ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

741. ზღვა გავიარეთ გავედით შემოგვიტიეს ცხენია კვლა შევიბენით შეიქნეს ომისა სიმარცხენია მუნ მომეწონა ფრიდონის სიქველესიმკიცხენია იბრძვის ლომი და პირად მზე იგი ალვისაც ხენია

742. თვით ორნივე ბიძაძენი მისნი ხმრლითა ჩამოყარნა ხელნი წმიდად დაეკვეთეს იგი ასრე ასაპყარნა მოიტანნა მხარდაკრულნი ერთმან ორნი არ დაყარნა მათნი ყმანი გაამტირლნა მისნი სპანი ამაყარნა

743. მათნი ლაშქარნი გაგვექცეს ვეცენით გაცავფანტენით ფიცხლად წაუღეთ ქალაქი არ თავნი გავაზანტენით ქვითა დავლეწეთ წვივები ჩვენ იგი გავაანტენით მომკალით ლარი დავლიოთ ან აკიდებით ან ტენით

744. ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა თვით ორნივე ბიძის ძენი დაპყრობილნი წამოასხნა მისთა ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა ჩემი თქვეს თუ ღ~თსა მადლი ვინ ალვისა ხენი ასხნა

745. მივედით მოქალაქეთა ზარი ჩნდა რომე ზმიდიან აჯათა მქნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან გვითხრობდეს მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან

746. ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთმეფობით თვით თავსა მათსა მონად და ჩემსა ყველასა სეფობით დაღრეჯით ვიყავ ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდის მკრეფობით ჩემი ვერ ცნიან ამბავი მუნ იყო არ იეფობით

ფრიდონისაგან ნესტანდარეჯანის ამბვის მბობა ტარიელთან

747. დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით ზღვასა ზედან წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავდეგით ფრიდონ მითხრა გითხრობ რასმე ვთამაშობდით ცხენსა ვსხედით ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით

748. მე ვჰკითხევდი ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა დღე ერთ მწადდა ნადირობა შევჯე ამა ჩემსა ცხენსა ზღვათა შიგან იხვსა ჰგვანდა ხმელთა ზედა შავარდენსა აქა ვდეგ და თვალს უგებდი ქორსა იქით განაფრენსა

749. ზოგჯერ ზღვისკე მივიხედნი წავსდგომოდი ამა გორსა ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე თუცა შორსა ეგრე ფიცხლად სიარული არას ძალაქვ მისსა სწორსა ვერად ვიცან გავეკვირვე გონებასა ამად ორსა

750. ვსთქვი რა არის რას ვამსგავსო მფრინველია ანუ მხეცი ნავი იყო არ ეფარა სამოსელი მრავალკეცი წინა კაცნი მოზიდვიდეს თვალი ამად დავაცეცი მთვარე უჯდა კიდობანსა ცა მეშვიდე მასცა ვეცი

751. ამოძვრნეს ორნი მონანი შავნი მართ ვითა ფისანი ქალი გარდმოსვეს სისხონი ვნახენ მისისა თმისანი მას რომე ელვა ჰკრთებოდა ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი მან გაანათლა ქვეყანა გაცუდდეს შუქნი მზისანი

აქა ტარიელისაგან ნესტანდარეჯანის ამბვის ცნობა ფრიდონისაგან

752. სიხარულმან ამაჩქარა ამათრთოლა დაცამლეწა იგი ვარდი შემიყვარდა რომე თოვლსა ეახეწა დავაპირე შეტევება ვთქვი წავიდე მათკე მე წა ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა

753. ცხენი გავქუსლე იქმოდის შამბი ხმასა და ხრიალსა ვეღარ მივესწარ გამესწრნეს რაზომცა ვსცემდი წრტიალსა ზღვის პირსა მიველ შევხედენ ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა გამშორვებოდეს წამსლვოდეს ამისთვის დავეწვი ალსა

754. ესე მესმა ფრიდონისგან მომემატა ცეცხლთა სიცხე ცხენისაგან გარდავიჭერ თავი სრულად გავიკიცხე ჩემთა ღაწვთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე უთხარ მომკალ უჩემოსა ენახოსცა ვისცა ის ხე

755. ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს უცხოდ ეუცხოა მაგრა მეტად შევებრალე ტირილითა მესათნოვა ვითა შვილი დამადუმა მემუდარა შემეპოვა თვალთათ ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოთოვა

756. ვაგლახ მეო რა გიამბე ფათერაკად მცდარმან შმაგად მოვახსენე ნურა გაგვა ნუ ინაღვლი მაგას მაგად იგი მთვარე ჩემი იყო მით მედების ცეცხლი მდაგად აწ გიამბობ რადგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად

757. ფრიდონს უთხარ ყველაკაი ჩემი თავსა გარდასრული მან მითხრა თუ რას ვიტყოდი მოცთომილი გაბასრული შენ მაღალი ჰინდოთ მეფე ჩემსა რადმე ხარ მოსრული სახელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს სრაცა სრული

758. კვლავაცა მითხრა ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს მას ლახვარსამოაშორვებს თუცა პირველ გულსა უხებს იგიმოგვცემს წყალობასა მისსა ზეცით მოგვიქუხებს ჭირსა ლხინად გაგიცვალებს არა ოდეს შეგვაწუხებს