... (Q-1369), 1823 წ.

683. სიარულსა მისგან ძებნად სრულ პატიჟთა მოსთვლის ჭირსა მერმე ჰკადრა საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა საწუთრო და სოფელს ყოფა კაცი უჩსო ვით ნადირსა ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების მინდორს ტირსა

684. ნუ მკითხავ ქება რა გკადრო ჩემგან რა გაგეგონების მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების თვალნი მჭვრეტელი ვით მზისა ციაგსა დაეღონების ვარდი არ ქნილი ზაფრანად აწ ია შეიკონების

685. წვრილად ჰკადრა რა იცოდა რა ნახული რა ნასმენად ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქო სახლად მენად ქალი ახლავს სასურველად სულთა დგმად და ჭირთა თმენად ვა სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად

686. ქალსა რა ესმა ამბავი მიხვდა წადილი ნებისა განათლდა პირი მთვარისა ვით ნათლად ნავანებისა იტყვის რა უთხრა პასუხი მას სათნებლისა თნებისა რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა

687. ყმამან ჰკადრა ვინ მიენდოს კაცსა ცრუსა დაუნდობელს იმა ლომმან ჩემთვის თავი დაჰსდვა ბუთსა დასადნობელს მუნ აღმითქუამს მისლვა ჩემი რგებად მისსა ფიცით მხმობელს მზე მიფიცავს მისი ვისთვის ვღვრი სისხლის ცრემლს შეუშრობელს

688. ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად გული მისცეს გულისათვის სიყვარული გზად და ხიდად კულავ მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად აჰა მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად თავი ფლიდად

689. მზე ეტყვის მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა პირველ შენ მოხველ მშვიდობით მპოვნელი დაკარგულისა მერმე ზრდა სიყვარულისა გაქვ ჩემგან დანერგულისა ვპჰოვე წამალი გულისა აქამდის დადაგულისა

690. საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების აქამდის ჭირი ჩემზედა აწ ესე ლხინად უხვდების რადგან შვება აქვს სოფელსა თვით რად ვინ შეუწუხდების

691. შენ არ გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა ფიცისა ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა ძებნა წამლისა მისისა ცოდნა ხამს უვიცისა ჩემი თქვი რა ვქმნა ბნელქმნილმან მზე მიმეფაროს მე ცისა

692. ყმამან ჰკადრა სიახლითა შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა ცუდი არის სიყვარული ქვეით კოცნა მზისა წურვა თუ გიახლო ერთხელ ვა და რა მოგშორდე ათასჯერ ვა

693. ვაჲ თუ გავიჭრა გაჭრილსა სადა გლახ დამწვავს სად ალი გული ძეს საგნად ისრისა მესვრის საკრავად სამალი დრო სიცოცხლისა ჩემისა დღისითღა ჩანს ნასამალი მალვა მწადს მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი

694. მესმა თქვენი ნაუბარი გავიგონე რაცა ჰბრძანე ვარდსა ქაცვი მოაპოვებს ეკალთამცა რად ვეფხანე მაგრა მზეო თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე სიცოცხლისა საიმედო ნიშანი არ წამატანე

695. ყმა ტკბილი და ტკბილქართული სიკეთისა ხელის მხდელი ამაზედა ეუბნების ვით გაზრდილ სა ამო მზრდელი ქალმან მისცა მარგალიტი სრულ ქმნა მისი საწადელი ღმერთმან ქნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი

696. რა სჯობს რა კაცმან გიშერი ბროლლალსა თანა ახიოს ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს მორწყოს ახიოს მისსა მჭვრეტელსა ალხინოს ვერმჭვრეტსა ავაგლახიოს ვა მოყვარისა გაყრილსა ახიო ეყოს ახი ოს

697. მათ მიხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა ყმა წამოვიდა გაყრილი მივა გულითა რეტითა მზე ტირს სისხლისა ცრემლითა ზღვისაცა მეტისმეტითა იტყვის ვერ გაძღა სოფელი ვა ჩემთა სისხლთა ხვრეტითა

698. ყმა წავიდა სევდიანი მკერდსა იცემს ამად ილებს რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფლიდებს რა ღრუბელი მიეფარვის მზე ხმელეთსა დააჩრდილებს მის მოყვრისა მოშორება კულავ აბინდებს არ აჩრდილებს

699. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქნის ღარად და ღარად იტყვის მზე ჩემგან თავისა კმა დასადებლად აღარად მიკვირს თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად ვირე ვნახვიდე სოფელო მინდი სალხინოდ აღარად

700. ვინ გუშინ ედემს ნაზარდი ალვა მრწყო დამრგო მახია დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა დანასა მახია დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დაბმითა დაამახია აწყა ვცან საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია

701. ამას მოსთქუამს ცრემლსა აბნევს ათრთოლებს და აწანწარებს გულამოსკვნით ოხვრასულთქმით მიხრის ტანსა მიაწარებს საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს ვა საწუთრო ბოლოდ თავსა სუდარებს აზეწარებს

702. ყმა მივიდა საწოლს დაჯდა ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა არ მოსწყდების ვით მწვანვილსა თრთვილისაგან პირსა ფერი მოაკლდების ხედავთ ვარდსა უმზეობა რაგვარ ადრე დააჩნდების