ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

910. აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა; სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად გიკვირდა? სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა”. ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულთქვნა, ა-ცა-ტირდა.

911. ავთანდილცა მას თანავე ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა; უთხრა: “დათმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი და-! ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა; თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა.

912. სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანავღლებს; მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს; მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს, გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს”.

აქა ტარიელისაგან და ათანდილისაგან ქვაბს მისვლა და ასმათის ნახვა

913. იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკენ თავნი არნეს; რა ასმათმან დაინახნა, განაღამცა გაეხარნეს! მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს, აკოცეს და ა-ცა-ტირდეს, კვლა ცნობანი ააჩქარნეს.

914. ასმათ თქვა: “ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა, შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა; გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არსაქებელო სმენითა! დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!”

915. ტარიელ ეტყვის: “ჰე დაო, მით ცრემლი აქა მდინია, საწუთრო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია. ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია. ვაჲ შენი ბრალი დავ, თვარა სიკვდილი ჩემი ლხინია!

916. სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი? მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი! უწყლოობა ჰკლავს, წყალი სდის, აროდეს არ გახმობილი. ვაჲ, წახდა ვარდი პობილი, ვაჲ, მარგალიტი წყობილი!”

917. ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი; იტყვის: “ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი? შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი, გითხრამცა ვინ, რა მჭირს, ანუ რა ცეცხლი მწვავს, რაგვარ ცხელი!

918. ვარდი ამას ვით იაზრებს: მზე მომშორდეს, არ დავჭნეო, ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო? გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო, ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დალეო.”

919. სული დაიღეს, დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა; ასმათი შეჰყვა, შევიდა, ცეცხლი მათებრვე ჰგზებოდა, დაუგო ტყავი ვეფხისა, რომელ კვლა მიწყივ ჰგებოდა; ორნივე დასხდეს, უბნობდეს, რაცა მათ ეამებოდა.

920. წვადი შეიწვეს, შეიქმნა პურობა მსგავსი ჟამისა, მუნ უპურობა პურობა, არ სიდიადე ჯამისა, მას შეეხვეწნეს: “ჭამეო”, ძალი არ ჰქონდა ჭამისა, გასცოხნის, ლუკმა გასტყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა.

921. ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს! მან გაუგონოს, რაცა თქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს, ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს. დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.

922. მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი, იგი გმირნი, იუბნეს და გააცხადნეს თავის-თავის მათნი ჭირნი. რა გათენდა, კვლა დაიწყეს საუბარნი სიტყვახშირნი; ერთმანერთსა გაუგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი.

923. ტარიელ ეტყვის: “რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა? რაცა შენ ჩემთვის გიქმნია, ღმერთი მზღველია ვალისა; კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთრვალისა, არ დაივიწყე, მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა.

924. აწ შემიხვეწე, ნუ დამწვავ კვლა წვითა უცხელესითა; მე რომე ცეცხლი მედების, არ - ანაგზები კვესითა, ვერ დაშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა. წადი, დაბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სით -ა.

925. ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად, ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გაჭრილვარ ხელი ველად; რაცა მართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად, აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია, მით ვარ ხელად”.

926. ავთანდილ ეტყვის: “რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა!” შენვე სთქვი, ეგე სიტყვაა კაცისა ბრძნად სწავლულისა?! ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლა განკურნება წყლულისა? იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!

927. ღმერთსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით, აღარ შეგყარნა, გაგყარნა, ხელი გქმნა ცრემლთა დადენით! სდევს ფათერაკი მიჯნურსა, გასჭვრიტეთ, გაიცადენით, თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეს, მე სულნი ამომხადენით!

928. ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს, რაცა ჭირია! ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია! ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია, რასცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო, უწვრთელი ვირია.