ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

891. რა შეატყვა მოჯობება მან, სევდისა მუფარახმან, გაანათლა პირი ვარდი სიხარულმან დაუსახმან, ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრვა-ახმან; ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან.

892. შე-რასმე-ჰყვეს საუბარსა, სიტყვა ჰკადრა არ-მალული: “ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული: ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული, რაგვარ გიყვარს, რაგვარ გიღირს? თქვი, დავიღო მერმე სული.”

893. მან უთხრა: “სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა! ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მომცემი ახისა, მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა; არ - სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა”.

894. ავთანდილ უთხრა: “ვლამოდი მართ მაგისსა თქმევასა; აწ რათგან გითქვამს, პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა: სჯობს ასმათისა არლევა მაგა სამხრისა ლევასა, ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა.

895. სამხრე გაბია ოქროსა, ოქრომჭედლისა დნობილი, უასაკო და უსულო, არ სიტყვიერი, ცნობილი; აღარად გინდა ასმათი, — ნახე მათალი ბრჭობილი! — პირველ, გლახ, მისი ნაჭვრეტი, თვით მერმე შენი დობილი,

896. თქვენს შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნახმობი დობისა, თქვენი შემყრელი მსახური, შენგან ღირსქმნილი ხმობისა, მისი გამზრდელი, გაზრდილი, მისთვის მიხდილი ცნობისა, გლახ, დაგიგდია, არ ჰნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა!”

897. მან უბრძანა: “რაცა გითქვამს, უმართლე ხარ მეტისმეტად: საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად; მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად, რათგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერთცა რეტად”.

898. დამორჩილდა. გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი. ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი: კბილნი — ვითა მარგალიტნი, ბაგე — ვარდი ნაპობარი. გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

899. ამას ეტყვის: “შენთვის დავსდებ გონებასა, სულსა, გულსა, მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა; არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა: არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?

900. არას გარგებს შეჭირვება: რომ სჭმუნვიდე, რა გერგების? არ თურ იცი, უგანგებოდ არა კაცი არ მოკვდების. მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების. ბედი ცდაა გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების”.

901. მოახსენა: “ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს, — გონიერთა მწვრთელი უყვარს, უგუნურთა გულსა ჰგმირდეს,— მაგრა რა ვქმნა, რაგვარ გავსძლო, მეტისმეტი რა მიმჭირდეს! შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო, არ მიკვირდეს?

902. ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს, ამად აენთების, მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს, და-ცა-შრტების; რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ევარგების, თავიდაღმა რად არ იცი, გული ჩემი რაგვარ დნების!”

მბობა ტარიელისაგან ლომ - ვეფხის დახოცისა

903. ,,რა წამეკიდა, ყველაი წვრილად გიამბო ენითა, მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა; შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა, ქვაბს ვეღარ გავსძელ, მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა.

904. იმა ქედსა გარდავადეგ, შამბნი ისი მომეარნეს; ერთი ლომი, ერთი ვეფხი შეკრბეს, ერთად შეიყარნეს, ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს, მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს.

905. ქედსა გარდავდეგ, ლომ- ვეფხვნი მოვიდეს ერთგნით რებულნი,— სახედ ვამსგავსენ მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსნეს დებულნი, — შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი, ლომი სდევს, ვეფხვი მიურბის, იყვნეს არ ჩემგან ქებული.

906. პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს: თვითო ტოტი ერთმანერთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დარიდნეს, გამორიდნა ვეფხმან გული, — დედათამცა განა რიდნეს! — ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.

907. ლომსა დაუგმე ნაქმარი, ვარქვი: “არა ხარ ცნობასა, შენ საყვარელსა რად აწყენ? ფუ მაგა მამაცობასა!” ხრმალგამოწვდილი გავუხე, მივეც ლახვართა სობასა, თავსა გარდავჰკარ, მო-ცა-ვკალ, დავხსენ სოფლისა თმობასა.

908. ხრმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა; მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა; მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭკალითა სისხლთა მღვრელითა, ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა.

909. რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე, გავგულისდი, მოვიქნივე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე; მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე; სულნი სრულად არ ამომხდეს, რას გიკვირს, თუ ცრემლსა ვღვრიდე!