვენს ორნივე მივალთ მას საუკუნოსა

783. არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა ვჰგმობ კაცსა აუგიანსა ცრუსა და ღალატიანსა ვერ ვეცრუები ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა რა უარია მამაცსა სულდიდსა წასლვაგვიანსა

784. რა უარეა მამაცსა ომშიგან პირისმხმეჭელსა შედრეკილშეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა კაცი ჯაბანი რათა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა

785. ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი მისგან გასწორდეს ყოველნი სუსტი და ძალგულოვანი ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოანი სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი

786. მერმე ვიშიშვი მეფეო თქვენად კადრებად ამისად სცთების და სცთების სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად თუ ვერა გნახე ცოცხალმან ყოფამცა მქონდა ჟამისად

787. თუ საწუთრომან დამამხოს ყოველთა დამამხობელმან ღარიბი მოვკვდე ღარიბად ვერ დამიტიროს მშობელმან ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან მუნ შემიწყალოს თქვენმავე გულმან მოწყალემლმობელმან

788. მაქუს საქონელი ურიცხვი ვერვისგან ანაწონები მიეც გლახაკთა საჭურჭლე ათავისუფლე მონები შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი არას მქონები მიღვწიან მომიგონებენ დამლოცვენ მოვეგონები

789. რაცა თქუენთვინ არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად მიეც ზოგი ხანაგათა ზოგი ხიდთა ასაგებლად ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წასაგებლად შენგან კიდევ არვინ მივის ცეცხლთა ჩემთა დამავსებლად

790. ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის ამად გვედრებ სულსა ჩემსა წიგნი გკადრებსარ გეთნევის არას მარგებს ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის შემინდევ და შემივედრე მკვდარსა რაღა გარდმეხდევის

791. გვედრებ მეფეო შერმადინს მონასა ჩემსა რჩეულსა ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა ნუგეშინისეც წყალობით ჩემგან წყალობაჩვეულსა ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა სისხლითა ფრქვეულსა

792. გასრულდა ჩემი ანდერძი ჩემგან ნაწერი ხელითა აჰა გამზრდელო მოგშორდი წაველ გულითა ხელითა ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი ნუ ხართ მოსილნი ბნელითა სუფევით ხარმცა თავითა მტერთაგან საკრძალველითა

793. მისცა ანდერძი შერმადინს რა გაათავა წერითა უთხრა ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა

ლოცვა ავთანდილისაგან მიზგითას და გაპარვა მისი

794. ილოცავს იტყვის მაღალო ღმერთო ხმელთა და ცათაო ზოგჯერ მომცემო პატიჟთა ზოგჯერ კეთილთა მზათაო უცნაურო და უთქმელო უფალო უფლებათაო მომეც დათმობა სურვილთა მფლობელო გულისთქმათაო

795. ღმერთო ღმერთო გეაჯები რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა შენ დაჰბადე მიჯნურობა შენ აწესებ მისსა წესსა მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსსა მზესა ნუ ამოჰფხვრი სიყვარულსა მისგან ჩემთვის დანათესსა

796. ღმერთო ღმერთო მოწყალეო არვინ მივის შენგან კიდე შენგან ვითხოვ შეწევნასა რაზომსაცა გზასა ვლიდე მტერთა ძლევა ზღვათა ღელვა ღამით მავნე გამარიდე თუღა დავრჩე გმსახურებდე შენდა მსხვერპლსა შევსწირდე

797. რა ილოცა ცხენსა შეჯდა მალვით კარნი გაიარნა შერმადინცა დააბრუნა თუმცა ვამნი ადიადნა მონა ტირს და მკერდსა იცემს საბრალომან ცრემლი ღვარნა პატრონისა ვერა მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა

798. აწ ამბავი სხუა დავიწყო ყმასა წავჰყვე წამავალსა არ შეექნა დარბაზობა მას დღეს როსტანს გულგამწყრალსა რა გათენდა ქუში ადგა ჰგავს თუ ადენს პირით ალსა ხმობა ბრძანა ვაზირისა მიიყვანდეს შიშით მკრძალსა