ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

929. თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმარის სწავლა სწავლად; ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად, მოვახსენე: “რათგან ჩემი შეუქმნია გული ავლად, არას ვარგებ, არ დავდგები, სხვა ვიუბნო რაღა მრავლად?”

930. მან მიბრძანა: “მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად, შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად”. მისით კითხვით წამოსრულვარ, არ მთრვალურად არ მახმურად, აწ შევიქცე, რა უამბო, რად მოვეო ჯაბანხრდლურად?

931. მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი: მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი; ვერას ვერა იქს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი. შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!

932. სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა, გწადდეს — გულითა ბრძენითა, გწადდეს — ცნობითა შმაგითა, მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა, ოდენ გამაგრდი, არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა.

933. ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მსგეფსსა აქავ ქვაბსა მომნახევდი მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა; ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდიეფსა, ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითა მცა ძაღლი ყეფსა.

934. ამა დროსა გარდავსცილდე, აქავ ქვაბსა არ მოვიდე, ცან, ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკვე კიდე; ეს ამისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე, მაშინ გწადდეს — იხარებდი, გწადდეს — ჭმუნვა გაადიდე.

935. აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი! მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი; არ, უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი, არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბრუნავი”.

936. მან უბრძანა: “აღარ გაწყენ, არცა სიტყვა გამეტადდეს, არ მომისმენ, რაზომიცა საუბარი მიდიადდეს; თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს, ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს.

937. არ დაიჯერო, მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა; ჩემთვის ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა; შენ რაცა გითქვამს, მაგას ვიქმ, მრჯის რაზომ გინდა ხელობა, უშენოდ მომხვდეს, რაღა ვქმნა, არ დია დღეთა გრძელობა!”

938. საუბარი გარდასწყვიდეს, დააპირეს ესე პირი; ცხენსა შესხდეს, მოიარეს, თითო მოკლეს ველს ნადირი; შემოიქცეს, აატირეს გული, კვლაცა ანატირი, ხვალ გაყრის გონებამან სხვა უმატა ჭირსა ჭირი.

939. ლექსთა მკითხველო, შენიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია! გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია?! მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკლველია, ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე რაგვარ ძნელია!

940. დილა გათენდა, შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს. ტარიელ, ასმათ, ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი დალამნეს; სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს, მათ ლომთა, მიწყივ მხეცქმნილთა, თავნი მხეცთავე ალამნეს.

941. ქვაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი, ასმათ ტირს, მოსთქვამს: “ჰე ლომნო, ვისნი ვით მოგთქმენ ენანი! მზემან დაგწვნა და დაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი, ვაჲ, ჭირნი ჩემნი ეზომნი! ვაჲ სიცოცხლისა თმენანი!”

942. მათ ყმათა, მუნით წასრულთა, იგი დღე ერთგან იარეს, ზღვის პირს მივიდეს, მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს, არ გაიყარნეს მას ღამე, კვლა ცეცხლი გაიზიარეს, ერთმანერთისა შორს ყოფა იტირეს, იმგლოვიარეს.

943. ტარიელს ეტყვის ავთანდილ, რუ გახმა ცრემლთა დენისა: რად მოიშორვე შენ ფრიდონ, მომცემი მაგა ცხენისა? მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა ლხენისა, აწ მე მუნ მივალ, მასწავლე გზა ძმადფიცისა შენისა.”

944. ტარიელ სიტყვით ასწავლის მხარსა ფრიდონის გზისასა, მართ გააგონა, რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა: “აღმოსავლითკენ წადიო, პირსა იარე ზღვისასა, თუ ნახო, ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა.”

945. თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა, სვეს და ჭამეს, რაცა ჭამა შეჰფერობდა მათსა ჭირსა; მას ღამესა ერთად იყვნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა. ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა.

946. ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვინეს; მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს, ვინცა მოისმინეს; თვალთათ, ვითა წყაროს თვალნი, ცრემლნი ველთა მოადინეს, დიდხან დგანან შეჭედილნი, მკერდი მკერდსა შეარკინეს.

947. გაიყარნეს ტირილით და პირსა ხოკით, თმათა გლეჯით, ერთი აღმა, ერთი ჩაღმა, უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით; ვირე უჩნდა ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით; იგი ნახნეს დაღრეჯილნი, მზე დაიღრეჯს მისით ღრეჯით.

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონისასა