... (W-27), XVII ს.

39. ახალმან ფიფქმან დათოა ვარდი დათრთვილა დანასა უნდოდის გულსა დაცემა ზოგჯერ მიმართის დანასა თქუა ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა მოვშორდი ლხინსა ყუელასა ჩანგსა ბარბითსა და ნასა

40. ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭკნებოდა გულსა ეტყოდის დასთმეო ამად არ დია ბნდებოდა უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა მგზავრთა ჰკითხევდის ამბავთა მათ თანა ემოყვრებოდა

41. იგი პირად მზისა მსგავსი ერთობ მოვლის სრულად ჴმელთა უდაბურთა ქვეყანათა ოჴერთა და კაცრიელთა არ დააგდებს უნახავად წყალთ კლდეთა ტყეთა ველთა მაღრიბს ჰკითხავს მაშრიყელთა რომს ჩინელთა მაჩინელთა

42. მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა სდის ზღუათა შესართავისად უჩნდის ქვეყანა ტახტად და თავის სადებლად მკლავისად თქუა საყუარელო მოგშორდი გული შენ დაგრჩა ავისად შენთუის სიკუდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად

43. ყოვლი პირი ქუეყანისა მოვლო სრულად მოიარა ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა არ იარა მაგრა იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხუდარა ამაშიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა

44. მიხუდა რასმე ქვეყანასა უგემურსა მეტად მქისსა თვე ერთ კაცსა ვერ ნახვიდის ვერცა შვილსა ადამისსა იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა

45. მას მიხუდა წვერი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა მუნით გამოჩნდა მინდორი სავალი დღისა შვიდისა მის მთისა ძირსა წყალი დის არად სანდომი ჴიდისა ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა

46. ზედ წაადგა შეექცევის დროთა დღეთა ანგარიშობს თვენი ესხნეს ორანიღა ამად სულთქვამს არა იშობს ვაი თუ საქმე გამიმჟღავნდეს კულავ ამისთუს გულმოშიშობს ავსა კარგად ვერვინ შესცვლის თავსა ახლად ვერვინ იშობს

47. საგონებელი შეექმნა დადგა საქმისა რჩეველად თქუა თუ დავბრუნდე ეზომი ხანი რად დავჰყავ მე ველად ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა ვიყავ რად დღეთა მლეველად მისი ვერა ვსცნა ჭორიცა ვარ ვისთა გზათა მკვლეველად

48. თუ არ დავბრუნდე საძებრად დავყუნე სხვანიცა ხანანი რომელსა ვეძებ ვერ ვპოო ამბავნი მე მისთანანი დრო გარდაუწყდეს შერმადინს შერჩეს ღაწვისა ბანანი მივიდეს ჰკადროს მეფესა საქმენი დასაგვანანი

49. უამბოს ჩემი სიკუდილი თვით ჩემგან დავედრებული მათ შექნან გლოვა ტირილი ქნან საქმე გამწარებული მერმე მივიდე ცოცოხალი მე სადმე სხვაგან რებული ამას იგონებს ტირილით გონება შეიწრებული

50. იტყვის ღ~თო სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ მე ეზომნი სიარულნი კიდე რად გლახ გამიცუდენ გულით ჩემით სიხარულნი აღმიფხვერ და ჭირთ უბუდენ დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერათოდეს დავიყუდენ

51. კულაცა იტყვის დათმობა სჯობს და თავსავე ეუბნების დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები გული ჩემი ნუ დადნების უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ ცრემლი ცუდად მედინების განგებასა ვერვინ შესცვლის არსაქმნელი არ იქმნების

52. ყოვლნი არსნი ცათ ქუეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან მაგრა საქმე მის კაცისა ვერა სადა შემიგნიან უღონიოდ მართალ იყვნეს რომელთაცა ქაჯად თქვიან აწ ტირილი არას მარგებს ცუდად ცრემლნი რასა მდიან

53. მობრუნება დააპირა სულთქნა მერმე ივაგლახა მას მინდორსა დაემართა გზა თუალითა გამოსახა თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა მჴეცნი იყუნეს საშინელნი მაგრა არა შეუზახა

54. თუცა მჴეცქმნილი ავთანდილ გულამოსკვნით და კვნესითა ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა ისრითა მოკლის ნადირი როსტომ მკლავ უმაგრესითა შამბისა პირსა გარდაჴდა ცეცხლი დააგზო კვესითა

55. ცხენსა მისცა საძოვარი ვირემ მწვადი შეიწოდეს ექუსნი რამე ცხენოსანნი ნახა მისკენ მოვიდოდეს თქუა თუ გვანან მეკობრეთა თუარემ კარგი რა იცოდეს აქა კაცი ჴორციელი კულავ ყოფილა არაოდეს

56. ჩუენ ასრე მყოფნი არ ვარგვართ რა გვნახვენ ვემაჯანებით შეირტყა წელთა აბჯარი შეჯდა ტანითა ჯანებით მზად აქუს მშვილდი და ისარი ჴრმალი მოიკრის ჯანებით მისმან მებრძოლმან ყველამან გაყრამცა იაჯა ნებით

57. ჴელთა ჰქონდა მშვილდ ისარი მათკენ მივა მხიარული ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული თავსა იყო დაკოდილი შეებნიდა სისხლსა გული ტიროდეს და იჭიროდეს ცოტა ედგა მას გლახ სული

58. უყივლა თუ ძმანო ვინ ხართ მეკობრეთა დაგამსგავსენ მათ მიუგეს დაგვიწყნარდი გვიშველე რა ცეცხლნი ავსენ ხატაველნი მოგუიტირენ ჭირი ჭირსა მოგვისავსენ ვერა გვარგო დაგვიტირენ ღაწვნი შენცა დაიმხასენ