ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

795. მეფეო, ესე თათბირი, მომკალ, ვინ დამიწუნოსა! მეფეო, ნუთუ წასლვამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა, ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა, პირისპირ მარცხვენს: ორნივე მივალთ მას საუკუნოსა.

796. არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა; ვჰგმობ კაცსა უაუგოსა, ცრუსა და ღალატიანსა. ვერ ვეცრუვები, ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა. რა უარეა მამაცსა სულდიდსა, წასლვაგვიანსა!

797. რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის მხმეჭელსა, შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა! კაცი, ჯაბანი რათა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა? სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!

798. ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა იწრო, ვერცა კლდოვანი; მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალგულოვანი; ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი. სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!

799. მერმე ვიშიშვი, მეფეო, თქვენად კადრებად ამისად: სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად, მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად, თუ ვერა გნახე ცოცხალმან, სიცოცხლე გქონდა ჟამისად.

800. თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან, ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან, ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან,— მუნ შემიწყალოს თქვენმანვე გულმან მოწყალე-მლმობელმან.

801. მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები, მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არას მქონები: მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.

802. რაცა თქვენთვის არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად, მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად; ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წასაგებლად! შენგან კიდე არვინ მივის ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად.

803. ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის, ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს,არ გეთნევის, არას არგებს, ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის, შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის!

804. გვედრებ, მეფეო, შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა,— ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა,— ნუგეშინისეც წყალობით, ჩემგან წყალობაჩვეულსა, ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა.

805. გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა. აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წავე გულითა ხელითა. ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა, სუფევითმცა ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!”

806. მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა; უთხრა: “ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა, შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურითა ვერითა”. მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.

ლოცვა ავთანდილისა

807. ილოცავს, იტყვის: “მაღალო ღმერთო, ხმელთა და ცათაო, ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო, უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო, მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულისთქმათაო!

808. ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა, შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა, მე სოფელმან მომაშორვა უკეთესს ჩემსა მზესა ნუ ამოჰფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა!

809. ღმერთო, ღმერთო, მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე, შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვვლიდე: მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, ღამით მავნე გამარიდე! თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევწირვიდე”.

810. რა ილოცა, ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა, შერმადინცა დააბრუნვა, საბრალომან ცრემლი ღვარნა; მონა ტირს და მკერდსა იცემს, სისხლმან მისმან კლდენი ღარნა; პატრონისა ვერამჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა!

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა

811. აწ ამბავი სხვა დავიწყო, ყმასა წავჰყვე წამავალსა. არ შეექმნა დარბაზობა მას დღეს როსტანს გულგამწყრალსა; რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს თუ ადენს პირით ალსა, ხმობა ბრძანა ვაზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრთალსა.

812. რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული, როსტან უთხრა: “არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული. მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხანს სული, აზომ რომე გაგათრიე შენ, ვაზირი გულისგული.