ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

838. ყმამან ჰკადრა სიახლითა შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა ცუდი არის სიყვარული ქვეით კოცნა მზისა წვერვა თუ გიახლო ერთხელ ვა და რა მოგშორდე ათასჯერ ვა

839. ვაი თუ გავიჭრა გაჭრილსა სადა გლახ დამწვავს სად ალი გული ძეს საგნად ისრისა მესვრის საკრავად სამალი დრო სიცოცხლისა ჩემისად დღისითღა ჩანს ნასამალი მალვა მწადს მაგრამ გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი

840. მესმა თქვენი ნაუბარი გავიგონე რაცა ბრძანე ვარდსა ქაცვი მოაპოვებს ეკალთამცა რად ვეფხანე მაგრა მზეო თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე სიცოცხლისა საიმედო ნიშანი არ წამატანე

841. ყმა ტკბილი და ტკბილქართული სიკეთისა ხელის მხდელი ამაზედა ეუბნების ვით გაზრდილსა ამო მზრდელი ქალმან მიცა მარგალიტი სრულ ქნა მისი საწადელი ღ~თნ ქნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი

842. რა სჯობს რა კაცმან გიშერი ბროლლალსა თანა ახიოს ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს მორწყოს ახიოს მისსა მჭვრეტელსა ალხინოს ვერმჭვრეტსა ავაგლახიოს ვაი მოყვარისა გაყრილსა ახიო ეყოს ახი ოს

843. ყმა მხიარული წყლიანი დაიჩენს არ სიმძიმილსა მისნი კბილნი და ბაგენი დაიშვენებდეს ღიმილსა რა მოიშორო მოყვარე თვალთაგან დასდები მილსა მუნით ადენდი წყაროსა სოფლისა დასაწვიმილსა

844. მათ მიხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა ყმა წამოვიდა გაყრილი მივა გულითა რეტითა მზე ტირს სისხლისა ცრემლითა ზღვისაცა მეტისმეტითა იტყვის ვერ გაძღა სოფელი ვაი ჩემთა სისხლთა ხვრეტითა

845. ყმა წავიდა სევდიანი მკერდსა იცემს ამად ილებს რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფლიდებს რა ღრუბელი მიეფარვის მზე ხმელეთსა დააჩრდილებს მის მოყვრისა მოშორება კვლა აბინდებს არ აჩრდილებს

846. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქნის ღარად და ღარად იტყვის მზე ჩემგან თავისა კმა დასადებლად აღარად მიკვირს თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად ვირე ვნახვიდე სოფელო მინდი სალხინოდ აღარად

847. ვინ გუშინ ედემს ნაზარდი ალვა მრწყო დამრგო მახია დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა დანასა მახია დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დაბ[........] აწყა ვცან საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია

848. ამას მოსთქვამს ცრემლსა აბნევს ათრთოლებს და აწანწარებს გულამოსკვნით ოხვრა სულთქმით მიხრის ტანსა მიაწარებს საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს ვაი საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს აზეწარებს

849. ყმა მივიდა საწოლს დაჯდა ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა არ მოსწყდების ვით მწვანვილსა თრთვილისაგან პირსა ფერი მოაკლდების ხედავთ ვარდსა უმზეობა რაგვარ ადრე დააჩნდების

850. საწოლს მჯდომმან პირსა ცემით ბროლი ბღუჯოს ვარდი კონოს გულსა იდებს იტყვის კაცმან ჭირი ლხინსა შეაწონოს ლხინმან სძლიოს გაძლება ხამს ჭირი სთმოს და ჟამთა მონოს ვით ქონება არ იმადლოს მას სხვა ღ~თნ რა აქონოს

851. გული კრულია კაცისა ხარბი და გაუძღომელი გული ჟამჟამად ყოველთა ჭირთ მომთმო ლხინთა მდომელი გული ბრმა ურჩი ხედვისა თვით ვერას ვერ გამზომელი ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი ვერცა პატრონი რომელი

852. ამ სოფელსა კარგად ყოფით კეისარი იყო ვითა რა მოკვდების წარიყვანონ მძიმედ შეკრან ბორკილითა მიაბარონ გეენიას დაწვან მისიტ სიბნელითა ეს სოფელი ამას გიზამს კარგსა ნუ ვინ მოელითა

853. რა გულსა უთხრა გულისა სიტყვანი საგულისონი თვით მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი [..]ს მზისა მკლავსა ნაბამნი მათ კბილთა შესატყვისონი [...]რი დასდვა აკოცა ცრემლი სდის ვითა ბისონი

854. რა გათენდა კაცი მოვა მომკითხავი დარბაზს მხმობი ყმა წავიდა ლაღი ნაზი ნაღვიძები ძილნაკრთობი ერთმანერთსა ეჯავრიან დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი მეფე მინდორს ეკაზმოდა მოემზადა დაბდაბნობი

855. მეფე შეჯდა მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა ქოსდაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა მზესა ქორნი აბნელებდეს ძაღლთა რბოლა მიდამოდა მას დღეს მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა

856. ინადირეს შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი შეიტანნეს დიდებულნი თავადნი და სპანი სრულნი დაჯდა დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა მომღერალნი იყვნეს სრულნი

857. ყმა ახლოს უჯდა მეფესა ჰკითხვიდა ეუბნებოდა ბაგეთათ გასჭვირს ბროლლალი და კბილთათ ელვა ჰკრთებოდა ღირსნი ახლოს სხდეს ისმენდეს შორს ჯარი დაიჯრებოდა უტარიელოდ ხსენება არვისგან იკადრებოდა