ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

832. მე რა ვქმნა შენად შეყრამდის, ანუ რას ვეჭვდე ლხენასა? თავსა მოვიკლავ მე, თუმცა შენგან არ ვეჭვდი წყენასა, მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არსიცოცოხლისა სმენასა, მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა!”

833. იტყვის: “ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად, ერთარსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად, ვის გმორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად, ბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად!

834. ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილასოფოსნი წინანი, შენ მიშველე რა ტყვექმნილსა, ჯაჭვნი მაბიან, რკინანი! ბროლ - ბალახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ, მინანი; მაშინ ვერ გავსძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი”.

835. ამას მოთსქმიდის, იწოდის, ვითა სანთელი დნებოდის, დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის, იარებოდის; რა შეუღამდის, ვარსკვლავთა ამოსლვა ეამებოდის, მას ამსგავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის, ეუბნებოდის.

836. მთვარესა ეტყვის: “იფიცე სახელი ღმრთისა შენისა! შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა, შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა, მიაჯე შეყრა პირისა, შენ გამო შენებრ მშვენისა!”

837. ღამე ალხენდის, დღე სჯიდის, ელის ჩასლვასა მზისასა; რა წყალი ნახის, გარდახდის, უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა, მას თანართვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა, კვლა გაემართის, ისწრაფდის წავლასა მისვე გზისასა.

838. მარტო, მოსთქმიდის, ტიროდის ტანად ალვისა ხიანი, მინდორს თხა მოკლის, სადაცა ადგილი დაჰხვდის კლდიანი, შეწვის, ჭამის და წავიდის პირ - მზე, გულმარიხიანი, იტყვის: “დავყარენ ვარდნი და, აჰა მე, ვაგლახ, იანი!”

839. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა; რას უბნობდის, რას მოთქმიდის, რას ტურფასა, რაზომგვარსა! ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა, ბრჭლითა ნახოკარსა. ქვაბნი ნახნა, გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა.

840. რა ასმათმან დაინახა, მოეგება, ცრემლი სწვთების, ვით ეამა, სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიხვდების; ყმა გარდახდა, მოეხვია, აკოცებს და ეუბნების. კაცი კაცსა მოელოდეს, მოსვლა დია ეამების.

841. ყმა ქალსა ეტყვის: “პატრონი, ნეტარ, სად არის და ვითა?” ქალი ატირდა ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა, ეტყვის: “რა წახვე, გაიჭრა, ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა; აწ მისი არა არ ვიცი არ ნახვით, არ ამბავითა”.

842. ყმა დაჭმუნდა, ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა; ქალსა ეტყვის: “აჰა, დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა! იგი ფიცი ვით გატეხა! არ ვეცრუე, ვით მეცრუა? ვერ იქმოდა, რად მიქადა? თუ მიქადა, რად მიტყუა?"

843. მე უმისოდ სოფელს ყოფა რათგან ჩირად არ მიღირდა, რად დავვიწყდი, რა მივსცილდი? რად ვერ გასძლო, რა მისჭირდა? მან გატეხა ზენარისა რად შემართა, ვით გაპირდა? მაგრა ავის ბედისაგან ჩემი რამცა გამიკვირდა!"

844. კვლა ქალი ეტყვის: “მართლაც ხარ მაგისსა დამძიმებასა, მაგრა რა გავბრჭო მართალი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა: არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა? იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა.

845. გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან: რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან; უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან. შენ არ გინახავნ, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან.

846. შენ უმართლე ხარ, ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა, მაგრა ვით ითქმის, ვით გახდა, ვითა გიამბო ცნობილსა! ენა დაშვრების, გაცვთების, გულსა შეელმის ლმობილსა, ამას მით ვაზრობ, მინახავს მე უბედურსა შობილსა.

847. ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი არცა ვის ამბად სმენია: არა თუ კაცთა, სასჯელი ქვათაცა შესაძრწენია, დიჯლადცა კმარის, მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია; თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ: სხვა სხვისა ომსა ბრძენია.

848. მას წამავალსა ვჰკითხევდი, დამწვარსა, ცეცხლ-მოდებულსა: “მოვიდეს, რა ქმნას ავთანდილ? მისსა დამვედრე დებულსა”. მიბრძანა: “მო-ღა-მნახვიდეს მე, მისთვის გაცუდებულსა, ამათ არ დავჰყრი, არეთა, არ გავსტეხ მას ქადებულსა.

849. მას ზენაარსა არ გავსტეხ, მას ფიცსა არ ვეცრუები, მას პაემნამდის მოვიცდი, რაზომცა გამდის რუები; თუ მკვდარი მნახოს, დამმარხოს, თქვას ვაგლახი და ვაები, ცოცხალი დავხვდე, უკვირდეს, სიცოცხლე არს სათუები”.

850. ჩემთვის გარდახდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა; ოდენ მოდენა ცრემლისა მჭირს, ველთა მოსალბედისა. მსჯის გამრავლება ხელქმნილსა სულთქმისა ზედაზედისა, დავვიწყებივარ სიკვდილსა, ნახეთ ნაქმარი ბედისა!

851. ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია: “ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია”. აწ ზაფრანია, ვის წინას ვერ ვარდი ჰგვანდის, ვერ ია; თუღა მონახავ, მონახე, ქმენ რაცა შენი ფერია”.