ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

698. ქალსა რა ესმა ამბავი, მიხვდა წადილი ნებისა, განათლდა პირი მთვარისა, ვით ნათლად ნავანებისა; იტყვის: “რა უთხრა პასუხი მას სათნებლისა თნებისა, რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა?”

699. ყმა ეტყვის: “ვის აქვს მინდობა კაცისა მომცქაფავისა? მან ჩემთვის დაწვდა თავისი დადვა, არდასაწვავისა, დრო დამიც ჩემგან მისლვისა, მითქვამს დადება თავისა, მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა.

700. ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად; კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად, აჰა, მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად!”

701. მზე ეტყვის: “მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა: პირველ, შენ მოხვე მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა, მერმე ზრდა სიყვარულისა გაქვს, ჩემგან დანერგულისა, ვპოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა!

702. საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების: ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების. აქამდის ჭირი ჩემზედა აწ ასე ლხინი უხვდების, რათგან შვება აქვს სოფელსა, თვით რად ვინ შეუწუხდების?

703. შენ არგატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა. ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა, ძებნა წამლისა მისისა და ცოდნა ხამს უიცისა, ჩემი თქვი, რა ვქმნა ბნელქმნილმან, მზე მიმეფაროს, მი-, ცისა?”

704. ყმამან ჰკადრა: “სიახლითა შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა, ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა, ცუდი არის სიყვარული, ქვეით კოცნა, მზისა წვერვა, თუ გეახლო, ერთხლ ვაჲ და, რა მოგშორდე, ათასჯერ ვა!

705. ვაი თუ გავიჭრა, გაჭრილსა სადა, გლახ, დამწვავს სამ ალი! გული ძეს საგნად ისრისა, მესრის საკრავად სამალი; დრო სიცოცხლისა ჩემისა დღისაღა ჩანს ნასამალი; მალვა მწადს, მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი!

706. მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ჰბრძანე! ვარდსა ქაცვი მოაპოვებს, ეკალთამცა რად ვეფხანე! მაგრა, მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე: სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე!”

707. ყმა ტბილი და ტკბილქართული, სიკეთისა ხელის მხდელი, ამაზედა ეუბნების, ვით გაზრდილსა ამო მზრდელი; ქალმან მისცა მარგალიტნი, სრულქმნა მისი საწადელი, ღმერთმან ქმნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი!

708. რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს, ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს, მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერმჭვრეტსა ავაგლახიოს! ვაი მოყვრისა გაყრილსა ახი ოს ეყოს, ახი, ოს!

709. მათ მიხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა. ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა; მზე ტირს სისხლისა ცრემლითა, ზღვისაცა მეტისმეტითა, იტყვის: “ვერ გაძღა სოფელი, ვაჲ, სისხლთა ჩემთა ხვრეტითა!”

710. ყმა წავიდა სევდიანი, მკერდსა იცემს, ამად ილებს, რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფრდილებს; რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს, მის მოყვრისა მოშორვება კვლა აბინდებს, არ ადილებს.

711. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და ღარად; იტყვის: “მზე ჩემგან თავისა კმა დასადებლად აღარად; მიკვირს, თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად! ვირე ვნახვიდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად!

712. ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა მრწყო, დამრგო, მახია, დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია, დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა მახია. აწყა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!”.

713. ამას მოსთქვამს, ცრემლსა აფრქვევს, ათრთოლებს და აწანწარებს. გულამოსკვნით, ოხვრა-სულთქვმით, მიხრის ტანსა, მიაწარებს. საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს, ვაჲ, საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს, აზეწარებს!

714. ყმა მივიდა, საწოლს დაჯდა, ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების, მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა, არ მოსწყდების; ვით მწვანილსა თრთვილისაგან, პირსა ფერი მოაკლდების. ხედავთ, ვარდსა უმზეობა რაგვარ ადრე დააჩნდების!

715. გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი, გული — ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი, გული — ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი, ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი!”

716. რა გულსა უთხრა გულისა სიტყვანი საგულისონი, მან მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი, მის მზისა მკლავსა ნაბამნი, მათ კბილთა შესატყვისონი, პირი დაიდვა აკოცა, ცრემლი სდის, ვითა ბისონი.

717. რა გათენდა, კაცი მოვა მომკითხავი, დარბაზს მხმობი. ყმა წავიდა ლაღი, ნაზი, ნაღვიძები, ძილნაკრთობი. ერთმანერთსა ეჯარვიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი; მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოემზადა დაბდაბ-ნობი.