ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

718. მეფე შეჯდა, მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა! ქოს-დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა, მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა რბოლა მიდამოდა; მას დღე მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა!

719. ინადირეს, შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი, შეიტანნეს დიდებულნი, თავადნი და სპანი სრულნი; დაჯდა, დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი, ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა, მომღერალნი იყვნეს რულნი!

720. ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა, ეუბნებოდა; ბაგეთათ გასჭვირს ბროლ-ლალი და კბილთათ ელვა ჰკრთებოდა. ახლოს სხდეს ღირსნი, ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა, უტარიელოდ ხსენება არვისგან იკადრებოდა.

721. ყმამან რაცა არვის უთხრის კითხვად ვინმცა გაუპირდა? მართლა, თუ საბარსა აძვირებდა, ძვირად ღირდა; სმა გარდახდა, გაიყარნეს, ყმა წავიდა, მი - ცა - სჭირდა, ვეღარ გასძლო, გული მისი აუჩუქდა, აუტირდა.

722. ყმა მივიდა გულ-მოკლული, ცრემლი ველთა მოედინა. მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა. ზოგჯერ ადგის, ზოგჯერ დაწვის, ხელსა რადმცა დაეძინა! ”რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა!

723. წევს, იტყვის: “გულსა სალხინო რამცაღა დაუსახეო? მოგშორდი ედემს ნაზარდო, ტანო ლერწამო და ხეო, შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერმჭვრეტთა სავაგლახეო, ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ, ნეტარმცა სიზმრად გნახეო!”

724. ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა; კვლა გულსა ეტყვის: “დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა. არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოვუგვაროთა? თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა”.

725. კვლა იტყვის: “გულო, რაზომცა გაქვს სიკვდილისა წადება, სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება, მაგრა დამალე, არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლა დება, ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!”

დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფისთანა და ვაზირის საუბარი

726. რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე; იტყვის: “ნეტარ, მიჯნურობა არ დამაჩნდეს, და-მცა-ვფარე!” დათმობასა ეაჯების გულსა: ,,შენ რა მოუგვარე!” ცხენსა შეჯდა, წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე.

727. ვაზირმან ცნა, გაეგება: “ჩემსა მზეა ამოსრული, ამას თურმე მახარებდა დღეს ნიშანი სახარული!” მიეგება, თაყვანისსცა, ჰკადრა სრულსა ქება სრული. ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული.

728. ყმა გარდასვა მასპინძელმან, არ ღაფალმან, ავმან, უქმან; ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან. ყმამან სახლი გაანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან; თქვეს: “ სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენა ბუქმან”.

729. დაჯდა, მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს, მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს, სულთქმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს. გაყრა ბრძანეს, გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს.

730. რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვაზირსა ეუბნების, ეტყვის: “შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების; რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქს და შენ გეთნების, გააგონენ ჭირი ჩემი, მკურნე, რაცა მეკურნების.

731. მის ყმისა ცეცხლი მედების, წვა მჭირს მისისა მწველისა; მკლავს სურვილი და ვერნახვა ჩემისა სასურველისა; მას ჩემთვის სულინი არ შურდეს, შეზღვა ხამს შეუზღველისა; ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა.

732. მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა, მუნვე დარჩა, დათმობაცა მას თანავე დაება და-; რათგან დასწვავს მოახლეთა, ღმერთსა მზედცა დაებადა, მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებადა.

733. ოდეს წამოვე, შევჰფიცე ფიცითა საშინელითა: “კვლა მოვალ, გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა; შენსა მე ვეძებ ნათელსა, შენ ხარ გულითა ბნელითა”; ჟამია ჩემგან წასვლისა, მით მწვავს ცეცხლითა ნელითა.

734. ყოველსავე მართლად გითხრობ, არ სიტყვასა საკვეხელსა. მიმელის და ვერ მისრულ ვარ, ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა; ვერ გავუტეხ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა, რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა!

735. რაცა გითხარ, ჩემ მაგიერ როსტანს ჰკადრე, მიედ სრასა; თავმან მისმან, — ფიცით გეტყვი შენ, ვაზირსა, ოსტასრსა, — არ შეიპყრობს, არ დავდგებს, თუ შემიპყრობს, მაქმნევს რასა? მიშველე რა, გული ცეცხლმან არ დამიჭრას, არა სრასა!

736. ჰკადრე: “ვინ გაქოს ყოველმან პირმან არმეუმზრახემან? ვითა ვიშიშვი, გაცნობოს ღმერთმან, ნათელთა სახემან! მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა, ალვისა ხემან, გული წამსავე წამიღო, — ვერათ ვერ შევინახე, —მან.