ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

429. არვის გავენდევ სულდგმულსა: დავმალე ვითა ჭორია჻ რაცა იქნების იქნების: ყოვლი თათბირი სწორია჻ მაგრა სპათაკენ გავგზავნე: კაცი თუცა გზა შორია჻ შევსთვალე ფიცხლად წამოდით: მოგრაგნეთ მთა და გორია჻

430. მე დილასა მოციქულთა: სიტყუა ტკბილი შევუთვალე჻ რამაზს ჰკადრეთ მოგეგებვი: მოდი მოვალ მეცა მალე჻ ნახევარ დღე სხვა ვიარე: ჭირსა თავი არ ვაკრძალე჻ განგებაა დღესცა მამკლავს: ქუემცა სადა დავიმალე჻

431. ქედსა რასმე გარდავადეგ: მინდორს მტვერი დავინახე჻ ვთქჳ თუ მოვა რამაზ მეფე: ჩემთვის უდგამს თუცა მახე჻ ჩემი გაჰკვეთს ჴორცსა მათსა: ჴრმალი ბასრი შუბი ახე჻ მაშინ უთხარ სპათა ჩემთა: სახე დიდი დაუსახე჻

432. ვთქჳ თუ ძმანო ისი კაცნი: ჩვენ ღალატსა გვიდგებიან჻ მკლავთა თქუენთა სიმაგრენი: ამისთვისმცა რად დალბიან჻ ვინცა მოკუდეს მეფეთათვის: სულნი მათნი ზეცას რბიან჻ აწ შევებნეთ ხატაელთა: ჴრმალნი ცუდად რას გვაბიან჻

433. უბრძანე ჩაცმა აბჯრისა: ლაღმან სიტყვითა ჴაფითა჻ დავეკაზმენით საომრად: ჯაჭვ ჯავშანითა ქაფითა჻ რაზმი დავაწყევ მივმართე: წაველ დიდითა სწრაფითა჻ მას დღესა ჩემი მებრძოლი: ჩემანვე ჴრმალმან დაფითა჻

434. მივეახლენით შეგვატყვეს: მათ ტანსა აბჯარცმულობა჻ კაცი მოვიდა მამართვა: მეფისა მოციქულობა჻ ეთქვა თუ ჟამად გვაჩნია: ჩვენ თქუენი არ ორგულობა჻ აბჯრითა გხედავთ შეგქვნია: აწ ამად გულ ნაკლულობა჻

435. შევსთვალე თუ მეცა ვიცი: რაცა ჩემთვის გაგიგია჻ თქუენ რასაცა სთათბირობდით: არ იქმნების არ იგია჻ ბრძანეთბ მოდით შემებენით ვითა წესი და რიგია჻ მეცა თქუენთვის დასაჴოცლად: ჴელი ჴრმალსა დამიგია჻

436. რა მივიდა მოციქული: კვლავმცა რადღა გამოგზავნეს჻ კვამლი შექნეს ლაშქართათვის: დამალული გაამჟღავნეს჻ გამოვიდნეს მოედანსა თავნი ორგნით აქარავნეს჻ შეჰქმნეს რაზმი მრავალკეცი: თუცა ღ~თო ვერა მავნეს჻

437. შუბნი ვსთხოვენ ჴელი ჩავჰყავ: მუზარადის დასარქმელად჻ საომარად ატეხილი: ვიყავ მათად გამტეხელად჻ ერთსა წავსწვდი უტევანსა: წავგრძელდი და წაველ გრძელად჻ მათ ურიცხვთა რაზმი ეწყო: წყნარად დგეს და აუშლელად჻

438. ახლოს მიველ შემომხედნეს: შმაგიაო ესე თქვესა჻ მუნ მივმართე მკლავ მაგარმან: სად უფროსი ჯარი დგესა჻ კაცს შუბი ვჰკარ ცხენი დავეც: მართ ორნივე მიჰჴდეს მზესა჻ შუბი გატყდა ჴელი ჩავჰყავ: ვაქებ ჴრმალო ვინცა გლესა჻

439. შიგან ასრე გავერივე: გნოლის ჯოგსა ვითა ქორი჻ კაცი კაცსა შემოვჰტყორცე: ცხენ კაცისა დავდგი გორი჻ კაცი ჩემგან განატყორცი: ბრუნავს ვითა ტანაჯორი჻ ერთობ სრულად ამოვწყჳტე: წინა კერძი რაზმი ორი჻

440. ერთობილნი მამეხვივნეს: მგრგვლივ შეიქნა ომი დიდი჻ ვჰკრი რასაცა ვერ დამიდგის: სისხლსა მჩქეფრსა აღმოვღვრიდი჻ ცხენსა კაცი გაკუეთილი: მანდიკურად გარდავჰკიდი჻ სითაც ვიყვი გამექციან: მათ შექნიან ჩემი რიდი჻

441. საღამო ჟამ დაიზახა: ქედით მათმან დარაჯამან჻ ნუღარა სდგათ წაედითო: კვლავ მოგვხედნა რისხვით ცამან჻ მოვა მტვერი საშინელი: შეგვაშინა ამად ამან჻ ნუთუ სრულად ამოგვწყვიტნეს: უთვალავმან ბევრმან სპამან჻

442. ჩემნი ლაშქარნი რომელნი: წამომეტანნეს მე არა჻ რა ეცნა წამოსულიყუნეს: ღამე წამორთვით ეარა჻ ვერ დაიტევდა მინდორი: და არე მთათა იარა჻ გამოჩნდეს სცემდეს ტაბლაკსა: ბუკმან ჴმა გაიზიარა჻

443. იგი ნახეს გასაქცევლად: გაემართნეს შევჰკივლენით჻ ველნი ჩვენგან ნაომარნი: ომითავე გარდავლენით჻ რამაზ მეფე ჩამოვაგდე ერთმან ერთსა გავეჴლმენით჻ მისნი სპანი ყუელანივე: დავიპყრენით არ მოვჰკლენით჻

444. უკანანიცა ლაშქარნი: მოესწრნეს მათ გაქცეულთა჻ დაუწყეს პყრობა ჩამოყრა: შეშინებულთა ძლეულთა჻ ძილისა მიხვდა ნაცვლი: ძილ მკრთალთა ღამე თეულთა჻ ტყუეთა მრთელთაცა არ აკლდა: კვნესა მართ ვითა სნეულთა჻

445. მას ადგილსა ნაომარსა გარდაჰვჴედით მოსვენებად჻ ჴელსა ჴრმლითა დავეკოდე: წყლულად მაჩნდა არ ნაღებად჻ ჩემნი სპანი მოვიდიან: საჭვრეტლად და ჩემად ქებად჻ ვერ იტყვიან ვერ მიმხვდარან: ქებასაცა მოხსენებად჻

446. ერთსა კაცსა ეყოფოდეს: დიდებანი რომე მჭირდეს჻ ზოგთა შორით დამლოციან: ზოგნი კოცნად გამიპირდეს჻ რომელთაცა გავეზარდე: დიდებულნი ამიტირდეს჻ ჩემგან ჴრმლითა განაკვეთნი: ნახეს მეტად გაუკვირდეს჻

447. გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი: ალაფი ავაღებინე჻ ერთობ სავსენი მოვიდეს: თავი ვაალაღებინე჻ სისხლთა მძებნელთა ჩემთასა: მინდორი შევაღებინე჻ არ ვბრძოლე კარი ქალაქთა: უომრად გავაღებინე჻

448. რამაზს ვარქვი შემიგნია: საქმე შენი სამუხთალე჻ აწ ეგრეცა შეპყრობილმან: თავი გამოიმართალე჻ სიმაგრეთა ნუ ამაგრებ: ყველა ჴელთა მამათვალე჻ თვარე შენი შეცოდება: მემცა ზედა რად წავსთვალე჻