ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

815. მე რა ვქმნა შენად შეყრამდის, ანუ რას ვეჭვდე ლხენასა! თავსა მოვიკლავ მე, თუცა შენგან არ ვეჭვდე წყენასა, მაგრა შენ გაწყენს ჩემისა არ-სიცოცოხლისა სმენასა, მოდი და მივსცნეთ ცოცხალთა თვალნი ცრემლისა დენასა!”

816. იტყვის: “ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად, ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად, ვის გმორჩილებენ ციერნი ერთის იოტის წამისად, ბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად!

817. ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილოსოფოსნი წინანი, შენ მიშველე რა ტყვე-ქმნილსა, ჯაჭვნი მაბიან, რკინანი! ბროლ-ბალახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ, მინანი, მაშინ ვერ გავძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი.”

818. ამას მოთსქმიდის, იწვოდის, ვითა სანთელი დნებოდის, დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის, იარებოდის; რა შეუღამდის, ვარსკვლავთა ამოსლვა ეამებოდის; მას ამზგავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის, ეუბნებოდის.

819. მთვარესა ეტყვის: “იფიცე სახელი ღმრთისა შენისა, შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა, შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა! მიაჯე შეყრა პირისა, შენგამო შენებრ მშვენისა!”

820. ღამე ალხენდის, დღე სჯიდის, ელის ჩასლვასა მზისასა; რა წყალი ჰნახის, გარდახდის, უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა, მასთანა ჰრთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა, კვლა გაემართის, ისწრაფდის წასლვასა მისვე გზისასა.

821. მარტო, მოსთქმიდის, ტიროდის ტანად ალვისახიანი, მინდორს თხა მოჰკლის, სადაცა ადგილი დაჰხვდის კლდიანი, შეწვის, სჭამის და წავიდის პირ-მზე, გულ-მარიხიანი; იტყვის: “დავყარენ ვარდნი და აჰა მე, ვაგლახიანი!

822. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა, მოუბნობდის, რას მოსთქმიდის, რას ტურფასა, რაზომ გვარსა; ზოგან თოვლნი გაეწითლის ვარდსა, ბრჭლითა ნახოკარსა, ქვაბნი ჰნახნა, გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა.

823. რა ასმათმან დაინახა, მოეგება, ცრემლი სწვთების; ვით ეამა, სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიჰხვდების; ყმა გარდახდა, მოეხვია, აკოცებს და ეუბნების, კაცი კაცსა მოელოდეს, მოსლვა უცხოდ იამების.

824. ყმა ქალსა ეტყვის: “პატრონი, ნეტარ, სად არის და ვითა?” ქალი ატირდა ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა, იტყვის: “რა წახველ, გაიჭრა, ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა; აწ მისი არა არ ვიცი არ ნახვით, არ ამბავითა.”

825. ყმა დაჭმუნდა, ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა; ქალსა ეტყვის: “აჰა, დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა, იგი ფიცი ვით გასტეხა, არ ვეცრუე, ვით მეცრუა! ვერ იქმოდა, რად მიქადა, თუ მიქადა, რად მიტყუა?!

826. თუ უმისოდ სოფელს-ყოფა რათგან ჩირად არ მიღირდა, რად დავვიწყდი, რად მივსცილდი, რად ვერ გაძლო, რა მისჭირდა? მან გატეხა ზენარისა რად შეჰმართა, ვით გაჰპირდა? მაგრა ჩემის ბედისაგან ავი რამცა გამიკვირდა!

827. კვლავ ქალი ეტყვის: “მართალ ხარ მაგისსა დამძიმებასა, მაგრა რა გაბრჭო მართალი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა; არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა? იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა.

828. გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედან ჰკიდიან: რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან; უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან, შენ არ გინახავს, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან.

829. შენ უმართლე ხარ, ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა, მაგრა ვით ითქმის, ვით გახდა, ვითა გიამბობ ცნობილსა; ენა დაშვრების, გაცვთების, გულსა შეელმის ლმობილსა, ამას მით ვაზრობ, მინახავს მე უბედურსა შობილსა.

830. ჯერთ მისი მზგავსი სასჯელი არცა ვის ამბად სმენია; თუ არ კაცთაცა, სასჯელი ქვათაცა შესაძრწენია, დიჯლადცა კმარის, მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია, თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ, სხვა სხვისა ომსა ბრძენია.

831. მას წამავალსა ვჰკითხევდი, დამწვარსა, ცეცხლ-მოდებულსა: „მოვიდეს, რა ქმნას ავთანდილ?“– მისსა დამვედრე დებულსა; მიბრძანა: “მოღამნახვიდეს მე, მისთვის გაცუდებულსა. ამათ არ დავჰყრი, არეთა, არ გავსტეხ მის ქადებულსა.

832. მას ზენაარსა არ გავსტეხ, მას ფიცსა არ ვერცუები, მას პაემნამდის მოვიცდი, რაზომცა გამდის რუები; თუ მკვდარი მნახოს, დამმარხოს, თქვას ვაგლახი და უები, ცოცხალი დავხვდე, უკვირდეს, – სიცოცხლე არს სათუები.”

833. ჩემთვის გარდახდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა, ოდენ მოდენა ცრემლისა მჭირს, ველთა მოსალბედისა, მსჯის გამრავლება ხელ-ქმნილსა სულ-თქმისა ზედა-ზედისა, დავვიწყებივარ სიკვდილსა, ჰნახე ნაქმარი ბედისა!

834. ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედან სწერია: ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია”. აწ ზაფრანია, ვის წინას ვერ ვარდი ჰგვანდის, ვერ ია; თუღა მონახავ, მონახე, ქმენ რაცა შენი ფერია”.