ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

822. გამიცადა, ღმერთსა კადრა: “შენ ასეთნი ხენი ვით ხენ!” მერმე მითხრა: “მოგაჴსენებ, აწ სიტყუანი რომე მკითხენ: იგი მტერნი გამილომდეს, აქამდისცა რომე ვითხენ, უკაზმავსა მიღალატეს, საჭურჭელნი ასრე ვითხენ”.

823. მე უთხარ: “დადეგ, დაწყნარდი, გარდავჴდეთ ძირსა ხეთასა; არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახუილთა კუეთასა”. თანა წამომყუა, წავედით უტკბოსი მამა-ძეთასა. მე გავეკუირვე ჭურეტასა მის ყმისა სინაზეთასა.

824. ერთი მონა დასტაქარი მყუა და წყლულნი შეუხვივნა, ისრის პირნი ამოუხუნა, დაკოდილნი არ ატკივნა. მერე ვკითხე: ვინ ხარ, ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა? საამბობლად დამირიგდა, თავი მისი გაამჩივნა.

825. პირველ მითხრა: “არა ვიცი, რა ხარ, ანუ რას გამგზავსო? ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო? რამან შეგქნა მოყუითანოდ, ვარდ-გიშერი რომე რგავსო? ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიმცა რად დაგავსო?

826. მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქუსო რომელი, ნურადინ-ფრიდონ სახელი, მეფე ვარ მუნა მჯდომელი; ესე სამზღუარი ჩემია, სადა ხარ გარდამჴდომელი, ცოტა მაქუს, მაგრა ყოველგნით სიკეთე-მიუთხრობელი.

827. მამის ძმა და მამა-ჩემი პაპმან ჩემმან გაყუნა ოდეს, ზღუასა შიგან კუნძულია, ჩემად წილად მას იტყოდეს; თუით ბიძასა ჩემსა მიხუდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს; მათკე დარჩა სანადირო, არ მივსცემდი, მამერჩოდეს.

828. დღეს გამოველ ნადირობას, ზღუისა პირსა ვინადირე, მუნა გასულა მომდომოდა, მით მრეკალი არ ვაჴშირე! სპათა უთხარ: “მამიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე! ” ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე.

829. ნავითა გამოველ, ზღუისაგან შტო რამე გამოვიდოდა, არ ამოვკრეფდი გამყოფთა, ვთქუი, ჩემთა რად დავრიდო, და! დამეძაბუნნეს, სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა, ვნადირობდი და ვიზახდი, ჴმა ჩემი არ გავიდოდა.

830. მართლად იჯავრეს, წუნობა მათი თუ ესე ჴმდა ვითა! გამომაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრეს ნავითა, თუით ბიძას-ძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა, ჩემთა გაუჴდეს ლაშქართა ომად მათითა მკლავითა.

831. მათი მესმა, დავინახე ზახილი და ჴრმალთა ელვა, ნავი ვსთხოვე მენავესა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა, ზღუასა შეველ, მომეგება მეომარი ვითა ღელვა, სწადდა, მაგრა ვეღარა ქნეს ჩემი ზედა წამოქელვა.

832. კულა სხუანი დიდნი ლაშქარნი უკანა მამეწეოდეს. იქით და აქათ მომიჴდეს, ერთ კერძ ვერ მამერეოდეს, არ მამწურვოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს, ჴრმალსა მივენდევ, გამიტყდა; ისარნი დამელეოდეს.

833. მამეჯარნეს, ვეღარა ვქენ, ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე, ზღუა-ზღუვა ცურვით წამოუველ, ჩემი მჭურეტი გავაცბუნვე; თანა მყოლი ყუელაკანი დამიჴოცნეს, დარჩა მუნვე, ვინცა მდევდა, ვერ შემამჴუდა, მიუბრუნდი, მივაბრუნვე.

834. აწ იგი იქნას, რაღაცა ენებოს ღმრთისა წადილსა; ვეჭუ, ჩემი სისხლი არ შერჩეს, ძალი შესწევდეს ქადილსა! ოჴრად გაუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა, უჴმობ ყუავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქნევ სადილსა!”

835. ამა ყმამან შემიკუეთა, გული მისკე მიმიბრუნდა. მოვახსენე: “აჩქარება შენი ყოლე არად უნდა, მეცა თანა წამოგყუები, დაიჴოცნენ იგი მუნ და, ჩუენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგუიძრწუნდა!”

836. ესეცა უთხარ: “ამბავი ჩემი არ გაგეგონების, უფრორე წყნარად გიამბობ, თუ ჟამი ჩუენ გუექონების”. მან მითხრა: “ლხინი საჩემო მაგას რა შეეწონების! დღედ სიკუდილადმდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების”.

837. მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა, მაგრა ცოტასა; გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხემდეს მისთუის ოტასა, პირსა იხოკდეს, გაყრიდეს ნახოკსა, ვით ნაფოტასა, ეხუეოდიან, კოცნიდეს ჴრმალსა და სალტე კოტასა.

838. კულავ მოვეწონე, ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი; შემასხემდიან ქებასა: “მზეო, შენ ჩუენთუის ი დარი!” მივედით, ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი, ყუელასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი”.

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა

839. მოსჯობდა, ომი შეეძლო, ჴმარება ცხენ აბჯარისა; დავკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხუი სპათა ჯარისა; კაცი ჴამს, მისთა მჭურეტთათუის ღონემცა იაჯა რისა! აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა.

840. მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა; ნავი წინა მამეგება, არა ვიცი, იყო თუ რვა. ფიცხლა ზედა შევეჯაჴე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა: ქუსლი შევეც, დაუქცივე, დაიზახნეს დიაცურ ვა!”