ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

390. ასმათ ლხინსა მიქადებდა: ჩავიარე შიგან ბაღი჻ მითხრა ეგრე წასვლისათვის: ნუ გაჩნია გულსა დაღი჻ სიმძიმილთა ერდო დაჴაშ: სიხარულის კარი აღი჻ სირცხვილი აქუს საუბრისა: მერმე თავსა კრძალავს ლაღი჻

391. მე უთხარ დაო შენგან ვეჭვ: ამა გულისა წამალსა჻ ზენაარ სულთა ნუ გამყრი: ამბვითა მშრეტდი ამ ალსა჻ ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყუეტ: შენ ზედა ზედა მავალსა჻ თუ რას სცნობ ჩემთვის არ ვეჭუ: მე შენგან არ დანამალსა჻

392. შევჯე წამოველ მდიოდა: ნაკადი ცრემლთა მილისა჻ საწოლს შემოვე ჴელ ქმნილსა: ღონე არ მქონდა ძილისა჻ ბროლი და ლალი შევიქენ: მე ულურჯესი ლილისა჻ ღამე მერჩია მეწადა: არ გათენება დილისა჻

393. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს: მათგან მოსულისა დრონია჻ სიტყვანი შემოეთვალნეს: ლაღნი და უკადრონია჻ არცა რამ ჩვენ ვართ ჯაბანნი: არ ციხე უმაგრონია჻ ვინ არის თქუენი ჴელმწიფე: ჩვენ ზედა რა პატრონია჻

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელის წინაშე მოწერილი პასუხად჻

394. მოეწერა რამაზ მეფე: წიგნს გიწერსა ტარიელსა჻ გამიკუირდა რა ეწერა: წიგნსა შენგან მონაწერსა჻ რაგვარა თუ მანდა გეჴმე: ვინ ჰპატრონობ ბევრსა ერსა჻ ამის მეტსა ნუღა ვნახავ კულავღა წიგნსა შენ მიერსა჻

395. უბრძანე წვევა ლაშქართა: გავგზავნე მარზაპანია჻ იგი ვარსკულავთა ურიცხვი: მოკრბეს ჰინდოთა სპანია჻ შორით და ახლოთ ყუელანი: მართ ჩემკენ მონასხრპანია჻ ერთობ ლაშქრითა აივსო: მინდორი კლდე კაპანია჻

396. ფიცხლა მოვიდეს არ ექნა: მათ შინა ხანდაზმულობა჻ აღლუმი ვნახე მეკეთა: ლაშქართა მოკაზმულობა჻ სიჩაუქე და სიკეთე: კეკლუცად დარაზმულობა჻ ტაიჭთა მათთა სიკეთე: აბჯართა ხვარაზმულობა჻

397. ავმართე დროშა მეფისა: ალმითა წითელ შავითა჻ დილასა ვბრძანე გამართვა: ლაშქრითა უთვალავითა჻ თავსა ვჰტიროდი ვიტყოდი: ბედითა მეტად ავითა჻ მზე თუ არ ვნახო არ ვიცი: ვიარო ვითა და ვითა჻

398. შინა მიველ დაღრეჯილსა: გულსა სევდა მიიეფდა჻ თვალთა ვითა საგუბარი: ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა჻ ბედი ჩემი უბედური: ვთქუი ჯერთაცა ვერ გამეფდა჻ ჴელმან ვარდი რად იხელთა: რადგან ასრე ვერ მოჰკრეფდა჻

399. მონა შემოდგა მივეცი: საქმესა გაკვირვებულსა჻ ასმათის წიგნი მამართვა: მე მეტად შეჭირვებულსა჻ ეწერა გიჴმობს შენი მზე: შენ მისთვის მოსურვებუსა჻ მოდი სჯობს მანდა ტირილსა: საქმესა ბედით ვებულსა჻

400. ვითა მართებდა ეგზომი: რამცა ვით გავიხარეო჻ შეღამდა წაველ ბაღისა: მე კარი შევიარეო჻ სად ასმათ პირველ მენახა: მუნვე ჩნდა მდგომიარეო჻ სიცილით მითხრა წამოვლე: მოგელის ლომსა მთვარეო჻

401. შემავლო სახლი ნაგები: კეკლუცად ბანის ბანითა჻ გამოჩნდა მთვარე ნათლითა: გარე შუქ მონავანითა჻ ფარდაგსა შიგან მჯდომარე: შესამოსლითა მწვანითა჻ საკვირველი და ღარიბი: უცხო პირად და ტანითა჻

402. შევე წავდეგ ნოხთა პირსა: გულსა მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად჻ გულსა ბნელი განმინათლდა: ზედა ლხინი ადგა სვეტად჻ მას ბალიში შემოეგდო: მზისა შუქსა სჯობდა მეტად჻ ჩემგან პირსა იფარვიდა: აიხედის წამსა ჭვრეტად჻

403. უბრძანა თუ მოახსენე: ასმათ დაჯდეს ამილბარსა჻ მან ბალიში დამართებით: დადვა მას მზედ საქებარი჻ დავჯე მივსცენ გულსა ლხინი: საწუთროსა დამგმობარსა჻ მიკჳრს სულნი რადღა მიდგან: ვიტყვი მისგან ნაუბარსა჻

404. მიბრძანა ძუღან გეწყინა: გაშვება უუბარისა჻ მზემან გაყრითა დაგაჭკნე: ვითა ყვავილი ბარისა჻ დაგსჯიდა დენა ცრემლისა: ნარგისთათ ნაგუბარისა჻ მაგრამ ჴამს ჩემგან სირცხვილი: და რიდი ამილბარისა჻

405. თუცა მართებს დედაკაცსა: მამაცისა დიდი კრძალვა჻ მაგრამ მეტი უარეა: არა თქმა და ჭირთა მალვა჻ მე თუ ზე პირ მიცინია: ქვე ქვე მითქვამს იდუმალ ვა჻ ძუღან ქალი გამოვგზავნე: ვქენ მართლისა შემოთვალვა჻

406. ერთმანერთისა მას აქათ: რაცა ორთავე ვიცითა჻ აწცა მიცოდი საშენოდ: მითვე პირითა მტკიცითა჻ ამას შევსჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა჻ გეცრუო ღ~თნ მიწა მქნას ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა჻

407. წა შეები ხატაელთა ილაშქრე და ინაპირე჻ ღ~თნ ქნას და გაგიმარჯოს მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე჻ მაგრა რა ვჰქნა კულაცა ნახვა: მამხვდებოდეს შენი ვირე჻ გული მამეც გაუყრელად: ჩემი შენთვის დაიჭირე჻

408. აწ რასაცა მე მაღირსებ: ჴორციელი არვინ ღირსა჻ მოწყალება იჩქითია: ღ~თისა ამად არა მკვირსა჻ შენთა შუქთა შემომადგამ: ბნელსა გულსა ზედა ჭვირსა჻ შენი ვიყო სადამდისცა: დამიყოფდეს მიწა პირსა჻