... (H-742), XIX ს.

607. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე რა გათენდა ღამე დილად. ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად. ებრძანა თუ ღმერთმან იცის გამეზარდე ვითა შვილად. ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად.

608. ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე. თუ ჩემი ქალი გინდოდა რად არა შემატყობინე. მე ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე. დღედ სიკვდილამდინ შენიცა თავი არ მაახლებინე.

609. მე შეუთვალე მეფეო ვარ უმაგრესი რვალისა. თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სიკვდილთა ალისა. მაგრა თვით იცით ხელმწიფე ჰხამს მქნელი სამართალისა. მე თქვენმან მზემან მაშოროს ნდომა თქუენისა ქალისა.

610. იცით ინდოთა სამეფო რაზომი სრა საჯდომია. ერთიღა მე ვარ მემკვიდრე ყველაი თქვენ მოგხდომია. ამოჰსწყდა მათი ყველაი მამული თქვენ დაგრჩომია. დღესამდის ტახტი უჩემო არავის არ მონდომია.

611. ვერ გათნევ თქვენმან კეთილმან აწ ეგე არ მართალია. ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი გიზის ერთაი ქალია. ხვარაზმშა დასვა ხელმწიფედ მოგხვდების რა ნაცვალია. სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს მერტყას მე ჩემი ხრმალია.

612. შენი ქალი არად მინდა გაათხოვე გამარიდე. ინდოეთი ჩემი არის არვის მივსცე ჩემგან კიდე. ვინცა ჩემსა დამეცილოს მისით მასცა ამოვფხვრიდე. სხვად მეშველსა გარეგანსა მამკალ ვისცა ვინატრიდე.

ამბისა ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანის დაკარგვისა.

613. ესე კაცნი გამეგზავნეს გონებასა გავეშმაგე. რომე მისი ვერა მეცნა ამას უფრო დავედაგე. მას ზღუდესა გარდავადეგ მინდორთაკე რომე ვაგე. მესმა საქმე საშინელი რომე თავი ვერ წავაგე.

614. გამოჰჩნდეს ორნი ქვევითნი მე მივეგებე წინარე. ქალი ჰყვა ერთსა მონასა ვცანმცა თუ მოღმა ვინ არე. თავ გაგლეჯილი ასმათი პირს სისხლი ჩამომდინარე. აღარ მიყივლა ღიმილით არცაღა გამიცინა რე.

615. იგი ვნახე დავებნივე გონებანი გამიშმაგნა. შორით უხმე რაშიგან ვართ ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა. მან საბრალოდ შემომტირნა ძლივ სიტყვანი გამოაგნა. მითხრა ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა.

616. ახლოს მიველ კვლაცა ვკითხე რაშიგან ვართ სთქვი მართალი. კვლავ საბრალოდ ამიტირდა კვლავ მოედვა ამით ალი. დიდხან სიტყვა ვერა მითხრა მისთა ჭირთა ნაათალი. მკერდსა წითლად უღებევდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი.

617. მერმე მითხრა მოგახსენებ ესე რადმცა დაგიმალე. მაგრა ვითა გაგახარნე შენცა აგრე შემიწყალე. ნუ მაცოცხლებ ნუ დამარჩენ შემიწყალე შემიბრალე. დამხსენ ჩემსა საწუთროსა ღ~თსა შენსა მიავალე.

618. მიამბო ოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა. მეფესა ესმა აიჭრა მართ მისგან გასატკივარდა. შენ დაგიძახნა მიხმეთო ხმა მაღლად გამომყივარდა. მოგნახეს შინა ვერ გპოვეს მით მეფე გამომჩივარდა.

619. ჰკადრეს აქა აღარ არის კარნი სადმე გაუვლიან. მეფე ბრძანებს ვიცი ვიცი მეტად კარგად შემიგიან. მას უყვარდა ქალი ჩემი სისხლნი ველთა მოუღვრიან. რა ნახიან ერთმანერთი არ შეხედვა ვერ დათმიან.

620. აწ თავმან ჩემმან მას მოვჰკლავ ჩემად დად ვინცა მადესა. მე ღვთისა ვუთხარ დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა. მათ ბოზ კუროთა ასეთი რა მისცეს რა უქადესა. თუ დავარჩინო ღმერთი ვგმო მისად პატიჟად მზად ესა.

621. მის მეფისა წესი იყო თავი მისი ძვირად ფიცის. თუ აფიცის არ გატეხის მასვე წამსა დაამტკიცის. ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა ვინცა იცის. მან უბრძანა დავარ ქაჯსა ვინ გრძნებითა ცაცა იცის.

622. დავარს დასა მეფისასა უთხრა ვინმე ღვთისა მტერმან. თავი ჰფიცა ძმამან შენმან არ დაგარჩენს იცის ერმან. მან აგრე სთქვა უბრალო ვარ იცის ღმერთმან სახიერმან. ვისგან მოვკვდე ვისთვის მოვკვდე მიიხვედროს იგი ვერ მან.

623. პატრონი ჩემი აგრევე იყო წამოხვე შენ ოდეს. შენეულივე რიდენი ებურნეს ტურფად შვენოდეს. დავარ მოჰსთქმიდა სიტყვითა რომელნი არა მსენოდეს. ბოზო შენ ბოზო რად მამკალ ვეჭვ შენცა არა გლხენოდეს.

624. როსკიპო ბოზო დიაცო საქმრო რად მოაკვლევინე. ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე. არ ცუდად მამკლავს ძმა ჩემი რა გიყავ რა გაქნევინე. აწ ღმერთსა უნდეს ვერ მიხვდე ვის ესე დააშლევინე.

625. ხელი მიჰყო წამოზიდნა თმანი გრძელნი დაუფუშნა. დაალება დაალურჯა მედგრად პირნი მოუქუშნა. მან პასუხი ვერა გასცა ოდენ სულთქნა ოდენ უშნა. ქალმან შავმან ვერა არგო ვერცა წყლული დაუშუშნა