... (H-743), XIX ს.

ამას მოწყალეთა ეტლად იტყვიან

466. მოდი მთვარეო შემიბრალე ვილევი და შენებრ ვმჭლდები მზე გამავსებს მზევე გამლევს ზოგჯერ ვსხვდები ზოგჯერ ვწვლდები მას უამბენ სჯანი ჩემნი რა მჭირს ანუ როგორ ვბნდები მიდი უთხარ ნუ გაწირავ მისი ვარ და მისთვის ვჰკვდები

467. აჰა მმოწმობენ ვარსკულავნი შვიდნივე მემოწმებიან მზე ოტარიდი მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან მთვარე ასპიროზ მარიხი მოვლენ და მოწმად მყვებიან შენ გააგონენ რანიცა ცეცხლი უშენოდ მდებიან

468. აწ გულსა ეტყვის ვითამცა გდის ცრემლი არ გაგხმობია რას გარგებს მოკლვა თავისა ეშმა ძმად თურე გძმობია მეცა ვიცი ჩემსა ხელმქმნელსა თმად ყორნის ბოლო სთმობია მაგრამ თუ ჭირსა არ დასთმობ ლხინი რა დასათმობია

469. თუ დავრჩეო ესე მიჯობს სიცოცხლისა იტყვის თუსა ნუთუ მამხვდეს ნახვა მზისა ნუ ვიძახი მიწყივ უსა მიიმღერის ხმასა ტკბილსა არ გასწყვეტდის ცრემლთა რუსა მისსა ხმისა თანა ხმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსა

470. რა ესმოდის მღერა ყმისა სმენად მხეცნი მოვიდიან მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან ისმენდიან გაკვირდიან რა ატირდის ატირდიან იმღერს ხმითა საბრალოთა ღვარისაებრ ცრემლნი სდიან

471. მოვიდიან შესამკობლად ქვეყნით ყოვლნი სულიერნი ველთ ნადირნი წყალში თევზნი ზღვით ნიანგნი ცით მფრინველნი ინდოეთ არაბთ საბერძნეთით მაშრიყით და მაღრიბელნი რუსნი სპარსნი მოფრანგენი და მისრეთით მეგვიპტელნი

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისვლა

472. ყმა მტირალი სამოცდათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა შორით ნახა მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა მოიცადა კითხა ვინ ხართ თქვენ ამისსა გნუკევ თქმასა ეს სამეფო ვისი არის ან მორჩილობს ვისსა ხმასა

473. ნურადინ ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა მოყმე მხნე უხვი ძლიერი ფიცხლად მომხტომი ცხენისა ვნება არავის არ ძალუც მის მზისა ოდნად მშვენისა იგია ჩვენი პატრონი მსგავსი ცით შუქთა ფენისა

474. ყმამან უთხრა ძმანო ჩემნო კარგთა კაცთა გარდგეკიდე მე მეფესა თქვენსა ვეძებ მასწავლეთ თუ სით წავიდე რა ვიარო ოდეს მივალ ან გზასა აქვს რა სიდიდე მენავეთა უწინამძღურეს არ დააგდეს ზღვისა კიდე

475. მოახსენეს ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი მუნ დაგვხვდების მეფე ჩვენი მშვილდ ფიცხელი მახვილ ხრმალი აქადაღმე ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო ფერად ლალი ვაი რად დაგვწვენ უცხოდ უცხომ რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი

476. ყმამან უთხრა მიკვირს ძმანო რად ხართ ჩემთვის გულ მოკლულნი ანუ აგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერ ნაკლულნი თქვენმცა მაშინ გენახენით ლაღნი ვსხედით არ საპყრულნი ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენით ჩვენგან სხდიან მხიარულნი

477. იგი წავიდა დაბრუნდა ყმა გზასა თავის წინასა ვის გიგავს ტანი საროსა და ვისი გული რკინასა მიაცურვებს და მიუბნობს მოთქვამს მისსავე ლხინასა ნარგისი ქუხან ცრემლსა სწვიმს ჩარცხის ბროლსა და მინასა

478. ვინცა გზას ნახნის უცხონი მსახურებდიან ჰყმობდიან მოვიდოდიან საჭვრეტლად მას ზედა სტრფიალობდიან ეძნელებოდის გაშვება გაყრასა ძლივ დასთმობდიან გზის ყულაოზი მისციან ჰკითხის რა უამბობდიან

479. მულღაზანზარს მიეახლა ადრე დალევს გზასა გრძელსა მინდორს ნახა სპა ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსურელსა ყოვლგნით ალყა შემოეკრა მოსდგომოდეს გარე ველსა ისვრიან და იზახიან მხეცთა სჭრიან ვითა მჭელსა

480. კაცი ემთხვია მას კითხა ამბავი მის ლაშქარისა უბრძანა ისი ვისია ხმა ზათქისა და ზარისა მან უთხრა ფრიდონ ხელმწიფე მეფე მულღაზანზარისა იგი ნადირობს შეუკრავს ნაპირი ველ შამბნარისა

481. მათ ლაშქართაკენ წავიდა მით უსახოთა ქცევითა გამხიარულდა მის ყმისა შვენება ვსთქვიმცა მე ვითა მისთა შემყრელთა დააზრობს შემყრელთა დასწვავს მზე ვითა ნახვა მჭვრეტელთა აახლებს ტანი ლერწამობს ხე ვითა

482. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა ყმამან ცხენი შეუტევა გაამაყდა არ შეშინდა შესტყორცნა და ჩამოაგდო დაეცა და სისხლი სდინდა გარდახდა და ფრთენი დაჭრნა წყნარად შეჯდა არ აქშინდა

483. იგი რა ნახეს მესროლნი სროლასა მოეშლებოდეს ალყა დაშალეს მოვიდეს მოეხვეოდეს ბნდებოდეს იქით და აქათ უვლიდეს ზოგნი უკანა ყვებოდეს ვერცა კადრებდეს ვინ ხარო ვერცა რას ეუბნებოდეს