ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

776. რადღა ვაგრძელებ სიტყვასა? ჟამია შემოკლებისა! აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა. რასაცა გვედრებ, ისმენდი, ვირე დრო გქონდეს ხლებისა; შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა.

777. აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე, სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე; სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე, სამსახური აქამდისი, კვლა გავლენა გააკვლადე.

778. მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნუმცა მოგაკლდების, ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კვდების! შემოვიქცე, შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების; პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების”.

779. ესე ესმა, ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა სდინდი; მოახსენა: “მარტოობით ჭირსა რადმცა შეუშინდი! მაგრა რა ვქმნა, უშენოსა, დამეცემის გულსა ბინდი! წამიტანე სამსახურად, მოგეხმარო, რადცა გინდი.

780. ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი? ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი? დაკარგულსა გიგონებდე, რა ვიქმნები აქა ფლიდი?” ყმამან უთხრა: “ვერ წაგიტან რაზომსაცა ცრემლსა ღვრიდი.

781. შენგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა, მაგრა საქმე არ მოხდების, ჟამი ასრე დამემტერა! ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდე ვინმც მეფერა?! გული დადევ, დაიჯერე, ვერ წაგიტან, ვერა, ვერა!

782. თუ მიჯნური ვარ, ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად; არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად? გაჭრა ხელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად! ასრეა ესე სოფელი, შესჯერდი კვლა შეჯერებად!

783. რა მოგშორდე, მახსენებდი, სიყვარული ჩემი გქონდეს; არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს. ხამს, მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს, მძულს, რა კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს.

784. მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ მოვჰკრეფ კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად; ჩემსა მზესა დავეთხოვე, გავუშვივარ, დავდგე მე რად? მას თუ დავთმობ, სახლსა ჩემსა ვეღარ დავსთმობ ვისსა ვერად?

785. აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ, როსტანს წინა დაწერილსა; შენ შეგვედრებ, დაგიჭიროს, ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა. მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანასგან ნუ იქ ქმნილსა, ამაზედა იტირებდი, დაიდებდი თვალთა მილსა”.

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა

786. დაჯდა წერად ანდერძისად, საბრალოსა საუბრისად: “ჰე, მეფეო, გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად; ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცეხლთა მომდებრისად; შემინდევ და წამატანე მოწყალება ღმრთაებრისად.

787. ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა გაზრახულსა. კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა; მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლათქმულსა: “სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა”.

788. რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა, მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა?! არა ვიქ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა! მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.

789. წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ? ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანი მიაფერენ. “სიყვარული აღგვამაღლებს”, ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ, შენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ!

790. ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად; ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად, ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად, იგი გაჰხდის წამის–ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად.

791. რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების. მზისა შუქთა ვერმჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭნების, თვალთა ტურფა საჭვრეტელი უცხოდ რადმე ეშვდინების; მე ვით გავსძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით მეთნების!

792. რაზომცა სწყრები, შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა. ძალი არ მქონდა ტყვექმნილსა მე მაგისისა თნებისა; აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა; სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა!

793. არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა; არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა; წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა, არვის ძალუც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.

794. რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად, გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად; თქვენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლამრავლად; მას რა ვარგო, დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად.