ჩანართი და დანართები ტექსტები ვეფხისტყაოსნისა, 1948 წ.

38. დაუწყეს პყრობა ნადირთა, სროლა არ დავიწყებოდა; დახოცილითა მათითა ქვეყანა აივსებოდა; მათ მკვდართა სისხლნი დინდიან, კლდე და ღრე იწებებოდა, მათთა მნახავთა კვლა ნახვა მათივე ენატრებოდა.

39. რა მოირივნა დღემ ღამეს და გუმბადსა მზე მოვიდა, დახოცილთა სისხლნი სდინან, ქვეყანასა შეღებვიდა. თქვეს, – ავთანდილ აჯობაო – მისად ჭვრეტად ჯარი ვიდა, ყოვლგნით ალყა დაიშალა, ოთხთ კიდეთა ხმა გავიდა.

40. იგი მეისრე მონანი მეფეს წინ მოეგებოდა; ჰკითხავს გაზრდილის ამბავსა, სიცილით ეუბნებოდა, ჰკადრეს: “ვეჭვთ, მისი ნასროლი მზესაცა ეკვირვებოდა; რასაცა ოდენ შესტყორცნა, დაცთნა არ ეგებოდა.”

41. მონათა ჰკადრეს: “მეფეო, ვერ მოგახსენეთ რიდითა; ლომსა ავთანდილს უფროსი მოუკლავს ოცდაშვიდითა; თქვენი ნაკრავი წავიდის, ყველასა ვერ მოჰკვლიდითა, სისხლისა მივჰკვლევდით, მივსდევდით, დასაწყისამდის ვლიდითა.”

42. მეფე თავისა სიჯაბნეს ცხენს აბრალობს: “არა რბოდა,” შენი ცხენი კარგად რბოდა, მუნით ფიცხლად მიმასწრობდა.” იგი ეტყვის: “დაგაჭარბე”, და მეფეცა იკვირობდა, ქება უთხრა უსაზომო, საბოძვარიც მისკენ რბოდა.

43. აქა ჩადის წყალი რამე, პირსა ხე უთქს ამოსრული; ხეთა ძირასა ლომი იჯდა, ტანად ალვა, ჯავარ-სრული; ტანსა ეცვა ვეფხის ტყავი, წამს არ მისცის თვალთა ჰრული; სხვა სევდასა შეევიწრა და შეექმნა დანასრული.

ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა

44. მნახავნი მოდგეს: “ჩვენ ვნახეთ ტურფა რამ სანახავისა: ტირს ვინმე გმირი ცრემლითა, უღელავს ზღვითა ნავია, ვეშპის ოდენი ცხენი ჰყავს, ლამაზი რამე, შავია, რაც შეიტყობის იმისგან, ჩვენთან არ უჩანს ზავია.”

45. როსტან მონა გაუგზავნა: “ნახე, ვინ ზის წყლისა პირსა; ხელსა ვისმე დავამსგავსე, მით საწუთრო არა ჰკვირსა; შემოჰყრია კაეშანი, მიცემულა დიდსა ჭირსა, მოახსენა სოფლის მზეა, ტკბილად ჰკითხე, რასთვინ ტირსა?”

46. მეფემან ბრძანა: “ვინ არის უცხო პირად და ტანადო? – უბრძანა ერთსა მონასა: “წადი ფიცხლად და ჯანადო”; “გიბრძანებს”, უთხარ “ვერ გიცნობ ჩემთა ლაშქართა თანადო, ვინცა ხარ, მოდი წინაშე, შენ ჩვენგან მონაყვანადო.

47. “მოახსენა: “მეფე გიხმობს”, დაიმდაბლოს იმან სული; თავმან ჩემმან, მე მას მივსცემ, რაცა უნდეს ჩემეული, ბრძანებასა დამორჩილდეს, ამად ნუ აქვს გული წყლული, ვითვისო და შევეთვისო, გაუახლო გული წყლული.”

48. მონა მივა, ბრძანებასა მეფისასა ეუბნების: “თავმან მისმან, არ წმოხვალ, სრულად ჯარი მოგადგების; ანუ მოგკლვენ, ან დაგკოდენ, მზისა შუქი წაგიხდების, ხელ-შეკრულსა წაგიყვანენ, ესე ყველა გარდახდების

49. აჰა, ძმაო, რა გიამბო, რაცა მჭირდეს მე ღმრთსაგან; მე რას მაქნევს მეფე თქვენი, რამც მიამბო კაცისაგან; სხვასა ვისმცა დავაბრალო, შეპყრობილვარ ეტლისაგან, მიჯნურობა აჯობინეს, კვლავ მასმია ბრძენისაგან.”

50. “მე საწვევრად მონა ვჰკადრე, მას თურ მოსდის პირსა ქაფი შეუზახა ათი მონა: “შეიმოსეთ ჯავშან-ქაფი. პირველ ჰკადრეთ: “მეფე გიხმობს, არად გინდა აწ მარქაფი”, არ მოვიდეს, შეიპყარით, მისი სისხლლი ველთა ჩქაფი.”

51. ცხენთა შესხდეს, წამოვიდეს, გარეშემო მოეხვივნეს; მისთა ეგზომ სინაზეთა მისი მჭვრეტნი გაეკვირვნეს; რა შეხედეს პირსა მზესა, მათ მონათა აეტირნეს, ცხენსა შეჯდა, წამოვიდა, მუნით უკან მოეწივნეს.

52. რა ყმამან ნახნა მონანი, ტირილსა მისცა ხვესია; არ გაიკითხვენ მიჯნურსა, არაბთა შეგან წესია. მას ხელთა ჰქონდა მათრახი მკლავისა მუნ უსქესია, ესრე დაფრიწა თავები, მკვდართ შიგან დანაწესია.

53. მეფეს უანბეს, რაც იქნა საქმე თავს-დანატკაცისა, ეგრე უწყალოდ დახოცა ერთობ მის თორმეტ კაცისა; შორით ისმოდა ყოველგნით მისის მათრახის ტკაცისა, ვნახეთ მრავალი უწყალოდ მიწათა დანატკაცისა.

54. შეუპყრივარ კაეშანსა, რადღა გამხსნი მისგან კრულსა? – ესე მონა დაგვიხოცე, მოგაბარებ ამათს სულსა, სრულად სპანი მომიზახნე, ვერა მნახავ დაჭირულსა; მიჯნური ვარ, გამირისხდი, მე გატკივებ ამით გულსა.”

55. ვისთვის ხელი გამოჭრილვარ, მასვე მზესა თაყვანის-ვსცე; რამ დამბადა, მუნით ვეძებ, სად მისწვთების მისი სივრცე; ჩემი მდევნი ნიანგნიცა იყოს, იგიც ჭირსა მივსცე, სხვამან ფიფქმან ვერ დამაზროს, მის მზისა მზე დავიფიცე.”

56. მეფე შეჯდა, გაეკიდა, – რა კაცია, სადაური, – მან ცნა, ფიცხლად გარდაეგო, მეფეაო აქა მდგური; ვერ შეიპყრობთ, მიჯნურია, კაეშანთა ატვირთური, ეძებს რასმე, იარების, მაშრიყს მივა მაღრიბური.