ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

737. აწ, მეფეო, უმისობა ჩემგნ ყოლა არ ეგების; გული მას აქვს, უგულოსა აქა ხელი რა მეხდების? თუ რას ვარგებ, პირველ ხვალმე თვით სახელი თქვენ მოგხვდების; ვერას ვარგებ, გულსა დავსდებ, ჩემი ფიცი არ გატყდების.

738. წასვლა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს, არ დაჭმუნდეს; თავსა ჩემსა გაგებული იქმნას, რაცა ღმერთსა უნდეს; მანვე ქმნას და გაგიმარჯვდეს, თქვენი თქვენკე და-ვე-ბრუნდეს. არ მოვბრუნდეს, თქვენმცა სუფევთ, მტერი თქვენი დაძაბუნდეს!”

739. კვლა პირ-მზე ეტყვის ვაზირსა: “მე სიტყვა შევამცირეო, წა, ესე ჰკადრე მეფესა, შე-ვინ-ვიდოდეს ვირეო; მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო, ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო”.

740. ვაზირმან უთხრა სიცილით: “ქრთამი შენ გქონდეს შენია! შენგან კმა ჩემად წყალობად, რომე გზა გაგიჩენია. მაგას რა ვჰკადრებ მეფესა, რაცა აწ თქვენგან მსმენია, ვიცი, უცილოდ ამავსებს, შოება არსაწყენია.

741. თავმან მისმან, მუნვე მომკლავს, ვეჭვ, წამიცა არ წამაროს! შენი ოქრო შენვე დაგრჩეს, მე, გლახ, მიწა მესამაროს: მომკალ, კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს! არ ითქმის და ვერცა ვიტყვი, რა გინდა ვინ მისაგმაროს.

742. გზა არ წავა თავსა წინა, სიცოცხლე, გლახ, ვით გათნიო? ამიკლებს და ანუ მომკლავს: “ეგე სიტყვა ვითა სთქვიო?! რად არ მუნვე გაიგონე, რად ხარ შმაგი აგეთიო”. სჯობს სიკვდილი აკლებასა, ამას თავსა აწვე ვსწვრთიო.

743. თუ მეფეცა გაგიშვებდეს, თვით ლაშქარნი რად დაღორდენ? რად გაგიშვან, რად დაღონდენ, ანუ მზესა რად მოშორდენ? შენ წახვიდე, მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ, გაგვისწორდენ. ეგე ასრე არ იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ”.

744. ყმა ატირდა, ცრემლით უთხრა: “ხამს, თუ დანა გულსა ვიცი; ჰე, ვაზირო, შეგეტყვების, სიყვარული არ თურ იცი, ანუ სხვაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფიცი? თუ გინახავს; უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი?!

745. მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს! აწ უშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს, ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს; ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.

746. მეფე ანუ მისნი სპანი, ნეტარ, ხელსა რასა მხდიან! აწ ვითამცა უცნობოსა გაუწყვედლად ცრემლნი მდიან. სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან; ჭირნი, მისგან უნახავნი, დია, ვის-მე გარდუხდიან?

747. აწ, ვაზირო, მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს? რკინა, ჩემი მონაცვალე, ხამს გაცვილდეს, არ გატინდეს; ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თვალთა მდინდეს, მომეხმარე, ნუთუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს.

748. არ გამიშვებს, გავიპარვი, წავალ მათგან შეუგებლად; ვითა მნუკევს, ეგრე დავრთო გული ცეცხლთა მოსადებლად. ვიცი, ჩემთვის არას გიზამს, თუ არ უნდი გასაძებლად; თქვი, რა გინდა წაგეკიდოს, თავი დადევ საწამებლად!”

749. ვაზირმან თქვა: “შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების, ვეღარ უჭვრეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა გაქარდების! ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. ვიტყვი, მოვკვდე, არა მგამა, ჩემი მზეცა თქვენ მოგხვდების!”

750. რა ვაზირმან ესე უთხრა, ადგა, დარბაზს გაემართა. მეფე დახვდა შეკაზმული, პირი მზეებრ ეწაღმართა. შეუშინდა, საწყენლისა მოხსენება ვერ შემართა, დაყრით დადგა, იგონებდა არ საქმეთა საომართა.

751. მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით დაყმუნვებული, უბრძანა: “რა გჭირს, რა იცი, რად მოხვე შეჭირვებული?” მან ჰკადრა: “არა ვიციო, მართ ვარ თავისა ვებული, მართალ ხართ, მომკლათ, რა გესმას ამბავი გაკვირვებული.

752. ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა მატს და არცა სდიდობს; მეშინიან, თუცა შიშსა მოციქული არ დარიდობს. აწ ავთანდილ გეთხოვების, მოაჯეობს, არ წამკიდობს, უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს”.

753. რაცა იცოდა, ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა, კვლა მოახსენა: “რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა, თუ რაგვარ მყოფი მინახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა! მართალ ხართ, თუმცა რისხვანი ჩემთვის იანაზდენითა”.

754. რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა, გაავცნობდა, ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა; შეუზახნა: “რა თქვი, შმაგო, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა? ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა!

755. ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ადრად! მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მომკლას მუხთლად, ღადრად? შმაგო, ენა ვით იხმარე აწ მაგისა ჩემად კადრად? აგრე შმაგი არ ვაზირად, არად ვარგხარ არცა სხვად რად!

756. ხამსა, კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დახედნეს, ოდენ სიტყვა უმეცრული უმეცრულად დაიყბედნეს?! მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს? შენ თუ მოგკლა, სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს!”