ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

778. მეფეო, ესე თათბირი, მომკალ, ვინ დამიწუნოსა! მეფეო, ნუთუ წასვლამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა?! ვერ ვეცრუვები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა, პირის-პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა.

779. არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა; ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა! ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა სვიანსა, რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასლვა-გვიანსა?

780. რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის მღმეჭელსა, შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა! კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა, ქსლისა მბეჭველსა? სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!

781. ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი; მისგან ყოველი გასწორდეს სუსტი და ძალ-გულოვანი; ბოლოდ შეჰყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი; სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!

782. მერმე ვიშიშვი, მეფეო, თქვენად კადრებად ამისად: სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად; მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად, თუ ვერა გნახე ცოცხალმან, სიცოცხლე მქონდა ჟამისად.

783. თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან, ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან, ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან, მუნ შემიწყალოს თქვენმავე გულმან მოწყალე-მლმობელმან.

784. მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები, მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არას მქონები: მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.

785. რაცა თქვენთვის არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად, მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა გასადებლად; ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წასაგებლად! შენგან კიდე არვინ მივის ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად.

786. ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის, ამად გვედრებ სულსა ჩემსა, – წიგნი გკადრებს,არ გეთნევის, არას არგებს ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის, – შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის!

787. გვედრებ, მეფეო, შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა, – ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა – ნუგეშინი ეც წყალობით ჩემგან წყალობა-ჩვეულსა, ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა.

788. გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა; აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წავე გულითა ხელითა!. ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა. სუფევითმცა ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!”

789. მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა; უთხრა: “ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა, შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა;” მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.

XXII ლოცვა ავთანდილისაგან მიზგითას და გაპარვა მისი

790. ილოცავს, იტყვის: “მაღალო ღმერთო, ხმელთა და ცათაო, ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო, უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო, მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-თქმათაო!

791. ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ-ზესა, – შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა – მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსსა მზესა, ნუ აღმოჰფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა!

792. ღმერთო, ღმერთო, მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე, შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვვლიდე: მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, ღამით მავნე განმარიდე! თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევწირვიდე.”

793. რა ილოცა, ცხენსა შესჯდა, მალვით კარნი გაიარნა, შერმადინცა დააბრუნა, თუცა ვამნი ადიადნა! მონა სტირს და მკერდსა იცემს, საბრალომან ცხრემლნი ჰღვარნა; პატრონისა ვერა-მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა!

794. აწ ამბავი სხვა დავიწყო, – ყმასა წავჰყვე წამავალსა. არ შეექმნა დარბაზობა მას დღეს როსტანს გულ-გამწყრალსა; რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს თუ ადენს პირით ალსა, ხმობა ბრძანა ვეზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრთალსა.

XXIII ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვით წასვლისა

795. რა ვეზირი მოწიწებით დარბაზს ჰნახა შემოსული, როსტენ უთხრა: “არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული, მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხან სული, აზომ რომე გაგათრივე შენ, ვაზირი გულის-გული.