ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

871. ყმამან უთხრა: “რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქ ავსა? ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა? ვის უქნია შენი მსგავსი სხვასა კაცთა ნათესავსა? რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა?

872. თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა: ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა. ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა. თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.

873. ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ, მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ, რას წადილსა აისრულებ? ვისთვის ჰკვდები, ვერ მიხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ, თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ?

874. ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან? ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან? მითხარ, უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან? არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!

875. ვარდსა ჰკითხეს: “ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად პირად? მიკვირს, რად ხარ ეკლიანი? პოვნა შენი რად არს ჭირად?” მან თქვა: “ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად: ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად”.

876. რათგან ვარდი ამას იტყვის უსულო და უასაკო, მაშა ლხინსა ვინ მოიმკის, პირველ ჭირთა უმუშაკო? უბოროტო ვის ასმია, რაცა კარგი საეშმაკო, რად ემდურვი საწურთოსა? რა უქნია უარაკო?!

877. ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე, წავიდეთ ნებასა, ნუ მიჰყოლიხარ თავისსა თათბირსა, გაგონებასა, რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა, ასრე არ სჯობდეს, არ გეტყვი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა!."

878. მან უთხრა: “ძმაო, რა გითხრა, ძვრაცა არ ძალ-მიც ენისა, ძალი არა მაქვს ხელ-ქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა; რად ადვილად გიჩნს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა? აწ მივსწურვივარ სიკვდილსა, დრო მომეახლა ლხენისა.

879. ამას მოკვდავი ვილოცავ, აროდეს ვითხოვ, არ, ენით: აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით, მუნ ერთმანერთი კვლა ვნახეთ, კვლა რამე გავიხარენით! მო, მოყვარეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით!

880. საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს, ვით გაწიროს! მისკე მივალ მხიარული, მერმე იგი ჩემ კერძ იროს, მივეგებვი, მომეგებოს, ამიტირდეს, ამატიროს. ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდ ვინ გივაზიროს!

881. მართ გარდაწყვეტით იცოდი, გეტყვი მართალსა პირასა: სიკვდილი მახლავს, დამეხსენ, ხანსაღა დავჰყოფ მცირასა: არ ცოცხალ ვიყო, რას მაქნევ? რა დავრჩე, ხელსა მხდი რასა? დამშლიან ჩემნი კავშირნი, შევჰრთვივარ სულთა სირასა.

882. რა სთქვი, რას იტყვი, არ მესმის, არცა მცალს სმენად ამისად, სიკვდილი მახლავს ხელქმნილსა, სიცოცხლე არის წამისად; აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად, მუნ მეცა მივალ, ცრემლისა მიწად სად გამდის ლამი, სად.

883. ბრძენი? ვინ ბრძენი, რა ბრძენი! ხელი ვითა იქს ბრძნობასა? ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა; ვარდი ვერ არის უმზეოდ; იყოს, დაიწყებს ჭნობასა; მაწყენ, დამეხსენ, არა მცალს, არცაღა ვახლავ თმობასა”.

884. კვლა ეუბნების ავთანდილ სიტყვითა მრავალფერითა, ეტყვის: “ თუ მოჰკვდე, გერგების სიტყვითა რა ოხერითა? ნუ იქ, არა სჯობს საქმითა, ნუ ხარ თავისა მტერითა!” ვერ წაიყვანა, ვერა ქმნა სიტყვითა ვერა, ვერითა.

885. მერმე უთხრა: “აჰა, რათგან არ მომისმენ არას, არა, აღარ გაწყენს ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცთარა; თუ სიკვდილი გიჯობს, მოკვე, ვარდი დაჭნეს, და-მცა-მჭნარა! ერთსა რასმე გეაჯები, მიყავ!” — ცრემლი ამდუღარა.

886. სადა ინდონი ბროლ-ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა, მას მოვეშორვე, წამოვე სიჩქარით, არ სიწყნარითა; ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა, შენ არ შემიყრი, გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა?

887. ნუ გამგზავნი გულ-მოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი, ერთხელ შეჯე, ცხენოსანი გნახო ჩემი სულთამხდელი, ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი; მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქმნას შენი საქადელი!”

888. ეხვეწებოდა: “შეჯეო”, აჯას ხვეწნითა არვებდა, იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა, ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა. დაიმორჩილა, ეამა, არ ივაგლახა, არ ვებდა.

889. ცხადად უთხრა: “შევჯდებიო, მომიყვანე ცხენი წინა”. მან მოჰგვარა, წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა; მინდორთაკენ წაიყვანა, ტანი მჭევრი აძრვევინა, ხანი წავლეს, სიარულმან მოჯობება დააჩინა.

890. შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა, მისთვის სძრვიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწისფერთა, მისი სმენა გააყმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა; მოიშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა.