ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

796. “თუ რად მახსოვს, რა უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე! მართლად უთქვამთ მეცნიერთა: “წყენააო ჭირთა ბადე.” ესე გვარსა ნუოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე; აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, თქვი და სიტყვა გაიკვლადე”.

797. კვლავ მოახსენა ვეზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი, რა გაიგონა, შესთვალა პასუხი არ-ნაგრძელევი: “შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი; კვლა მაგის მეტად ნუ მასმენ, თვარა მე სრულად გელევი!”

798. რა გამოვიდა ვეზირმან სძებნა, ვერ პოვა მინანი, მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი ცრემლთა მდინანი. მან სთქვა: “მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი; ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს; რაცა ვთქვი, მასცა ვინანი.”

799. რა ვეზირი არ შევიდა, კვლა მეფემან კაცი ჰგზავნის; კაცმან სცნის და გარეთ დადგის, წასლვა ვერვინ გაამჟღავნის, როსტენს ეჭვი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის; სთქვა: “უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის.”

800. თავ-დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი, უში ქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას: “მიდი, მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!” რა ვეზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი.

801. კვლავ შევა დარბაზს ვეზირი დაღრეჯით, არ მხიარულად; მეფემან ჰკითხა: “წასრულა მზე დაუდგრომლად, მთვარულად? „ მან მოახსენა ყოველი, ვით წასრულიყო ფარულად: “მზე აღარ მზეობს ჩვეთანა, დარი არ დარობს დარულად!”

802. რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის-მეტნი, მოსთქვამს, იტყვის: “ვაჲ, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი!“ – პირსა ხოკით, წვერსა გლეჯით გააკვირნა მისნი მჭვრეტნი; “სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი?!

803. თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები, მაგრა მე რა ვქმნა, გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები! გამაღარიბე, დამაგდე, გულსა, გლახ, ვისთვის ენები, შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები!

804. ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა? ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარ-სრულსა, ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, სასმენელად მემახულსა! აწ უშენოდ რა გლახ ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა?

805. ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, რაზომცა დია ირები; შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები, ნუთუ კვლა ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები, მაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?”

806. ზარი გაისმა, შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა, დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა, იგლეჯს და იცემს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა, სთქვეს: “ბნელი გვმართებს დღე-კრულთა, რადგან მზე მიგვიდრკა ცისა!”

807. რა მეფემან დიდებულნი ჰნახა, სულ-თქმით შემოსტირნა: უთხრა: “ჰხედავთ, მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა! რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ, რად დაგვყარნა, რად გაგვწირნა? სპანი, მისგან დაჭირულნი, ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა!”

808. ყოვლნი სტიროდეს, მოსთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს გვიანად, მეფემან ჰბრძანა: “იკითხეთ, მარტოა, ანუ ყმიანად?” მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად, სირცხვილიანად, ანდერძი ჰკადრა, ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად.

809. მოახსენა: “საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი, დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი, იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს, არცა ბერი, მე თუ მომკლათ, მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი!”

810. რა ანდერძი წაიკითხეს, კვლა იტირეს დიდი ხანი; მერმე ბრძანა: “მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი, ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი; შევეწივნეთ, მშვიდობისა ნუთუ ღმერთმან მისცნეს გზანი.”

XXIV წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის მეორედ გაპარვით და ტარიელის შეყრა

811. მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება განანათლებს, რა იახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს, მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს, ჩვენ ვერ-ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს.

812. აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა: მივა და მიტირს გულ-მდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა; წამ-წამ მობრუნდის, იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა, უჭვრეტდის, თვალნი ვერ მოჰხსნის, თუ მოხსნის, მიხდის ცნობასა.

813. რა მიეახლის დაბნედად, ვერ ხელ-ჰყვის დაძრვად ენისად, მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან, მსგავსად დილაჯის დენისად; ზოგჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად; რა გაემართის, არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად.

814. სთქვა: “ჩემო, შენი შორს-მყოფი კრულია, ვინცა დადუმდეს, რათგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს, თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს, სჯობს საყვარელსა მოყვარე რაზომცა დაუძაბუნდეს!